ავტორი:

"სანამ დააკავებდნენ, მოსახლეობა გაუსწორდა" - 68 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახებს სოფელი დაატოვებინეს

"სანამ დააკავებდნენ, მოსახლეობა გაუსწორდა" - 68 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახებს სოფელი დაატოვებინეს

გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის ტყეში 68 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული პირების ოჯახებმა სოფელი დატოვეს.

ადგილობრივების თქმით, ასეთი ფაქტი მათ სოფელში არასდროს მომხდარა და მსგავსი პირები მოსახლეობაში არ უნდა იყვნენ.

მათივე ცნობით, ერთ-ერთ ბრალდებულს, სანამ პოლიცია დააკავებდა, სოფლის მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.

"ადგილობრივებმა, როგორც კი გაიგო ამ ფაქტის შესახებ, ერთ-ერთი პირი სახლიდან გამოიყვანეს, წაიყვანეს და სცემეს. მეორე უკვე დაკავებული იყო. არ ვაპატიებთ ასეთ რამეს. დიდი ხანია ამ მხარეში ასეთი რამ არ მომხდარა, ყველა გაოგნებულები ვართ“, - ამბობენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, ლაგოდეხის რაიონში ორი ახალგაზრდა (მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია) 68 წლის მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა. ისინი აიძულებდნენ მამაკაცს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, კონკრეტული მოქმედებები განეხორციელებინა, ეს ყველაფერი კი ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

დაზარალებულის ოჯახი ვარაუდობს, რომ მოძალადეები მოხუცს ფულის გამოძალვის მიზნით გაუსწორდნენ. როგორც ისინი ყვებიან, მომხდარის შემდეგ მამაკაცი სახლში საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ დეტალების მოყოლა ვერ მოახერხა. როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, 68 წლის კაცს სახე მთლიანად დასისხლიანებული ჰქონდა. ამჟამად დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი.

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.