ავტორი:

"ივანიშვილი ძალიან ფრთხილი ადამიანია. თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია" - რამდენად რეალურია, რომ ექსპრემიერს სანქციები დაუწესონ?

"ივანიშვილი ძალიან ფრთხილი ადამიანია. თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია" - რამდენად რეალურია, რომ ექსპრემიერს სანქციები დაუწესონ?

გაუგებარია "ქართული ოცნების" პოზიცია. ერთი მხრივ, ისინი აცხადებენ, რომ ამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოყენებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებისთვის მზად არიან, ამავდროულად კი თავს ესხმიან ევროპელ პოლიტიკოსებს. შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნებიდან" ამისთვის გამოყვეს სამი დეპუტატი, რომლებიც თითქოს საკუთარი ინიციატივით ლამის ყოველდღიურად შეურაცხყოფის ზღვარზე ლაპარაკობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. ახლახან გამოქვეყნდა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისადმი, რომლის ტონიც სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იყო, რაც აღნიშნა კიდეც ქალბატონმა დეგნანმა საპასუხო განცხადებაში. რას ცდილობს "ქართული ოცნება" ამ ორმაგი თამაშით და შანტაჟის ენით? გავიხსენებ ირაკლი კობახიძის ერთგვარ ულტიმატუმსაც, რომ ხელისუფლება თურმე საარჩევნო ბარიერს მხოლოდ სტატუსის მინიჭების შემდეგ დასწევს... ასევე მოვისმინეთ განცხადება, საქართველომ ომი რომ დაიწყოს, მეორე დღესვე მოგვცემენ სტატუსსო, ანუ ვითარებას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ევროკავშირი გვიბიძგებს ომისკენ... - ამ საკითხებზე ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

- თქვენი კითხვის ბოლო ნაწილიდან დავიწყებ და გეტყვით, რომ თუ ომი დაიწყო, არსებობს უდიდესი საფრთხე, რომ მეორე დღეს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, აღარ იარსებოს... რაც შეეხება შანტაჟის ენას, ეს განსცხადებები გაკეთდა მას მერე, რაც ხალხმრავალმა მიტინგებმა შედეგი ვერ მოიტანა. ზოგიერთი ამ საპროტესტო აქციებზე ამყარებდა ილუზორულ იმედს, რომ "ოცნება" გაიქცეოდა, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებდნენ და ა.შ., მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა და "ოცნებამ" თავი უფრო ძლიერად იგრძნო, შანტაჟიც კი დაიწყო... მათი პოზიცია დაახლოებით ასეთია: ვერავინ ვერაფერს გვაკლებს, მოგვეცით სტატუსი და დავწევთ ბარიერს; თუ არ მოგვცემთ, არ დავწევთ ბარიერს და კიდევ კარგა ხანს დავრჩებით ხელისუფლებაშიო. სხვა საკითხია, როდემდე გაუმართლებს ამგვარი პოზიცია "ქართულ ოცნებას," მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს ასე თამაშობს, რაც ისევე არასწორია, როგორც ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი. ამ ყველაფრის შედეგად ქვეყანა ზიანდება, რაც ძალიან სამწუხაროა.

- როდესაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები თუ ვითომ მისგან დისტანცირებული დეპუტატები თავს ესხმიან აშშ-ის ელჩს თუ ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს, ეს როგორ უნდა აიხსნას? ხომ არ ცდილობს "ქართული ოცნება" სწორედ ამგვარი ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდით დააშოროს ქვეყანა ევროატლანტიკურ კურსს?

- არა მგონია. რომ მიეცათ საქართველოსთვის სტატუსი, უარს ხომ არ იტყოდნენ? პირიქით, ვფიქრობ, რომ როდესაც სტატუსის მინიჭების საკითხი წყდებოდა, ისინი ძალიან ნერვიულობდნენ, აშინებდათ სწორედ ის სცენარი, რომელიც გათამაშდა კიდეც, რის მერეც ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო. რით დასრულდა ეს გამოსვლები, სხვა საკითხია, მაგრამ ხომ აშკარად გამოჩნდა, რაოდენ დიდია ქვეყანაში ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა... ჩემი აზრით, რადგან სტატუსი არ მოგვანიჭეს, განაწყენდნენ, თან მათ ამ აქციებმაც ვერაფერი დააკლო და უკვე მუქარის ტონით ალაპარაკდნენ... თუმცა შეიძლება "ქართულ ოცნებაში" ვიღაცას მართლაც სჯერა, რომ დასავლეთს მათი დამხობა უნდა და ეს შანტაჟი და მუქარაც ამით არის განპირობებული... დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ერთი პარტია მესამე ვადით მართავს ქვეყანას, რაც აჩენს მისი ლეგიტიმაციის პრობლემებს, თანაც სხვა პარტიებთან შედარებით მაინც მაღალი რეიტინგი აქვს. ქვეყანაში არის პოლიტიკური ვაკუუმი. ერთი მხრივ, მმართველ პარტიას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, მეორე მხრივ კი ოპოზიციაში არ ჩანს ძალა, რომელიც მის შეცვლას შეძლებს. ამ ვაკუუმში ისევ "ქართული ოცნება" ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, მით უფრო - საყოველთაო ნიჰილიზმის ფონზე.

- აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და ბელარუსში ზოგიერთი პირისთვის სანქციების დაწესების განხილვა იწყება. შეგახსენებთ, ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის ერთ-ერთი კოორდინატორია. ოპოზიციამ ეს განცხადება ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების დასაწყისად მიიჩნია. ელით პროცესის ამგვარ განვითარებას?

- ვფიქრობ, ეს არ არის მარტივი საკითხი. მოდი, ასე შევხედოთ პროცესს: ივანიშვილი არის ძალიან ჭკვიანი და ფრთხილი ადამიანი. კაცი, რომელსაც მილიარდები აქვს ნაშოვნი, რატომ ჩაიგდებს თავს საფრთხეში, არ მესმის... თანაც სანქციები რომ დაუწესონ, ამის საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს?! მაგალითად, არსებობდეს ფაქტები, რომ ის ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან არის გარიგებული და უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს... კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ სანქციებს დაუწესებენ, არის ვარაუდი, რომ ის საქართველოს არაფორმალურად მართავს, მაგრამ ამის მტკიცებულებებიც არ არსებობს. როგორ დაუმტკიცებენ, რომ მართლაც მართავს? თანაც გაითვალისწინეთ, რომ ის არის საფრანგეთის მოქალაქე და ამ ქვეყნის საპატიო ლეგიონის ორდენიც მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ვიღაც რუსმა რომ დაურეკა და ბორენკა ეძახა, ამის გამო შეიძლება სანქციები დაუწესონ? შეიძლება მაკფოლს უთხრა ვიღაცამ, ივანიშვილი ეხმარება რუსეთსო და ამის შემდეგ გადაწყდა, შეესწავლათ ეს საკითხი, მაგრამ ისმის კითხვა: როდესაც შეისწავლიან, რას იპოვიან? ვიმეორებ, ის არის ძალიან ფრთხილი ადამიანი. როდესაც 2011 წელს პოლიტიკაში გამოგვეცხადა, დაიწყეს აქტიურად მუშაობა, რომ მასზე რაიმე კომპრომატი ეპოვათ, მაგრამ ვერაფერი უპოვეს. თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩემი აზრით, ბოლო ხანს ცდილობს, არაფერი გააფუჭოს, რადგან ახლა იმ ასაკშია, ყველაზე მეტს პირად სიმშვიდეზე, ოჯახისა და დაგროვილი მილიარდების უსაფრთხოებაზე ფიქრობს.

მოკლედ, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ის ადვილად არ გაეხვეოდა ისეთ შარში, რაც სანქციებამდე მიიყვანს, თუმცა ეს ჩემი აზრია... შეიძლება ვცდები და ივანიშვილი იმაზე ნაკლებად ჭკვიანია, ვიდრე მგონია... იხილეთ ინტერვიუ სრულად

იხილეთ ასევე: