შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ფ.დ. დააკავეს.
აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივლისს, ქ. მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ჭრილობები მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ვ.ო.-ს და მიყენებული დაზიანებების შედეგად, ვ.ო. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
"სამართალდამცავებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.