ავტორი:

"ოპოზიციას შევთავაზეთ, გაკეთდეს პოლიტიკოსების დამოკიდებულებებისა და რიტორიკის მონიტორინგი - ჩვენ მზად ვართ, რიტორიკა შეიცვალოს" - ანრი ოხანაშვილი

"ოპოზიციას შევთავაზეთ, გაკეთდეს პოლიტიკოსების დამოკიდებულებებისა და რიტორიკის მონიტორინგი - ჩვენ მზად ვართ, რიტორიკა შეიცვალოს" - ანრი ოხანაშვილი

"ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ გაკეთდეს მონიტორინგი ჩვენი, პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების დამოკიდებულებების, რიტორიკისა და მიდგომების", - ამის შესახებ ოპოზიციური ჯგუფების ნაწილთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს შეთავაზება ცენზურას ან ვინმეს სანქცირებას არ ნიშნავს, არამედ სტანდარტს. ოხანაშვილის თქმით, მონიტორინგის შედეგები პერიოდულობით გასაჯაროვდება, რაც პოლიტიკოსებს საკუთარ გამონათქვამებზე "დაფიქრების საშუალებას მისცემს".

"ეს ნიშნავს არა ცენზურას, როგორც ეს შეიძლება ვინმემ თარგმნოს, არამედ სტანდარტს და დამოკიდებულებას, ამომრჩევლისადმი დამოკიდებულებას, აგრესიის კამპანიის შემცირებას. ეს ყველაფერი გარკვეულ პერიოდში გამოქვეყნდება ხოლმე, საჯარო გახდება, რაც მისცემს ყველას საშუალებას, დაფიქრდეს მის თითოეულ გამონათქვამზე. ეს არის კარგი საქმიანი თანამშრომლობისთვის.

ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ თანამშრომლობაზე გადასვლა და ეს ვერ შედგება თუ ჩვენ გამუდმებით ვიქნებით იმ რეჟიმში, რომ ერთმანეთის მიმართ ვიყოთ გამუდმებული რიტორიკის აგრესიის რეჟიმში. ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს რიტორიკა შეიცვალოს, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ ჩვენ გვქონდეს კომუნიკაცია ერთმანეთთან. კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული და არა აგრესიული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობა" არ ესწრებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ბოიკოტირების რეჟიმში გადავიდა.

"ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, როგორც ჩანს "ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადავიდა ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ბოიკოტირების რეჟიმში, ეს ხალხი რეალურად ევროპულ პერსპექტივას უცხადებს ბოიკოტს, რაც ჩვენთვის ახალი არაა. მაგრამ თუ ისინი ამ პროცესში იქნებიან ჩართული, კი ბატონო, ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, მაგრამ ეს იყოს რაღაც ჩარჩოში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დაისვა საკითხი, შესაძლებელია თუ არა "ქართულ ოცნებას“ ენდონ. მისი შეფასებით, "ეს მაგიდის აყირავების მაგვარი მიდგომაა“.

"ჩვენ უნდა გვენდოს თუ არა ოპოზიცია ასე დაისვა საკითხი და უკაცრავად, მაგრამ ევროკომისია ენდობა და ენდო ჩვენ გუნდს, ჩვენ ხალხს და ზოგადად ხელისუფლებას, უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც, რომ ჩვენ შევძლებთ ერთად მუშაობას. რას ნიშნავს ოპოზიციის ნაწილი უნდა გვენდოთ თუ არ უნდა გვენდოს? უკაცრავად, მაგრამ ცოტა მაგიდის აყირავების მაგვარი მიდგომაა, რაც ნიშნავს ევროპული პერსპექტივისთვის ბოიკოტს, ნიშნავს ევროკომისიისთვის მაგიდის აყირავებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.