ავტორი:

"ის ჯადოქარია", "როგორ წარმოვთქვა მისი სახელი, ჩიავიჩა?" - ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიმ" გულშემატკივარს ოფიციალურად წარუდგინა: რას წერენ იტალიელი ფანები

"ის ჯადოქარია", "როგორ წარმოვთქვა მისი სახელი, ჩიავიჩა?" - ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიმ" გულშემატკივარს ოფიციალურად წარუდგინა: რას წერენ იტალიელი ფანები

საქართველოს ნაკრების ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია უკვე ოფიციალურად არის იტალიური საფეხბურთო კლუბის, "ნაპოლის" წევრი. კლუბმა გულშემატკივრებს ხვიჩა ოფიციალურად ამ ეტაპზე სოციალურ ქსელებში წარუდგინა.

"ნაპოლიმ" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ხვიჩას ფოტო გამოაქვეყნა და მიესალმა. ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. იტალიელ ქომაგს ქართველი ფეხბურთელისგან დიდი მოლოდინი აქვს.

ბევრი მათგანი კი იმით ინტერესდება, თუ როგორ წარმოთქვან კლუბის ახალწვეულის სახელი.

გთხოვთ, მითხარით, როგორ წარმოვთქვა მისი სახელი.

მე მისი თამაშები ვნახე და დარწმუნებული ვარ, მის პოზიციაზე ყველას დიდ კონკურენციას გაუწევს.

დაიმახსოვრეთ მისი სახელი, ის დიდი ვარსკვლავი გახდება.

იმედია, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვინმემ მასწავლეთ, როგორ ვთქვა ეს სახელი.

ჩიავიჩა დავუძახო?

მიხარია, რომ ასეთი ტალანტი ჩვენი ფეხბურთელია.

თუ მისი თამაშები არ გინახავთ, გეტყვით, რომ ჯადოქარია, - წერენ კომენტარებში იტალიელი ფანები.

აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ ფეხბურთელის, არამედ ქართველი ფანების დიდი ხნის ოცნება იყო ხვიჩა კვარაცხელიას რომელიმე ევროპულ გრანდში ეთამაშა.

საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს აკრიტიკებდა და მას ადანაშაულებდა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი ხანგრძლივად თამაშობდა რუსულ კლუბ "რუბინში."

ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინი" რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ დატოვა, რამდენიმე თვის განმავლობაში ის ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი იყო, ხოლო ახლა იტალიური "ნაპოლის" რიგებში გააგრძელებს ასპარეზობას. ხვიჩას ნეაპოლურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.