ავტორი:

ბერლინში დაბადებული შვილები, პროფესორი მეუღლე და დეკლარაცია უძრავი ქონების გარეშე - როგორ ცხოვრობს ანრი ოხანაშვილი პოლიტიკის მიღმა: დეპუტატის ოჯახური ფოტოები

ბერლინში დაბადებული შვილები, პროფესორი მეუღლე და დეკლარაცია უძრავი ქონების გარეშე - როგორ ცხოვრობს ანრი ოხანაშვილი პოლიტიკის მიღმა: დეპუტატის ოჯახური ფოტოები

"ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. ამჟამად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

ოხანაშვილმა, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნე გახლავთ, 2010 წელს მაგისტრის ხარისხი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში მიიღო, მოგვიანებით კი 2020 წელს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო. "ოცნების“ დეპუტატი, რომელიც პერიოდულად ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა, სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა. ჯერ 2020 წელს, როცა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში ოჯახით მყოფ ოხანაშვილს უცნობი პირი დაუპირისპირდა. თავდაპირველი ინფორმაციით, ოხანაშვილს მაშინ პიროვნება ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა მოგვიანებით ძალადობის ფაქტი უარყო.

ასევე გასულ წელს, როცა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა, ინცინდენტი მოხდა. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ მას "ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწროდნენ. მოგვიანებით კი ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ მანამდე ვატო წერეთელმა ყურში ბინძური რამ უჩურჩულა. როგორც აღმოჩნდა, ჩხუბში ჩართულები იყვნენ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ლევან მგალობლიშვილი და და ბექა ოდიშარია.

ანრი ოხანაშვილი:

"შევედით კაფეში. შევნიშნეთ ადამიანი, უფრო სწორად, ჩემმა მეუღლემ შენიშნა ადამიანი აგრესიული მზერით ჩემს მიმართ, რაზეც ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ ყურადღება არ მიექცია. ეს ადამიანი დაჟინებული მზერით გვაკვირდებოდა, ჩვენი მაგიდის გარშემო ტრიალებდა, შემდგომ დაიწყო გასვლა გარეთ, რამდენიმე წუთში დაბრუნდა ისევ უკან და კიდევ დაჟინებული მზერით ყურების შემდგომ დაჯდა გვერდით მაგიდასთან და დაიწყო ხმამაღლა ძალიან ბინძური, შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი პირადად ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. იყო, რა თქმა უნდა, მუქარაც, ბავშვებთან დაკავშირებით. ჩემი მთავარი ამოცანა რაც იყო, ბავშვები და მეუღლე გამერიდებინა სიტუაციას. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არ შევსულიყავი ამ ადამიანთან რაიმე ფიზიკურ შემხებლობაში ან დაპირისპირებაში და მაქსიმალურად პირველი ამოცანა იყო, ბავშვები გამერიდებინა სიტუაციას. ეს გავაკეთე. ხალხის ნაწილი გარბოდა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან აგრესიული, იგინებოდა, ილანძღებოდა და ნაწილმა სცადა მისი შეჩერება, ვინაიდან კაფის მუშაობა პარალიზებული გახდა“, - ამბობდა მაშინ ანრი ოხანაშვილი.

დეპუტატი, რომელსაც თმენის ვალდებულებამ უღალატა, დაოჯახებულია. ოხანაშვილს ჰყავს მეუღლე მაკა ხოდელი და სამი ქალიშვილი. ანა და მარიამ ოხანაშვილები ბერლინში 2013 და 2015 წლებში დაიბადნენ. ნუცა ოხანაშვილი 2017 წელს თბილისში დაიბადა, ამ დროს პოლიტიკოსი უკვე "ქართული ოცნების" დეპუტატი გახლდათ.

ანრი ოხანაშვილმა საჯარო მოხელისთვის სავალდებულო ყოველწლიური დეკლარაცია ბოლოს 2022 წელს შეავსო. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს ოხანაშვილის მეუღლემ ჩუქების სახით თბილისში გრიგოლ ფერაძის ჩიხში 800 კვ.მ ნაკვეთი მიიღო. აქედან საცხოვრებელი ფართობი 165.25 კვ.მ-ია, საზაფხულო ფართობი 46.05 კვ.მ, სარდაფის ფართობი 125.65 კვ.მ, დამხმარე ფართობი 146.55 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 26.3 კვ.მ. საერთო ფართობი 509.8 კვ/მ.

დეპუტატი, რომელიც გორში დაიბადა, თავად საცხოვრებელ ფართს არ ფლობს. ოხანაშვილი შვილებთან ერთად მეუღლის სახლში ცხოვრობს.

დეკლარაციის შევსების დროს ოხანაშვილს სახელფასო ანგარიშზე 887,92 ლარი და 3489,12 ევრო ჰქონდა.

მაკა ხოდელს სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე 42 ლარი, 4188,87 ევრო, 2161,41 ევრო ჰქონდა.

2019 წელს მსუბუქი ავტომანქანის გასხვისებიდან მიღებულმა ანრი ოხანაშვილის შემოსავალმა 9500 დოლარი შეადგინა.

დეპუტატმა 2021 წელს პარლამენტში დეპუტატის სარგო 53 449,92 ლარი მიიღო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი ასისტენტის ხელფასმა 4387,21 ლარი შეადგინა.

მაკა ხოდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტპროფესორია. ხელფასის სახით 2021 წელს 7864,88 ლარი მიიღო.

დეპუტატის მეუღლე შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია, სადაც 2021 წელს დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1250.00 ლარს.

პროფესორი ხოდელი ასევე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტია, სადაც მისი ანაზღაურება ერთ კალენდარულ წელში შეადგენდა 1750.5 ლარს.

2020 წელს ანრი ოხანაშვილის გერმანიაში დისერტაციის გამოქვეყნების ფასმა 3962,7, ევრო შეადგინა, რომელიც დეპუტატმა გამომცემლობა: Nomos Verlagsgesellschaft mbH & Co. KG-ს გადაუხადა.

მაკა ხოდელმა კი 2021 წელს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD-იდან კვლევითი სტიპენდიის სახით, შემოსავალი, 4675 ევრო მიიღო.

ანრი ოხანაშვილი სამეცნიერო ჰონორარი - საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი - IRZ შემოსავალმა 6000 ევრო შეადგინა.

ოხანაშვილი-ხოდელის გასავალი შვილების სწავლაზე გასულ წელს 16 592,81 ლარი გახლდათ. 2021 წელს ანრი ოხანაშვილის თვითმფრინავის ბილეთების ხარჯმა 5726,4 ლარი შეადგინა.

ანრი ოხანაშვილის ქონებრივი დეკლარაციით მედია ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაინტერესდა. როდესაც აღმოჩნდა, რომ „ღარიბი“ დეპუტატის მეუღლეს უცნობმა პირმა საჩუქრის სახით 800 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი გადასცა. მაშინ ამ თემაზე ოხანაშვილის მეუღლემ მაკა ხოდელმა სკანდალის აგორებაში მედია დაადანაშაულა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქონება მამამ ამირან ხოდელმა გადასცა, თუმცა დეკლარაციაში დღემდე არ არის მითითებული მჩუქებლის ვინაობა.

მაკა ხოდელი:

- ჩემი სტუდენტობის პერიოდში მამაჩემის ამირან ხოდელის მიერ შეძენილი და აშენებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად საკუთარ სოფელში, ასევე, საოკუპაციო ხაზთან წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას - ფინანსურად საკმაოდ სარისკო, მაგრამ ნამდვილად საამაყო და საქვეყნო საქმეს ცოტა ხნის წინ "ფორმულამ" უწოდა "ოხანაშვილის ოკუპაცია". დღეს უკვე "მთავარმა არხმა" ჩემი მეუღლის- Anri Okhanashvili სადეპუტატო საქმიანობის "კომპრომატად" წარუდგინა მაყურებელს. ყველა არ იცნობს მამაჩემს და მიზანიც ესაა, დააკავშირონ მისი ათეული წლების განმავლობაში წარმატებული საქმიანობა ანრისთან ისე, რომ არ მოიძიონ, არ გაარკვიონ, არ ახსნან!!!

არ ამართლებს ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობა ყველაფრის ფასად!!!ასეთი მიზანმიმართული ნეგატიური კამპანიის შედეგი იყო რამდენიმე წლის წინ ბაკურიანში ჩვენი 3 მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავდასხმის მცდელობა და შემდეგ მისი ავტორის "მსხვერპლის როლში" ტვ პირველის ეთერში მიწვევა...კმარა სიყალბე და აგრესია!!!