ავტორი:

"კადიროველები" პიარს იკეთებენ ამ ომში, გარიყულები არიან რუსული ჯარისგან, კავკასიისა და თავიანთი ხალხის მოღალატეები არიან" - მამუკა მამულაშვილი

"კადიროველები" პიარს იკეთებენ ამ ომში, გარიყულები არიან რუსული ჯარისგან, კავკასიისა და თავიანთი ხალხის მოღალატეები არიან" - მამუკა მამულაშვილი

ქართული ეროვნული ლეგიონის დამაარსებელი და მეთაური მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინას მტრისგან დაცვაში ეხმარება, "კადიროველებზე“ ჰყვება და მათ პიარის მოყვარულებს უწოდებს.

  • "ისინი მხოლოდ პიარს იკეთებენ და მოღალატეები არიან“,- აცხადებს მამუკა მამულაშვილი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

"ლეგიონი ახლა სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში შედის და უკრაინის სამხრეთ -აღმოსავლეთით ფრონტის თითქმის მთელი ხაზის გასწვრივ არის განთავსებული. საკმარისი ვართ იმისთვის, რომ ფრონტის ხაზი მოვიცვათ“,- განაცხადა მამულაშვილმა.

ქართული ლეგიონის მეთაური განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედროებსა და ოკუპანტების ჯარში მობილიზებულ თვითგამოცხადებული ფსევდორესპუბლიკების წარმომადგენლებს შორის არავითარი მენტალური სხვაობა არ არსებობს და არაფრით განსხვავდებიან მომზადების თვალსაზრისითაც.

"რაც შეეხება კადიროველებს, ისინი უბრალოდ პიარს იკეთებენ ამ ომში. ისინი გარიყულები არიან რუსული ჯარისგან. კადიროველებს თავისი მიმართულება აქვთ - პიარი გააკეთონ რუსების სიკვდილის ხარჯზე და საკუთარი ხალხის სიკვდილის ხარჯზეც კი.

ადამიანებმა, რომლებმაც უღალატეს თავის ქვეყანას, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ისინი კავკასიისა და თავისი ხალხის მოღალატეები არიან“,- განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, ქართულ ეროვნულ ლეგიონში მხოლოდ ქართველები არ შედიან. მასში ერთიანდებიან მოხალისეები ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, ჯამში ლეგიონში 32 ქვეყნის წარმომადგენელია.