ავტორი:

"არ აგორდება ამ დღის წესრიგით დიდი საპროტესტო ტალღა..." - რას წერს დავით ზურაბიშვილი ბოლო ხანს ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებზე

"არ აგორდება ამ დღის წესრიგით დიდი საპროტესტო ტალღა..." - რას წერს დავით ზურაბიშვილი ბოლო ხანს ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებზე

პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი, "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გუშინ დაწყებულ სამოქალაქო პროტესტს აფასებს. ზურაბიშვილი წერს, რომ აქციაზე შეკრებილ მრავალათასიან აუდიტორიას რეალურად სხვადასხვა მიზნები ამოძრავებთ... ანალიტიკოსის აზრით, ამ დღის წესრიგით დიდი საპროტესტო ტალღა არ აგორდება...

დავით ზურაბიშვილი:

- რახან არავინ ამბობს, ბარემ მე ვიტყვი ამ არაპოპულარულ აზრს.

ევროპული მომავლის მხარდასაჭერ აქციაზე მოსული ხალხს აერთიანებს პროდასავლური ორიენტაცია და ყველა მათგანი ცხადია უკმაყოფილოა ხელისუფლების პოლიტიკით, რის გამოც ვერ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მაგრამ ამ ზოგადი უკმაყოფილების გადატანა ერთ რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგში არის პრინციპულად შეუძლებელი, რადგან იქ მოსულ ხალხს ამოძრავებს სრულიად განსხვავებული მიზნები:

ვიღაცას უნდა ნაცების ეპოქის დაბრუნება თავისი ყველაფრით; ვიღაცას ნაცების დაბრუნება უნდა მცირე ან არაცთუ მცირე კორექტირებით;

ვიღაცას კოალიციური ხელისუფლება უნდა, სადაც ნაცები იქნებიან დომინანტები;

ვიღაცას კოალიცია უნდა ნაცების დომინაციის გარეშე;

ვიღაცას კოალიცია ნაცების გარეშე უნდა;

ვიღაცას გახარიას და ბიძინას შერიგება უნდა;

ვიღაცას კობახიძე და ღარიბაშვილი არ მოსწონს, თორემ ვინმე კუჭავას მსგავსს თუ დააყენებს მათ ნაცვლად ბატონი ბიძინა, იმაზეც თანახმაა;

ვიღაცას კი ოღონდ ესენი მოშორდნენ და სულ არ აინტერესებს მერე რა იქნება.

მოკლედ, ასეა თუ ისე, მოტივაცია და მოლოდინები აქციებზე შეკრებილი პროდასავლელი და ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანებისა არის განსხვავებული და არა უბრალოდ, განსხვავებული, არამედ არსებითად და ფუნდამენტურად.

ამიტომაც შეუძლებელია, რომ ეს განსხვავებული განწყობები და მოლოდინები შეჯერდეს ზემორე ჩამონათვალის ბოლო პუნქტზე, ანუ "ოღონდ კი ბიძინა მოშორდეს და ამას რა მოჰყვება, მერე ვიფიქროთ" განწყობაზე.

არ აგორდება ამ დღის წესრიგით დიდი საპროტესტო ტალღა.

არადა, სხვა დღის წესრიგი არც არის, თუ არ ჩავთვლით რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, მაგრამ აქაც ხელისუფლების ნებაა საჭირო, რომელიც არ არსებობს და, გარდა ამისა, ზემოთ ჩამოთვლილი ჭრელი ელექტორატიდან რიგგარეშე არჩევნების სურვილი ბევრს შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს იმ პირობებში, როცა პოლარიზაცია ასე გამწვავებულია და საარჩევნო პროცესი კვლავ მიშა vs ბიძინა ნიშნით წარიმართება. აქედან გამომდინარე, ვერც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა შეკრებს საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერს და რაც მთავარია, ამ მოთხოვნას ამერიკა და ევროკავშირი ან დაუჭერს მხარს, ან არა. უფრო სწორად, მე პირადად კი დარწმუნებული ვარ, რომ არ დაუჭერს, მაგრამ გეკითხათ მაინც მათთვის, რამდენად ეთანხმებიან არა მარტო რიგგარეშე არჩევნების იდეას, არამედ ზოგადად "ჯერ ბიძინა გავუშვათ და მერე ვიფიქროთ ევროკომისიის რეკომენდაციებზე" ტიპის მიდგომას. იმაზე, თუ რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი აქტივობის სინქრონიზირებას დასავლეთის მოთხოვნებთან, რათა იქიდანაც განხორციელდეს სათანადო ზეწოლა, სიტყვას აღარ გავაგრძელებ.