ავტორი:

"არ დავუშვებთ აქ მათ, ვინც ერეკლე პაპას შეურაცხყოფს" - ხმაური თელავში: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინფორმაციით, ადგილზე "ოცნების" პარტაქტივი დაახვედრეს

"არ დავუშვებთ აქ მათ, ვინც ერეკლე პაპას შეურაცხყოფს" - ხმაური თელავში: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინფორმაციით, ადგილზე "ოცნების" პარტაქტივი დაახვედრეს

საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქვეყნის ევროინტეგრაციის აუცილებლობის შესახებ საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინფორმაციით, რეგიონებში ჩასულებს, „ქართული ოცნების“ პარტაქტივი დაახვედრეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, ხონსა და თელავში ჩავიდნენ, სადაც მოქალაქეებთან უნდა ესაუბრათ 3 ივლისს, დედაქალაქში დაგეგმილ აქციაზე, რომელიც საქართველოს და დასავლური კურსისკენ სვლას ეხება, ასევე, უნდა ესაუბრათ ევროკომისიის მიერ გაცემულ იმ 12 პუნქტზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, მუნიციპალიტეტებში ჩასულებს, სადაც ევროინტეგრაციაზე საინფორმაციო შეხვედრა უნდა ეწარმოებინათ, დახვდნენ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტები, იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება.

კონკრეტულად თელავში შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო თელავის ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე, ადგილზე მისულ სამოქალაქო საზოგადოებას დახვდნენ პირები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისგან ითხოვდნენ დაეგმოთ ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეფის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო.

"არ დავუშვებ, რომ ერეკლე მეფის ქალაქში, მათ, ვისაც ბერძენიშვილი უდგათ გვერდში, ვინმემ რამე აქტივობა ჩაატაროს. ვეწინააღმდეგები ბუკას საქციელებს, ხალხს ატყუებს და გვერდში ჰყავს ადამიანები, რომლებიც ჩემს პაპას შეურაცხყოფენ. სიცრუეს პროპაგანდირებენ" - მიმართა თელავის საკრებულოს წევრმა ლევან კოჭლაშვილმა ალექსი (ბუკა)პეტრიაშვილს და მოუწოდა, დაგმოს ლევან ბერძენიშვილის განცხადებები, რაზეც პეტრიაშვილმა უპასუხა: "დავგმო რა, მამაო ხარ ჩემი?".

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები გააჟღერეს. სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით მორიგი აქცია თბილისში 3 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

ნახეთ ვიდეო: