ავტორი:

"აქ ხშირად სრულ სიბნელესა და სიცივეში ვართ" - ქალაქიდან გადასახლებული წყვილი შატილის სადარაჯოზე: რას ჰყვება მარგარეტ დაიაური ნგრევის პირას მყოფ კოშკებსა და შემცირებულ ტურისტებზე?

"აქ ხშირად სრულ სიბნელესა და სიცივეში ვართ" - ქალაქიდან გადასახლებული წყვილი შატილის სადარაჯოზე: რას ჰყვება მარგარეტ დაიაური  ნგრევის პირას მყოფ კოშკებსა და შემცირებულ ტურისტებზე?

ულამაზესი, ახალგაზრდა წყვილი გიორგი ჭინჭარაული და მარგარეტ დაიაური წლების წინ მშობლიურ მხარეს დაუბრუნდნენ. გიორგი საცხოვრებლად შატილში ექვსი წლის წინ გადავიდა, მარგარეტი - ოთხი წლის წინ... წყვილმა შარშან შატილში იქორწინა, გახსნეს კაფე, მარგარეტი შატილის სკოლაში პედაგოგად მოღვაწეობდა და თავდაუზოგავი შრომით ცდილობდნენ შატილი მსოფლიოსთვის გაეცნოთ... ორივე ხმამაღლა საუბრობენ სოფელში შექმნილ უმძიმეს პრობლემებზე, რამდენიმე დღის წინ კი გიორგი ჭინჭარაულმა საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა შატილის კოშკების ნგრევის შესახებ...

მარგარეტ დაიაურს სასაუბროდ შატილში დავუკავშირდით...

- როგორც ვიცით, დღევანდელი მთავრობა სულ ამაყობს, რომ შატილს მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.. რა სიტუაციაა რეალურად მანდ?

- ძალიან დიდი უყურადღებობაა, განსაკუთრებით, ბოლო არჩევნების შემდეგ. საარჩევნოდ გამოდიან მთავრობის წარმომადგენლები და უამრავ რამეს გვპირდებიან, როგორც სჩვევიათ, მაგრამ შემდეგ, აქეთ გვიწევს შეხსენება და მუდმივი მოთხოვნები, რომ შატილში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. სოფელში უამრავი სერიოზული პრობლემაა, დაწყებული ჰესიდან, დენი დღეში რამდენჯერმე ითიშება და ხშირად, სრულ სიბნელეში, სიცივეში გვიწევს ცხოვრება.

ვერ ვამზადებთ საჭმელს, ელემენტარული, მობილურების დატენვასაც ვერ ვასწრებთ, თავზე გვენგრევა შატილის სიმბოლო, ისტორიული ციხე-ქალაქი, არ გვაქვს ამბულატორია, არ გვყავს ისეთი ექიმი და ექთანი, რომელიც პირველად დახმარებას მაინც გაუწევს მოსახლეობას. შარშან სკოლის სასადილო დაიწვა და ის ნაგავიც კი დღემდე ეზოში ყრია. მოუწესრიგებელია გზები, მილიონობით ლარი იყო გამოყოფილი ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ რეალურად, მხოლოდ მიფუჩეჩებულად და ერთჯერადად გვარდება ეს საკითხები.

შემდეგ კი, ისევ, ხელახლა ზიანდება ყველაფერი ან აღარ მუშაობს, ტურისტებიც კი აღარ დადიან იმ რაოდენობით, როგორც ადრე, როცა გამგეობა უნდა ზრუნავდეს მის მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციაზე! ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საზოგადოებას გავაცნოთ სოფელი, თუმცა იმდენად დიდი რესურსი არ გვაქვს, მთელ ქვეყანას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და ვაჩვენოთ ადამიანებს, რამხელა სიმდიდრის და კულტურის მატარებელი სოფლებია ჩვენს კუთხეში.

- როდის შეამჩნიეთ შატილის კოშკებზე პრობლემები, ვის მიმართეთ?

- შატილის ციხე-ქალაქში, წლების წინ დაიწყო კოშკების ნგრევა. ძალიან ბევრი მთლიანად ჩამოიშალა და განადგურდა, ბევრს ბზარები გაუჩნდა და დღემდე სარისკოა მათი მდგომარეობა. ინფორმაცია მუდმივად ჰქონდა ძეგლთა დაცვის სამსახურს, თუმცა მხოლოდ ერთ-ორ კოშკს ჩაუტარდა რესტავრაცია, ისიც ძველებური სტილით არა, როგორც წესია, ახლაც, როგორც კი გაიგო ჩემმა მეუღლემ კოშკებს შორის დამაკავშირებელი ბანის ჩამონგრევაზე, დაახლოებით, 10 წუთში ჰქონდა რეაგირება და დაუკავშირდა ძეგლთა დაცვას და საზოგადოებას ამის შესახებ გააგებინა... თუმცა, რეაქცია არ იყო ისეთი, როგორსაც ელოდა და სამსახურის დატოვებაზე მოუწია განცხადების დაწერა. საბედნიეროდ, „მთის ამბების“ დახმარებით, ეს ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო და მეორე დღესვე ამოვიდნენ, გიორგი კი, აღნიშნულ პოზიციაზე დააბრუნეს.

- რას ამბობენ ადგილობრივები კოშკების შესახებ? მათი აზრი ყველაზე კომპეტენტურია და დანგრევის საფრთხეს ხედავენ?

- რა თქმა უნდა, შატილში მცხოვრებთათვის უმნიშვნელოვანესია, როგორც მთელი საქართველოსთვის, ამ დიდებული ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია და მასზე ზრუნვა! შესაბამისად, ძალიან გაბრაზდნენ ბანის ჩამონგრევაზე და ჩვენი ხალხი, ისევე, როგორც მე და გიორგი, არ ვაპირებთ გაჩუმებას და ყველა ერთად, ბოლომდე ვიბრძოლებთ შატილის კულტურული ძეგლის რეაბილიტაციისთვის.

- თქვენ და თქვენი მეუღლე სულ ცდილობთ შატილის პოპულარიზაციას... რამდენად დაგიდგათ გვერდით სახელმწიფო?

- გიორგი მეექვსე წელია შატილში დაბრუნდა, მე მეოთხე... ამ წლების მანძილზე, სახელმწიფოსგან, აბსოლუტურად არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია, ყველაფერს საკუთარი სურვილით და ჩვენი კუთხის სიყვარულით ვაკეთებთ.

- როგორც გავიგეთ, თქვენი მეუღლის შეუპოვრობის შედეგად იყო პასუხი სააგენტოდან კოშკებზე და რა კონკრეტული ღონისძიებები გაატარეს ჯერჯერობით, რას გვპირდებიან?

- მეორე დღესვე ამოვიდნენ, ნახეს ჩამონგრეული ბანი, ფოტოები გადაუღეს და შემდეგ, ძეგლთა დაცვის დირექტორთან ერთად გადმოვიდნენ. გიორგიმ ყველა დაზიანებული და ყველაზე მეტად მისახედი კოშკები ჩაანიშნინა, რასაც, როგორც თქვეს, ამ სეზონზე ჩაუტარებენ რესტავრაციას, დანარჩენ კოშკებს კი, მომავალი წლიდან... თუმცა, ჩვენ არ დავჯერდებით მხოლოდ პირობას და აუცილებლად, ყველა დეტალს გავაკონტროლებთ, როდის და როგორ გაკეთდება, მოვითხოვთ რომ ყველაფერი ოფიციალურად გვაჩვენონ და ისე გაკეთდეს ყველა დეტალი.

- თუ იქნება ადგილობრივი მოსახლეობისგან კონტროლი? დამახინჯებულად არ მოხდეს რეაბილიტაცია, როგორც ერთგან უკვე არასწორი ფორმის ფანჯარა ჩაისვა...

- აუცილებლად! როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეული წვრილმანი გაკონტროლდება, არაფრის მოთმენას არ ვაპირებთ, ისინი ვალდებულები არიან საკუთარი საქმე, მაქსიმალურად, პროფესიონალურად გააკეთონ.

პ.ს. სკოლაში მასწავლებლები აღარ მოდიან, საერთოდ არავინ ცდილობს, რომ ახალგაზრდებს მოტივაცია მისცენ, მთაში პედაგოგობით დააინტერესონ... პირადად მე, შატილში მასწავლებლობისთვის ვიბრძოდი, რესურს ცენტრში გასაუბრებაზე მისულმა ვნახე, როგორ არ აინტერესებდათ დაემატებოდა თუ არა სკოლას ახალგაზრდა მასწავლებელი, მესმოდა როგორ საუბრობდნენ „ნეტა რა ჰგონიათ ეს შატილი და მასწავლებლობა, რას მიდიან იქ, რა ნახა ასეთი”, სამი კვირა ველოდი პასუხს და არ მიშვებდნენ, სხვა ჩემს მაგივრად დანებდებოდა, მაგრამ მე გავაპროტესტე და პირადად, მაშინდელი გუბერნატორისგან მოვითხოვე მასწავლებლად გაშვება. რამდენიმე დღეში დავიწყე კიდეც მუშაობა.

პედაგოგობის პერიოდშიც, არანაირი მხარდაჭერა არ მქონდა, პირიქით, 90 ლარიან ხელფასზე წამოვედი, მასწავლებლის მაძიებლის პროგრამით და შემდეგ 189 ლარი გამიხდა. მუდმივად სტრესში ვიყავი, არ მოსწონდათ ჟურნალისტები რომ გადმოდიოდნენ და სიუჟეტებს იღებდნენ ჩემზე, მუდმივად შიში ჰქონდათ, რომ რამე ისეთი არ გაეგო ხალხს, რაც წესით არ უნდა ხდებოდეს... რესურს ცენტრში რეკავდნენ, რომ მედია სკოლაში არ შეეშვათ. იმდენად დამთრგუნველი იყო ეს ყველაფერი, სკოლიდან წამოვედი.