ავტორი:

"ზოია საკუთარმა სილამაზემ დაღუპა! ...ჩაქოლვას გადაურჩა, მაგრამ ფსიქიკა შეერყა" - სევდიანი ისტორია ქალზე, რომელსაც თბილისის ქუჩებიდან ბევრი იცნობს: "შაშიანელი მარიტას" ამბავი

"ზოია საკუთარმა სილამაზემ დაღუპა! ...ჩაქოლვას გადაურჩა, მაგრამ ფსიქიკა შეერყა" - სევდიანი ისტორია ქალზე, რომელსაც თბილისის ქუჩებიდან ბევრი იცნობს: "შაშიანელი მარიტას" ამბავი

იქნებ თქვენც შეგხვედრიათ რუსთაველის ან აღმაშენებლის გამზირებზე დახვეწილი, სიფრიფანა ქალბატონი, რომელსაც თბილისელები ხან "ფეშენისტკას", ხანაც სარა ჯესიკა პარკერს უწოდებენ. ის ზოგჯერ მოწყალებასაც ითხოვს, უფრო ხშირად კი რომელიმე ძველი შენობის შვერილზე ჩამომჯდარი გაზეთს კითხულობს. თუ შეგხვედრიათ, გულგრილად გვერდს ვერ აუვლიდით, რადგან მისი გარეგნობა უდავოდ იქცევს ყურადღებას, მისი მზერა კი გაიძულებთ, დაფიქრდეთ, ვინ არის, ან საიდან მოვიდა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფები მისთვის ფოტოების გადაღებით ცდილობენ, რაზეც არასოდეს ამბობს უარს.

პირიქით, თითქოს კამერების წინაშე მაშინაც კი პოზიორობს, როცა ნაგვის ურნაში რამეს ეძებს. მისი ფოტოები თითქოს საშუალებას გაძლევს, მისი ბედისწერის ძაფს ჩაავლო ხელი. მეც ასე გავყევი თბილისის "ფეშენისტკას" ბედის გორგალს და მან გურჯაანში, სოფელ შაშიანში მიმიყვანა. იქ დამხვდა სევდიანი ისტორია, რომლის თავფურცელზე სულ ოთხი სიტყვაა: "იგი საკუთარმა სილამაზემ დაღუპა!" ამ სევდიან ისტორიას შაშიანელები თავადაც უსაზღვრო სევდით ჰყვებიან. მეუბნებიან, ეს ამბავი ლამაზი სევდიანი მოთხრობასავით დაწერე, ესეც ხომ პოლიტიკა არ არისო. ჰოდა, მეც ვიწყებ...

ჩემს წინ შაშიანელი ნარგიზა ზის, რომელსაც თბილისის "ფეშენისტკა" ბავშვობიდან ახსოვს, მეორე მარიტას უწოდებს და მის სევდიან ამბავს მიამბობს:

- ეგ ქალი, რომელიც თბილისის ქუჩებს ალამაზებს, ჩვენი, შაშიანელი ზოია წიკლაური გახლავთ, რომელიც ახალგაზრდობაში ჩვენს შაშიანს ალამაზებდა. მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ თითქოს ახლაც ვხედავ, სოფლის გზაზე ზოიას გამოჩენისას ხალხი ფანჯრებს რომ აღებდა და აშტერდებოდა, უი, ქა, რა ლამაზიაო! სწორედ მარიტასავით ლამაზი იყო და მასთან დაკავშირებული მომენტები მეც თითქოს მარიტას ჩაქოლვის კინოკადრებივით მიდგას თვალწინ, ოღონდ ეგ არის, ჩვენი ზოია ჩაქოლვას კი გადაურჩა, მაგრამ ფსიქიკა შეერყა. ასე გაექცა ამ დაუნდობელ სამყაროს. გული მტკივა იმის წარმოდგენაზე, როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანის გადაწყვეტილებამ მთელი ცხოვრება თავზე დაგამხოს. სწორედ ასე დაიღუპა ჩვენი ზოია-მარიტა, რაც, ალბათ, მისი სილამაზის "ბრალიც" იყო. ასეთი ლამაზი რომ არ ყოფილიყო, ამდენ ავ თვალსაც არ მიიკარებდა.

ფოტო: გიო მაჭავარიანი

ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა! თავად კი მხოლოდ ერთი უყვარდა და ცოლადაც მას გაჰყვა - სოფელ მუკუზანში გათხოვდა თავისავით ლამაზ ბიჭზე, თამაზ ანჩაბაძეზე. ხედავთ? ზოიას ქმრის გვარ-სახელიც კი მახსოვს. ალბათ, იმიტომ, რომ მართლაც ულამაზესი წყვილი იყო და რომ არა ის დაწყევლილი შემთხვევა, რაც იმ ღამეს მოხდა, ალბათ, ბედნიერები იქნებოდნენ დღესაც. მათი ბედნიერება ბედისწერას არ სურდა - გამოჩნდა კაცი, რომელიც ზოიას ხელში ჩაგდების სურვილს ვერ მოერია და ამ ორს ცხოვრება დაუნგრია.

ზოია ვეტერინარი იყო, ის კაცი კი მის გვერდით მუშაობდა და ქალი ისე უყვარდა, მის ხელში ჩასაგდებად ყველა საშუალებას იყენებდა. ბოლოს ზოიას ქმარსაც კი დაუახლოვდა, მისი წასვლა-მოსვლისაც ყველაფერი იცოდა, ზოიას კი, ალბათ, ამ ამბის ქმრისთვის გამხელა უჭირდა, ვერ ბედავდა... ამასობაში, ერთ ღამეს, როდესაც ზოიას ქმარი შინ არ იყო და, წესით, არც უნდა დაბრუნებულიყო, ეს კაცი დათვრა და შუაღამისას მძინარე ქალს მიადგა, მაგრამ რადგან სახლის კარი დაკეტილი დაუხვდა, ფანჯარაში დააპირა გადაძრომა. სწორედ იმ დროს და, ალბათ, ბედისწერის გამოც, ზოიას ქმარი შინ დაბრუნდა და კაცს თავზე დაადგა...

ფოტო: Nina Yorke

ეს ამბავი მთელმა სოფელმა იცის. ისიც ბევრს ახსოვს, მაშინ იმ სახლში რა დატრიალდა. ზოიას ქმარს "სტუმარი" კინაღამ ცემისას შემოაკვდა, თუმცა ცოლისათვის თითი არ დაუკარებია, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა - ახლავე ადექი, ჩაიცვი და შენს მშობლებთან წადი, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულიაო. და იმ ღამესვე მუკუზნიდან შაშიანში ქალიშვილი და შვილიშვილი თავადვე გადმოუყვანა ზოიას დედ-მამას, რომლებიც ელდით მალევე დაიხოცნენ. ბავშვი სულ ორი წლის იყო, როდესაც ეს ამბავი მოხდა.

- შერიგება არ უცდიათ?

- აღარასოდეს. როგორც ვიცი, მამა ბავშვის სანახავად ხშირად დადიოდა, მაგრამ ზოიას ნახვას ყოველთვის ერიდებოდა. აღარც ზოიას უნდოდა მასთან შეხვედრა, სულ ოთახში იყო ჩაკეტილი. შეიძლება, დარდმა ისე შეცვალა, იმ სახით არც კი სურდა, ყოფილ ქმარს დანახვებოდა, ანდა, იქნებ საყვარელი ადამიანის უნდობლობამ სამუდამოდ გაუბზარა გული... მახსოვს, როგორ გავიგონე ერთხელ მეზობლების ჩურჩული, ზოია შეიშალაო, რაც ჩვენთვის, ბავშვებისთვის, საშინელი ამბავი იყო...წაიკითხეთ სრულად