ავტორი:

"ყოფილი ელჩი არაკომპეტენტურია - ის სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოვიდა" - რას ამბობენ უმრავლესობაში თეა კატუკიას შესახებ და როგორია საგარეო უწყების პასუხი ბრალდებაზე?

"ყოფილი ელჩი არაკომპეტენტურია - ის სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოვიდა" - რას ამბობენ უმრავლესობაში თეა კატუკიას შესახებ და როგორია საგარეო უწყების პასუხი ბრალდებაზე?

საგარეო საქმეთა მინისტროში ცილისწამებას უწოდებენ თეა კატუკიას ბრალდებას, რომლის თანახმად, ელჩის თანამდებობა მან ზეწოლის გამო დატოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში.

სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.

მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ელჩის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაშიც. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, "კატუკია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან, სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოიყვანა".

"საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარი საფუძველი იმისა, რომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მითუმეტეს ელჩზე, არ გააჩნია. რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ ის არაკომპეტენტურია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე კატუკიას უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ ჰქონდა.

"საფრანგეთის საელჩოში, გუნდში, შიგნით სავარაუდოდ გარკვეული გაუცხოება ჰქონდა და გამოიწვიეს. ის, რომ მნიშვნელოვან პოზიციებზე არაკომპეტენტური კადრები არ უნდა დაინიშნონ, სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ, რომ კომპეტენციები გაიმიჯნოს - ვის რისი უფლება აქვს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც კატუკია აცხადებს, გადადგომის თაობაზე მის გადაწყვეტილებას წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა უძღოდა.

ნახეთ ასევე: