შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, “დიდი ოცეულის" შეხვედრაზე რუსეთი მარტო და იზოლირებული დარჩა, რადგან მონაწილეთა უმეტესობამ უკრაინის ომის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატა.
"შეხვედრაზე იყო ძლიერი კონსენსუსი და რუსეთი დარჩა იზოლირებული", - აღნიშნა ბლინკენმა.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეხვედრა დროზე ადრე შესაძლოა, იმიტომ დატოვა, რომ არ მოსწონდა ის, რასაც მისი კოლეგებისგან ისმენდა.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ხმამაღლა და ნათლად მოისმინა მთელი მსოფლიოდან რუსეთის აგრესიის დაგმობა,” – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის ვერ ხედავენ იმის ნიშანს, რომ რუსეთი მზად არის ჩაერთოს დიპლომატიაში.
"უახლოეს დღეებში ვნახავთ, მიიღებს თუ არა რუსეთი "დიდი ოცეულიდან" გზავნილს", - აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ-ს მაღალჩინოსნის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ უპასუხა.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვის იზოლირებასთან დაკავშირებით ზღაპრებს თხზავს.
"ბატონო ბლინკენ, ეს თქვენ ჩაიგდეთ საკუთარი თავი თვითიზოლაციაში, ფორუმის რამდენიმე ღონისძიების გამოტოვებით. ახლა კი, საკუთარი წარუმატებლობის გასამართლებლად, ზღაპრებს თხზავთ.
გვითხრეს, როგორ სთხოვთ ყველას რუსეთის "იზოლირებას" და ყველა, ვისაც სთხოვთ, თქვენს ზურგს უკან იცინიან, რადგან იციან, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია განწირულია სამარცხვინო დასასრულისთვის“, - აღნიშნა ზახაროვამ.