ავტორი:

სწავლა რუსეთის აკადემიაში და გავლენა "ოცნების" შიგნით -  ვინ არის და რა ქონებას ფლობს პარლამენტარი დიტო სამხარაძე, რომელმაც საზოგადოებას თავი ლანძღვა-გინებით დაამახსოვრა

სწავლა რუსეთის აკადემიაში და გავლენა "ოცნების" შიგნით -  ვინ არის და რა ქონებას ფლობს პარლამენტარი დიტო სამხარაძე, რომელმაც საზოგადოებას თავი ლანძღვა-გინებით დაამახსოვრა

3 ივლისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია, როგორ უშვერად აგინებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი (დიტო) სამხარაძე "ქართული ოცნების" ოფისთან მისულ აქციის - "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს. კადრებში ისმის გინება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის“ მისამართითაც.

ერთ-ერთი ვიდეო "ქართული ოცნების" ოფისიდან არის გადაღებული. დეპუტატმა სამხარაძემ იცის, რომ გინების დროს მის ვიდეოს იწერენ.

"მოდი, მოდი, ქათმებს შეხედე", - მიმართავს დეპუტატი სამხარაძე ადამიანს, რომელიც ვიდეოს იღებს.

ამავე ვიდეომასალაში კიდევ რამდენიმე კაცი ჩანს, რომლებიც სამხარაძის მსგავსად იგინებიან.

მეორე ვიდეოში, რომელიც "TV პირველმა" გაავრცელა, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მმართველი პარტიის შესასვლელიდან იგინება. გინების დროს მასთან რამდენიმე კაცი მივიდა და ოფისში შეიყვანა. გადაღებული მასალა სულ 16-წამიანია.

მოკლედ, "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რომელიც ჯერ 2016 წლიდან მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2020 წლიდან კი უკვე მე-10 მოწვევის პარლამენტარიც გახდა, ამ ხნის განმავლობაში, საზოგადოებას თავი სწორედ გინებით გააცნო და დაამახსოვრა.

მანამდე დეპუტატმა სამხარაძემ "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა პოსტი.

"10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს", - წერდა ის.

4 ივლისს, დილით დეპუტატმა პირად "ფეისბუქგვერდზე“ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა:

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის, თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია“.

  • ვინ არის დიტო სამხარაძე?

მასზე ინტერნეტსივრცეში ცოტა რამ იძებნება, ხელმისაწვდომი ინფორმაციის დიდი ნაწილი 2012 წლის 2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მის დაკავებას შეეხება. სამხარაძე "ოცნების“ სხვა 5 აქტივისტთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე - წვრილმანი ხულიგნობის მუხლის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ის მეორე დღესვე გაათავისუფლეს. ასე წერდნენ მასზე 2016 წელს, როცა პარლამენტარი პირველად გახდა.

სამხარაძე პარტია "ქართული ოცნების“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისა და პოლიტიკური საბჭოს წევრია. ის იმ იშვიათთაგანია, რომელიც 2012-იანელი "ოცნებელია“ და პარტიის ძველ სახეებში დიდი სიმპათიით სარგებლობს. იმასაც ამბობენ, რომ სამხარაძე ერთ-ერთია, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ენდობა, მეტიც, მისი მარჯვენა ხელი და "ოცნებასთან“ შუამავალია. ბევრჯერ გავრცელდა ხმა "ოცნების“ წარმატებული პოზიციიდან მის "მოკვეთაზე“, მაგრამ ფაქტია, მას ჯერჯერობით არავინ შეხებია.

სამუშაო გამოცდილების თაობაზე პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია არ იძებნება, ვიკიპედიის თანახმად კი, ის 2001-2002 წლებში იყო "LTD IVI oy FINLAND“ პროექტმენეჯერი; 2003 წელს 5 "Line production“ რეკორდ მენეჯერი; 2003-2005 წლებში შპს "ლევიკოს“ ფინანსური მენეჯერი; 2004-2009 აზოტის ქარხნის შესყიდვების მენეჯერი; 2008 წელს "Baltic tank.oy“, ბიზნეს გადამზადება; 2009-2011 წლებში "Vitakan oy“ წარმომადგენელი კავკასიაში; 2012-2015 წლებში მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში; 2015-2016 წლებში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

2020 წელს პარტიული სიის 23-ე ნომერი სამხარაძე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

ჰყავს მეუღლე - დოდო (დოშკა) მედვედსკაია და სამი შვილი - გიორგი, ალექსანდრე და ქეთევანი.

  • რა ქონებას ფლობს სამხარაძე?

პარლამენტის წევრ დიმიტრი სამხარაძეს დეკლარაცია ბოლოს 2021 წლის 27 დეკემბერს აქვს ჩაბარებული, რომლის მიხედვითაც, მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული 2017 წელს 72 000 დოლარად შეძენილი 112კვ.მ. ბინა ბაგებში და იმავე მისამართზე ორი -18-18კვმ. ფართობის ავტოფარეხი. მისივე მეუღლის სახელზეა გაფორმებული ლარებში შეძენილი მსუბუქი ავტომანქანები - "ML ჯიპი“ და “FIAT-500”. საბანკო ანგარიშებს რაც შეეხება, მისი და მისი მეუღლის სახელზე სხვადასხვა ბანკებში ანგარიშზე სოლიდური თანხები არ იძებნება.

დიმიტრი სამხარაძეს ერთი წლის განმავლობაში პარლამენტიდან ხელფასის სახით მიღებული თანხა 51 043,5 ლარს შეადგენს. ამასთანავე, 2017 წელს მის სახელზეა გამოტანილი 75 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი.

სამხარაძის დეკლარაციაში ძვირფას საჩუქრებზე და საზღვარგარეთ, ან რუსეთში მის სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე არაფერი იძებნება.

დეპუტატი სამხარაძე რომ ოპოზიციონერებისა და აქტივისტების მიმართ შეურაცხმყოფელი საჯარო განცხადებებით გამოირჩევა, ეს არახალია.

გასულ წელს (2021 წლის 5 აპრილს), დეპუტატმა მოძრაობა "სირცხვილიას“ მიმართ მორიგი სალანძღავი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის კომენტარშიც აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ემუქრებოდა.

სამხარაძეს პარტია "ახალი საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე გოგი წულაიაც ნაგინები ჰყავს. მან "ფეისბუქმომხმარებლებს“ მიმართა და განაცხადა, რომ გოგი წულაიას არშემგინებლები "დორბლიანი ნაცები" არიან, თავისივე პოსტის კომენტარებში კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე დაწერა:

"ვინც მაგას არ შეაგინოს, ის იყოს დორბლიანი ნაცი! ის იყოს გვარამია და სააკაშვილი! ის იყოს არა ქუთაისელი", - წერდა სამხარაძე წულაიაზე.

სამაგიეროდ, მის "ფეისბუქგვერდზე“ სამხარაძის პირად ფოტოებზე მეტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა თუ ირაკლი კობახიძის ფოტოები იძებნება. საინტერესოა, რომ მასაც და მის მეუღლესაც ერთი და იგივე ფოტო უდევთ "ფბგვერდის“ მთავარ ფოტოდ, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, მათ ქალიშვილთან ერთად არის გადაღებული. სამხარაძე მას ხშირად ერისკაცად მოიხსენიებს და წერს, რომ ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადაარჩინა...