ავტორი:

ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება - ინტერვიუ დერმატოლოგთან

ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება - ინტერვიუ დერმატოლოგთან

არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის რომელი დრო და რა ტემპერატურაა, ულტრაიისფერი სხივები ჩვენზე ზემოქმედებას ნებისმიერ პირობებში ახდენენ. მათ მოაქვთ სარგებელიც და ზიანიც, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რამდენი ხნითა და დღის რა მონაკვეთშია რეკომენდებული მზეზე ყოფნა, განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში.

ულტრაიისფერ სხივების ზემოქმედებაზე უფრო მეტის გასაგებად და რეკომენდაციების მისაღებად თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის დერმატოლოგს, თამთა ბაკურაძეს დავუკავშირდით.

რა ტიპის ულტრაიისფერი სხივები გვხდება გარემოში და რა გავლენას ახდნენ ისინი ჩვენზე?

ულტრაიისფერი სხივების ორ ძირითად ტიპს გამოვყოფთ – UVA-ს, რომელიც გრძელი სიგრძის სხივია და ღრმად აღწევს კანში და UVB-ს, რომელიც არის მოკლე და კანში ნაკლებად შეღწევადია. ორგანიზმზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენის მოხდენა ორივე ტიპის სხივს შეუძლია.

ულტრაიისფერი სხივები საჭიროა D ვიტამინის წარმოსაქმნელად და ორგანიზმში მიმდინარე ბევრი პროცესისთვის. მათ ვნიშნავთ კანის მთელი რიგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდაც, რისთვისაც დასხივების სპეციალურ აპარატს ვიყენებთ. თუმცა, რა ტიპის სხივი სჭირდება პაციენტს და რა ხანგრძლივობით, სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს და აკონტროლოს.

ულტრაიისფერი სხივების ჭარბად და დაუცველად მიღებამ კი შეიძლება მიგვაღებინოს კანის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები, მას შეიძლება თან ახლდეს ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის მატება, შემცივნება. მზის დასხივება იწვევს თერმულ გადახურებას, არის სიმსივნური პროცესებისა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მაპროვოცირებელი. აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, რომ ულტრაიისფერი სხივები მხოლოდ კანზე კი არ ახდენენ ზემოქმედებას, არამედ აზიანებენ სხვა ორგანოებსაც.

რა უნდა გავითვალისწინოთ მზეზე ყოფნისა და გარუჯვის დროს?

ზაფხულში მზეზე ყოფნა დაუშვებელია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, მაშინ როდესაც სხივები ყველაზე ინტენსიურია. მზისგან დამცავი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სუსტ მზესა და ღრუბლიან ამინდშიც და არ უნდა დავივიწყოთ მისი გარკვეული პერიოდულობით განახლებაც.

ცხელ პერიოდში, სასურველია, მოვერიდოთ შუადღეს ღია ცის ქვეშ ყოფნასაც. თუ მაინც გვიწევს გარეთ გასვლა, უმჯობესია, ვატაროთ მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი, ქუდი და წავისვათ მზისგან დამცავი.

როგორ უნდა შევარჩიოთ მზისგან დამცავი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის?

სასურველია, მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF) მინიმუმ 30 იყოს. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო მგრძნობიარეა ის სხივების მიმართ. ამიტომ, ასეთი კანის მქონე ადამიანებმა, უმჯობესია, უფრო მაღალ ფილტრიანი დამცავი გამოიყენონ. მისი შერჩევისას, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ რა ტიპის კანი გვაქვს – ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული თუ ნორმალური.

ბავშვის ორგანიზმი კიდევ უფრო მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ. ამიტომ,მათთვის აუცილებელია, შევარჩიოთ მაქსიმალურად მაღალ ფილტრიანი მზისგან დამცავი. გარდა ამისა, სასურველია, ბავშვების საცურაო კოსტიუმი იყოს დახურული და მათ მუდმივად ეფაროთ ქუდი.

როგორც უკვე აღვნიშნე, დამცავი მზეზე ყოფნისას მუდმივად უნდა განვიახლოთ. გარდა ამისა, მისი გამოყენება არ უნდა შევწყვიტოთ მაშინაც, როცა უკვე გარუჯული ვართ და დამწვრობის მიღების ნაკლები შანსი გვაქვს.

NS