ავტორი:

გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და გამომცემლობა "პალიტრა L“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და გამომცემლობა "პალიტრა L“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

30 ივნისს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და გამომცემლობა „პალიტრა L“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და „პალიტრა L“-ის დირექტორმა, თინათინ ასათიანმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მოზარდებთან, ახალგაზრდებთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში კერძო სექტორის წვლილის გაზრდას. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან მოზარდების, ახალგაზრდების, მათი ოჯახებისა და ფართო საზოგადოებისთვის შექმნან ისეთი სოციალური ზემოქმედების მქონე პროდუქტები, რომელიც ხელს შეუწყობს გენდერული და სოციალური ნორმების პოზიტიურ ცვლილებას და გააძლიერებს გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესს.

კერძოდ, პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის მომზადდება და გამოიცემა კომიქსი და სამაგიდო თამაში გენდერული თანასწორობის და მოზარდი გოგოების გაძლიერების თემაზე.

„გაეროს მოსახლეობის ფონდი კერძო სექტორთან რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკისა და პრაქტიკის ადვოკატირება და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში კერძო სექტორის როლის გაზრდა. „პალიტრა L“, როგორც გამომცემლობა, რომელსაც მწერლებთან, მთარგმნელებთან, ილუსტრატორებთან ერთად, აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მიწვდეს ფართო აუდიტორიას და იყოს სოციალური ცვლილებების მომტანი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია,“ განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

„მთელი ჩვენი საგამომცემლო რესურსების გამოყენებით, მზად ვართ ამ პარტნიორობისთვის, რათა მოვახდინოთ კომიქსის და სამაგიდო თამაშის სტანდარტების შესაბამისად მომზადება და გარანტირებული მაქსიმალური ხელმისაწვდომობა მთელი საქართველოს მასშტაბით.“ - აღნიშნავს „პალიტრა L“-ის დირექტორი, თინათინ ასათიანი.

გამომცემლობა „პალიტრა L” 2017 წლიდან უჭერს მხარს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივებს. სწორედ გაეროს მოსახლეობის ფონდის, „პალიტრა L”-ის და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ თანამშრომლობით მომზადდა და გამოიცა საბავშვო წიგნები „იავნანა ლილისთვის“ (ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ილუსტრატორი: სოფო კირთაძე) და „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ (ავტორი: დათო გორგილაძე, ილუსტრატორი: თათია ნადარეიშვილი). მემორანდუმის ხელმოწერით, მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.

ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNFPA