ავტორი:

"პარტიას რა უნდა დაარქვან, "ოცნების" ბუსტერი“? - გია ხუხაშვილი "ქართული ოცნებიდან“ წასულ საკრებულოების წევრებზე

"პარტიას რა უნდა დაარქვან, "ოცნების" ბუსტერი“? - გია ხუხაშვილი "ქართული ოცნებიდან“ წასულ საკრებულოების წევრებზე

"ეს არის უხარისხო, ვირ-ეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია - აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებისა და ასევე, პარტიის წევრების მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი შეაფასა.

მისი თქმით, რასაც ისინი აკეთებენ პოლიტიკურ-ტექნოლოგიური აბსურდია.

"აბსოლუტურად კომიკური სიტუაციაა, მაგრამ რადგან პოლიტიკურ პროცესში ხდება, ტრაგიკომედიად უნდა დავახასიათოთ. ამ ხალხის პოზიციასა და "ქართული ოცნების“ პოზიციას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ, ანუ, რის გამო გავიდნენ "ქართული ოცნებიდან“, გაუგებარია. ყაველაშვილის სახელით წერილი გამოქვეყნდა და შემდეგ კობახიძე იცავდა წერილის პათოსს. დარწმუნებული ვარ ყაველაშვილს ბოლომდე არ აქვს წაკითხული წერილი. რასაც ამბობს კობახიძე, იგივეს იმეორებენ. ეს არის უხარისხო ვირ-ეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია, არ ვიცი, პარტიას რა უნდა დაარქვან - "ოცნების“ მოადგილეთა პარტია?!, თუ "ბუსტერ-პარტია?!“. ძალიან სასაცილოა. პოლიტიკურ-ტექნოლოგიური აბსურდია, რასაც ისინი აკეთებენ. ამ ვირ-ეშმაკულ თამაშში იმდენად უჩანთ ყურები და ორგანოები, სასაცილოა. აბსურდის კინორეჟისორები არიან. შენგელაია გადაიღებდა ალბათ, საქართველოში და თუ ჩვენ დასავლელ რომელიმე რეჟისორს მოვიწვევდით, ძალიან სერიოზულ კომედიას გადაიღებდა ამ აბსურდზე. აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის, რაღაცას "ხლაფორთობენ“ და რას "ხლაფორთობენ“ თვითონაც ვერ ხვდებიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ლაგოდეხში, ჭიათურასა, თერჯოლაში და ახალციხეში "ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც "ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს - საუბარია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე.