ავტორი:

"რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი გამოეყვანა მდგომარეობიდან? - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს!... ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას" - რას წერს ვოლსკი აშშ-ს საელჩოსთან მომხდარ დაპირისპირებაზე

"რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი გამოეყვანა მდგომარეობიდან? - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს!... ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას" - რას წერს ვოლსკი აშშ-ს საელჩოსთან მომხდარ დაპირისპირებაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, ანრი ოხანაშვილის წყობილებიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს და ღირსების შეურაცხყოფას შეეძლო.

“რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცხყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს! ამასთანავე ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა - “კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს "ქართული ოცნების“ დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე” - სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება“, - წერს გია ვოლსკი "ფეისბუქში“.

ცნობისთვის, "ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, "ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები.

"ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ "ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან "უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და "მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.