ავტორი:

"ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსი არავინ არის საქართველოში - ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა "ალტ-ინფომ“, არამედ "ნაცმოძრაობამ“ - ირაკლი კობახიძე

"ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსი არავინ არის საქართველოში - ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა "ალტ-ინფომ“, არამედ "ნაცმოძრაობამ“ - ირაკლი კობახიძე

"ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსი არავინ არის საქართველოში, იმიტომ, რომ ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა არა "ალტ-ინფომ“, არამედ "ნაცმოძრაობამ“. სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა "ალტ-ინფომ“, არამედ "ნაცმოძრაობამ“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ის გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტს არცერთი ფაქტი არ მოუყვანია, რაც მისი პასუხისმგებლობაა. მისივე განმარტებით, "ენჯეოებისა“ და ოპოზიციისგან განსხვავებით პრეზიდენტს ევალება ისაუბროს ფაქტებზე დაფუძნებით, რაც მას არ გაუკეთებია.

"ეს თემა, 5 ივლისის დღეს ჩადენილი დანაშაულები პირდაპირ დაკავშირებულია 12 პუნქტთან, ერთ-ერთი პუნქტი უკავშირდება სწორედ ამას - გამოძიებასთან დაკავშირებით სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ჩვენ, ამასთან დაკავშირებითაც ჩვენი გეგმა წარმოვადგინეთ. ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი უზრუნველყოფს ამ თემის შესახებ სრულ გამჭვირვალობას და ინფორმაციის სრულ გასაჯაროებას. რა თქმა უნდა, გამოძიება არის პროკურატურის საქმე და მეტიც, პარლამენტს საერთოდ არ შეუძლია ჩარევა ინდივიდუალური საქმეების განხილვაში, ეს არც შედის საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქციებში, მაგრამ სწორედ ამიტომ დავაკონკრეტეთ ჩვენ, რომ ინფორმაციის გასაჯაროება და სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნება სწორედ ადამიანის უფლებათა კომიტეტის პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს მოხდება პროკურატურასთან და შსს-სთან თანამშრომლობით. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, კიდევ ერთხელ, ის არ არის არც "ენჯეო“ და არც ოპოზიციური პარტია, შესაბამისად, მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ნებისმიერი განცხადება ფაქტებზე დაფუძნებით გააკეთოს. თუმცა, არცერთი ფაქტი მას არ მოუყვანია და შესაბამისად ეს სტანდარტი მან დაარღვია“,- აცხადებს კობახიძე.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება კანონის ამოქმედებას იმისათვის, რომ "ალტ-ინფოს" მიერ შექმნილი პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" აიკრძალოს, კობახიძე პასუხობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, არსებობს მოსარჩელე სუბიექტი და ეს შეიძლება ეს იყოს პრეზიდენტი, პარლამენტართა რაოდენობა, მთავრობა. მისი განმარტებით, ერთადერთი სუბიექტი, ვისაც შეუძლია პარტიის აკრძალვა ეს საკონსტიტუციო სასამართლოა.

"შესაბამისად, ერთ-ერთ სუბიექტს ინტერესის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. თუმცა, აქ, ვიტყვი ერთ რამეს, როდესაც საქმე ეხება მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც წლების მანძილზე ძალადობდნენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობა“ გვახსენდება, რომელიც 9 წლის წლის განმავლობაში ძალადობდა ხალხზე ბიზნესის რეკეტის ფორმით, პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ფორმით და რომელიც საზოგადოებაზე ძალადობას ახლაც აგრძელებს ოპოზიციის რიგებიდან", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა“ და "ალტ - ინფოს“ შორის ტოლობის ნიშანს არ სვამს.

"არა, მეტობის ნიშანს ვსვამ "ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. არავითარი ტოლობის ნიშანი. "ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსი არავინ არის საქართველოში, იმიტომ, რომ 20% რუსეთს ჩააბარა არა "ალტ-ინფომ“, არამედ "ნაცმოძრაობამ“. სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა "ალტ-ინფომ“, არამედ "ნაცმოძრაობამ“. შესაბამისად, "ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსეთი საქართველოში, ბუნებრივია, არავინ არის", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.