ავტორი:

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. სულ ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო.

08:00 საათზე, თბილისის #175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე იმყოფება, რომელიც საგამოცდო პროცესის მსვლელობას აკვირდება.

მისი ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე ორმა აბიტურიენტმა დააგვიანა.

როგორც სოფო გორგოძე განმარტავს, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკის თანახმად კი რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95% გამოცხადდა გამოცდაზე.

"რეგისტრაცია ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო, ზუსტად 9:00 საათზე კი გამოცდა. ყველა საგამოცდო ცენტრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აბიტურიენტებს ჯამში სამი საათი აქვთ, რომ ტესტზე მუშაობა დაასრულონ. ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკით, რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95% გამოცხადდა. რაც შეეხება დაგვიანებას, სამწუხაროდ, დაგვიანების 2 შემთხვევა გვაქვს. მინდა მოვუწოდო შუა დღის სესიის აბიტურიენტებს, რომ არ დაიგვიანონ. დაგვიანების შემთხვევაში საგამოცდო პროცესს ეთიშებით",- აღნიშნავს გორგოძე.

საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა.

"დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ქვეყნის მასშტაბით ყველა საგამოცდო ცენტრი მაღალ დონეზეა ორგანიზებული. წელს სიახლე გახლავთ ის, რომ ჩვენ გავზარდეთ მესამე არჩევითი საგნების სია და, შესაბამისად, აბიტურიენტებს მეტი საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა.

მინდა, ყველა აბიტურიენტს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება ვუსურვო!“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 2 500-ზე მეტი სტუდენტი. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად კი სულ 34 500-ზე მეტი მსურველია რეგისტრირებული.