ავტორი:

"ეს არის სატყუარა... პაპუაშვილი კობახიძის გარეშე "სტაფერსაც" ვერ დანიშნავს" - პარლამენტის თავმჯდომარის გეგმა და ოპოზიციის პასუხი: ვინ მივა და ვინ არა პაპუაშვილთან?

"ეს არის სატყუარა... პაპუაშვილი კობახიძის გარეშე "სტაფერსაც" ვერ დანიშნავს" - პარლამენტის თავმჯდომარის გეგმა და ოპოზიციის პასუხი: ვინ მივა და ვინ არა პაპუაშვილთან?

ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს “ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხვალ საპარლამენტო ჯგუფებთან შეხვედრას აპირებს.

პაპუაშვილი კოლეგებთან პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საკითხზე აპირებს საუბარს.

"ქართული ოცნების“ გეგმის თანახმად, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, პარლამენტის ბაზაზე ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ.

აღნიშნული ჯგუფის კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს.

  • რას აპირებს ოპოზიცია?

როგორც დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, ოპოზიციურ ჯგუფებში აზრთასხვადასხვაობაა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში 7 ივლისს იმართება.

სამნიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პაპუაშვილს საკუთარი დღის წესრიგით უნდა ელაპარაკოს და საპარლამენტო მუშაობის გაძლიერების მიზნით ყველა პლატფორმა გამოიყენოს.

"ჩვენ კატეგორიულად უარყოფითად ვაფასებთ იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ“ მთელი პროცესი სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრისთვის გადადო. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ზაფხული. ოპოზიცია ვთანხმდებით, რომ მოწვეული იყოს პარლამენტის რიგგარეშე სესია. ამისთვის გავმართავთ კონსულტაციებს პრეზიდენტთან. პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ეს უნდა იყოს.

თუ პაპუაშვილი თვლის, რომ საჭიროა დეპოლარიზაცია და აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებისთვის საპარლამენტო ოპოზიციას ეძახის, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხები გაწერილია 12 პუნქტიან მოთხოვნებში - ეს ეხება “საარჩევნო კოდექსს“, პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მართლმსაჯულების საკითხებს და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

პარლამენტის მიერ საკანონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ბარიერის დაწევა არის გარანტია იმისა, რომ პარლამენტი მრავალპარტიული იყოს და კოალიციური მთავრობა შედგეს. თუ იგივე - 5%-იანი ბარიერი დარჩა, მისი გადალახვის შესაძლებლობა არცერთ პარტიას “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არა აქვს. ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ვხვდებით, თუ როგორია კონტექსტი. პარლამენტში ყველა ამომრჩეველს საკუთარი წარმომადგენელი რომ ჰყავდეს, საჭიროა დაბალი საარჩევნო ბარიერი. ეს არის გარანტი იმისა, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლის სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის საჭიროებაზე თანხმდება.

"რაც შეეხება შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას, არანაირ ფორმატში მასთან “სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმოდგენილი არ იქნება. ამის მიზეზია ის, რომ შალვა პაპუაშვილის მიმართ ნდობა ნულოვანია. პაპუაშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის. ის ირაკლი კობახიძის გარეშე "სტაფერსაც" კი ვერ დანიშნავს. არაუფლებამოსილ პირთან გაურკვეველი დღის წესრიგით, გაურკვეველ შეხვედრაზე მისვლას “სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ აპირებს ასევე "ნაციონალური მოძრაობა".

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნება“ მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოება შეაგუოს, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მივიღებთ.

"ჩვენ არ ვაპირებთ, "ქართული ოცნების“ გეგმით ვიაროთ, „ქართული ოცნების“ გეგმა, ეს არის დროის გაწელვის გეგმა, ეს არის გეგმა, რომელსაც არ მივყავართ მიზნამდე. მთელი მათი განცხადებები მიმართულია დეზინფორმაციისა და საზოგადოების შეგუებისაკენ, რომ ნუ ელოდებით დეკემბერში ნურაფერს, ვინაიდან, ჩვენ არა ვართ ომში. თეზისი, არ იქნება ომი, არ იქნება სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლავე, წინასწარვე იმზადებენ ნიადაგს, რომ 12 რეკომენდაცია არ იყოს შესრულებული.

