ავტორი:

სკოლებს შორის „მაკულიტერატურის“ შეჯიბრი დასრულდა - გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

სკოლებს შორის „მაკულიტერატურის“ შეჯიბრი დასრულდა - გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

„პალიტრა L-ის“ პროექტ „მაკულიტერატურის“ ფარგლებში მიმდინარე მასშტაბური შეჯიბრი სკოლებს შორის დასრულდა. შეჯიბრის ფარგლებში სკოლები უსარგებლო მაკულატურას აგროვებდნენ და სანაცვლოდ იღებდნენ „ნერგ ქულებს“, რომელთა გადაცვლაც წიგნებშია შესაძლებელი. მონაწილეობა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს შეეძლოთ. მიმდინარე წელს „მაკულიტერატურას“ 10 წლის იუბილე აქვს და სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად დაიგეგმა სკოლებს შორის შეჯიბრი.

როგორც პროექტის წარმომადგენლები განმარტავენ, პროექტი მიზნად ისახავდა, სკოლებისთვის მიეცა შესაძლებლობა, უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ წიგნებში გაეცვალათ და ბიბლიოთეკა გაეახლებინათ.

„მაკულიტერატურა ის პროექტია, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. 2022 წელს პროექტი 10 წლის გახდა და გვინდოდა ეს თარიღი განსაკუთრებულად აღგვენიშნა. გადავწყვიტეთ, სკოლებიც ჩაგვერთო და კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ. საბოლოოდ, საკმაოდ დიდი რაოდენობით მაკულატურა მოგროვდა. გამარჯვებულები გამოვავლინეთ. მათ „ნერგ ქულებთან“ ერთად გადაეცემათ ხეების ნერგები, რომელთაც შემოდგომაზე დარგავენ,“ - აცხადებენ გამომცემლობაში.

გამარჯვებულ 5 სკოლას შორის არიან: იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლა, თბილისის N65 საჯარო სკოლა და რუსთავის N5 საჯარო სკოლა.

მურად ჯიშკარიანი, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „მაკულიტერატურა“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან მაკულატურის ჩაბარებით ხეებს ვინარჩუნებთ. მეორე მხრივ, ნარჩენებისგან ახალი პროდუქტის შექმნა ქვეყნის ეკონომიკისთვისაც ძალიან მომგებიანია. ვთვლი, რომ ეს არა მხოლოდ „მაკულიტერატურისთვის“ არამედ ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიისა და ეკონომიკისთვის სასარგებლო პროექტია. რაც მთავარია, ბავშვებს პატარაობიდანვე ვასწავლით საკუთარი შრომით ჯილდოს მოპოვებას. მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა სკოლამ მიიღოს მსგავს პროექტში მონაწილეობა და სათანადო ყურადღება დაუთმოს მაკულატურის შეგროვებას. ცალსახად ძალიან სასარგებლო პროექტია.“

ანნა ურუშაძე, ქალაქ თბილისის 133 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ზოგადად, მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რამაც სამომავლოდ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას, თუ დროული რეაგირება არ მოხდება. ყველა მოქალაქის და ადამიანის ვალდებულებაა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ გამოწვევების დაძლევაში. მე კი, როგორც პედაგოგს, ორმაგი მისია მაქვს. ამ საკითხებთან მიმართებაში მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას უნდა შევუწყო ხელი. უნდა ვასწავლო, რომ გარემოზე ზრუნვა, გამოწვევების დაძლევა მათი მოვალეობაა. ჩვენს სკოლაში მაკულატურის მოგროვების შიდასასკოლო აქტივობები ხშირად ტარდება. ამჯერად შესაძლებლობა მოგვეცა, უფრო ფართომასშტაბიან პროექტში მიგვეღო მონაწილეობა და მთელი სკოლა ჩართულიყო ამ პროცესში. ეს პროექტი ჩვენი შანსი აღმოჩნდა, რომ სურვილები და ინიციატივები განგვეხორციელებინა. პედაგოგებისა და მოსწავლეების დიდი ჩართულობით მოვაგროვეთ მაკულატურა. მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს რესურსების ეფექტურად გამოყენებას და გარემოს იცავს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამყაროს მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული. მიხარია, რომ ამ პროექტში ჩვენი სკოლის სახელით წვლილი შევიტანეთ.“

ნინო მჭედლიშვილი, ქალაქ თბილისის 65 საჯარო სკოლის დირექტორი: „მაკულატურას წლებია ვაგროვებთ. ასევე მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს პროექტ „მაკულიტერატურასთან“ თავიდან სპეციალურ ყუთებში დავიწყეთ მაკულატურის მოგროვება, შემდეგ კი ბავშვები იმდენად აქტიურად ჩაერთნენ, რომ საწყობში შეგროვება გადავწყვიტეთ. დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა საწყის საფეხურზევე დაიწყეს ბავშვებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება მაკულატურაზე, ქაღალდის წარმოებაზე, ეკოლოგიაზე ზრუნვის საშუალებებზე. შედეგად, მაკულატურის მოგროვება ჩვენი სკოლისთვის ძალიან პრიორიტეტული გახდა. ამ აქტივობას დაძალების ფორმა არ აქვს. პირიქით, ბავშვებს ძალიან უხარიათ გამოუსადეგარი ქაღალდის მოგროვება. მაკულატურის სანაცვლოდ ნერგებისა და წიგნების მიღების მომენტში საოცარ ემოციებს განიცდიან.“

ნინო ღვინიანიძე, რუსთავის N5 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე: „მაკულიტერატურა“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ერთად ვზრუნავთ ეკოლოგიაზე. ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული მსგავს პროექტებში, ეკოკლუბებიც გვაქვს. ბავშვებთან მუდმივად ვატარებთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს. ვცდილობთ მათ პატარა ასაკშივე კარგად გააცნობიერონ, რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ფურცელს. იციან, როგორ ხდება ქაღალდის გადამუშავება და ახლის შექმნა. სწორედ ამიტომ ისინი აქტიურად არიან ჩართული მაკულატურის მოგროვების პროცესში. სანაცვლოდ მიღებულ ნერგებს დიდი სიამაყითა და სიხარულით რგავენ.“

პროექტი „მაკულიტერატურის“ ფარგლებში სამომავლოდაც უამრავი საინტერესო აქტივობა იგეგმება, რომელში ჩართვაც სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შეეძლებათ.

#10წლისიუბილე

#მაკულიტერატურა