ავტორი:

"განზრახ წაგებული თამაშის შემდეგ საქართველოდან წავიდა და მას მერე აღრენილია" - ვინ არის უკრაინის ნაკრების მწვრთნელი, ლატვიელი აინარს ბაგაცკისი?

"განზრახ წაგებული თამაშის შემდეგ საქართველოდან წავიდა და მას მერე აღრენილია" - ვინ არის უკრაინის ნაკრების მწვრთნელი, ლატვიელი აინარს ბაგაცკისი?

გუშინ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფიბას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უკრაინის ნაკრებთან თამაშისას 79:66 დამარცხდა.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართული შეხვედრა სკანდალით დასრულდა. საფინალო სირენის შემდეგ, უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა აინარის ბაგაცკისმა ქართველ კოლეგას, ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

"თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაღაცით უკმაყოფილონი არიან, მაშინ ცოტა გაისეირნონ, წიგნები წაიკითხონ ან სხვა რამე გააკეთონ" - განაცხადა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ worldsport-თან.

როგორც გაირკვა, მწვრთნელის უხამსი საქციელის გამო უკრაინის საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბოდიში უკვე მოუხადა.

"უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს, რაც იკადრა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება მოთამაშეებს, რა თქმა უნდა არაფერი, ეს სპორტის, თამაშის იქით არ მიდის, მოთამაშეებს შორის ურთიერთობაზე არ მოქმედებს, მხოლოდ მწვრთნელის პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე ეს საქციელი" - ამბობს ვიქტორს სანიკიძე.

ვინ არის აინარის ბაგაცკისი?

ოქსფორდის უნივერსიტეტის პოსტსადოქტორო მკვლევარი, პროფესორი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში ბაგაცკისის საქართველოში მუშაობის პერიოდზე წერს.

ბექა კობახიძე:

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი არის ლატვიელი აინარს ბაგაცკისი, ვინც საკალათბურთო კლუბ სოხუმის მწვრთნელი იყო 2011 წელს. რა მოხდა ს.კ. სოხუმში: ლეგიონერებით და უცხოელი მწვრთნელით დაკომოლექტებული გუნდი გავიდა ევროთასებზე, ხოლო კლუბის მფლობელი თვეების მანძილზე არ იხდიდა ხელფასს.

ევროთასების პირველ მატჩზე გუნდი არ აპირებდა გასვლას, სანამ ხელფასს არ გადაუხდიდნენ. მფლობელმა მისცა პირობა რომ გადით თამაშზე და განმეორებით მატჩამდე დაგიფარავთ დავალიანებასო. გავიდნენ, 30 ქულა მოიგეს, მაგრამ მფლობელმა გადააგდო.

წავიდნენ გასვლით თამაშზე და 35 ქულა წააგეს, სავარაუდოდ განზრახ. გავარდნენ. ბაგაცკისი საქართველოდან წავიდა და, როგორც ჩანს, მას შემდეგ აღრენილია.

რა მოხდა დღეს:

ახლა ბაგაცკისი არის უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ერთმანეთს ეთამაშებოდნენ საქართველო-უკრაინა. მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე უკრაინა იგებდა 13 ქულას და დარჩენილი ჰქონდა ბოლო შეტევა. ანუ, ფაქტობრივად, მოგებული ჰქონდათ თამაში. ბაგაცკისმა აიღო ტაიმ-აუტი, რათა ბოლო შეტევა დაეგეგმა და ბურთი ჩაეგდოთ. რატომ გააკეთა ეს?

1. ეს ჯგუფური ეტაპია და ბურთების სხვაობა ტურნირის ბოლოს ვის როგორ გამოადგება, არავინ იცის;

2. რეალურ სცენარსა და რეალურ მოწინააღმდეგესთან, მწვრთნელმა გუნდი ავარჯიშა ბოლო წამებზე ბურთის ჩაგდებაში; როგორც წესებით, ასევე მორალურ-ლოგიკურად, ჰქონდა ამ ტაიმ-აუტის აღების უფლება.

ამაზე ახტა ჩვენი სათადარიგოთა სკამი, როგორ გვაკადრაო, რომ 13 ქულით მოგება არ ყოფნის და მეტი უნდაო. შეიქნა გაწევ-გამოწევა.საპასუხოდ, ბაგაცკისმა ხელი არ ჩამოართვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს და ჩვენს სათადარიგოთა სკამს უხამსი ჟესტი აჩვენა. ამის შემდეგაც და მანამდეც არაერთი ხეპრე განცხადება გააკეთა. მოკლედ, ბაგაცკისი კაი გვარიანი ქაჯია, მაგრამ არც ისეა საქმე, როგორც მუდამ გვასწავლიან, რომ ცამდე მართლები ვართ. ეს იქით იყოს, სახელისუფლებო არხებმა ბაგაცკისის პირადი "გონკები" ხელზე დაიხვიეს, მისი გვარი არც ახსენეს და ატრიალებენ რომ უკრაინის მწვრთნელმა (!) საქართველოს ნაკრებს შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარებს ჩახედეთ: შესეული არიან ქოცების ტროლ-აქტივ-პარტაქტივი და უკრაინას დედას აგინებენ ბოლო ხმაზე, ზელენსკის და "მის უსინდისობას" დაბრალდა ყველაფერი. იღვრება ფაშისტური ზიზღი. აი, ეს არის ამათი სახე. ყველაფერს იკადრებენ, ყველაფერზე წავლენ, ოღონდ ხალხი გამოადებილონ თავიანთი სკამების შესანარჩუნებლად. მადლობა. ღამე მშვიდობის.