ხელისუფლებას კონსტიტუციის გარდა შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი 11 დარჩენილი პუნქტიდან, ხელისუფლება ვერ გადაგვაბრალებს ჩვენ, პირიქით სიამაყით შეუძლია თქვას, მივიღეთ 11-ვე და მე-12-ს იმიტომ ვერ ვიღებთ, რომ ხმები გვაკლდება ოპოზიციის. ვამბობთ ახლა, რომ ნებისმიერ სამუშაო პროცესში ჩვენ შევალთ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება რეალისტურ გეგმაზე აგებული. ჩვენი რეალისტური გეგმა არის ძალიან ნათელი, დავიწყოთ მუშაობა, მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა, რიგგარეშე სხდომაზე გამოვიტანოთ პირველი რიგის საკითხები, რომელიც ერთი მხრივ, აღძრავს ნდობას და მეორე მხრივ, დაძრავს პროცესს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეხვედრას დაესწრებიან "მოქალაქეებისა" და "ლელოს" წარმომადგენლები.

ლევან იოსელიანის თქმით, ოპოზიციას, რომელიც გაუთავებლად რაღაცის განუხორციელობლობაზე საუბრობს, ფოკუსი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გადაააქვს.

"როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ 12-ვე პუნქტს პირნათლად შეასრულებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, როგორ აპირებენ ამის შესრულებას. ჯერ არ მინახავს დოკუმენტი, სადაც იქნება დაწერილი რას როგორ აპირებენ. გამომდინარე აქედან, აუცილებლად დავესწრები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დანიშნულ შეხვედრას. მოვისმენ, რა ხედვა აქვთ. მე მაინტერესებს კონკრეტული დოკუმენტი, კანონმდებლობა რას როგორ აპირებენ, როგორ აგვარებენ პრობლემას სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში, ადამიანის უფლებათა კუთხით და ასე შემდეგ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა კი განაცხადა, რომ საქმიანი საუბრისთვის მზად არის:

"საქმიანი საუბრებისთვის ჩვენ ყველასთან მზად ვართ და ვიქნებით. საქმიანი საუბარი კონკრეტულად პარლამენტის კედლებში ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა ეხებოდეს არა რომელიმე ერთ პუნქტზე საუბარს, არამედ სამოქმედო გეგმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას პარლამენტმა. ჩვენი ღრმა რწმენით, ამას სჭირდება რიგგარეშე სესია, ამ დღეებში ჩვენ გვქონდა საინტერესო კონსულტაციები ამ სფეროებში ექსპერტებთან, უახლოეს ხანებში გვექნება მათთანაც შეჯერებული სამოქმედო გეგმა. სხვადასხვა პარტიასაც აქვთ ძალიან საინტერესო წინადადებები და ჩვენ მგონი, მზად ვიქნებით, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდეთ და ჩვენი პოზიციები გავუზიაროთ, რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა პირველ რიგში, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები რაც დევს ხელის გულზე პირველი მოსმენით მიღებული.

პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდებით იმ დღის წესრიგით, რომელიც ჩემი ვარაუდით, ორშაბათისთვის მზად იქნება, ესაა გეგმა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა. ხვალ არ ვიცი, რა შეხვედრაზეა საუბარი. მე პირადად, არც შეხვედრაზე მივუწვევივარ ვინმეს. ერთ პუნქტზე შეხვედრააო მითხრეს და არ ვიცი ვინ მიდის და ვინ არა. ასე ცალკე ამოგლეჯილად საკითხები არ წყდება. პარლამენტს სჭირდება თავის სამოქმედო გეგმა. „ლელო“ სხვა პარტიებთან ერთად ამ თემაზე შევხვდებით ყველას. შევთავაზებთ "ქართულ ოცნებას" ამ ყველაფერს,"- განაცხადა უსუფაშვილმა.