ავტორი:

ხმაური და დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქცია "შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე

ხმაური და დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქცია "შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქციას მართავს, ხმაური და დაპირისპირებაა.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცვებმა დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც ისინი არ ემორჩილებიან. მათ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან უშუალოდ შენობის წინ გადაინაცვლეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი რკინის ჯებირებია აღმართული.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ყოველ ორშაბათს მთავრობის სხდომა იმართება, ამიტომ, სურთ, დღევანდელი პროტესტით მთავრობის წევრები გააღვიძონ და კიდევ ერთხელ გააგონონ მოქალაქეების ხმა.

პროტესტანტები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათთან მივიდნენ სუს-ის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ თუ მალე არ დაიშლებიან, დააკავებენ. მიუხედავად მოწოდებისა, აქციის მონაწილეები კვლავ ხმაურითა და შეძახილებით აგრძელებენ პროტესტს და დაშლას არ აპირებენ.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები სტვენითა და ხმაურით საკუთარ პროტესტს აგრძელებენ. ამასთანავე, ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, თუ პოლიცია დააკავებთ, წინააღმდეგობა არ გაუწიონ, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სამართალდამცავები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.