ავტორი:

"თბილისს არ ახასიათებს ხშირი მიწისძვრები, მაგრამ შესაძლოა დიდი მიწისძვრა მოხდეს... ამიტომ ვსაუბრობ გახშირებულ მშენებლობებზე..." - თეა გოდოლაძე

"თბილისს არ ახასიათებს ხშირი მიწისძვრები, მაგრამ შესაძლოა დიდი მიწისძვრა მოხდეს... ამიტომ ვსაუბრობ გახშირებულ მშენებლობებზე..." - თეა გოდოლაძე

საქართველოში დღეს რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. ძირითადი ეპიცენტრი სოფელი სამება იყო. დღეს დაფიქსირებული ბიძგებიდან ყველაზე ძლიერი გამთენიისას დაფიქსირებული ბიძგები იყო (4.8).

გახშირდა თუ არა რეალურად მიწისძვრები ჯავახეთის ზეგანზე და კიდევ სად არის სეისმურად აქტიური ადგილები საქართველოში - ამ კითხვებით მივმართეთ "დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის" ხელმძღვანელს თეა გოდოლაძეს:

- ქალბატონო თეა, გახშირებულ მიწისძვრებზე საუბრობენ, მაგრამ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩვენთან ინტერვიუში ახსენებდით, რომ მაშინ მყინვარწვერზე საათში 400 მიწისძვრა ხდებოდა...

- დიახ, ამჯერად ნამდვილად არ არის ისე გახშირებული მიზეზები, შეშფოთებას რომ იწვევდეს... შესაშფოთებელი რომ იყოს, მოსახლეობას აუცილებლად გავაფრთხილებდით. დიახ, 2021 წლის მაისიდან მოყოლებული ჯავახეთის ქედზე 11 961 მიწისძვრა მოხდა, მაგრამ ეს კარგია, ასე რომ ხდება. დაბალი და საშუალო მიწისძვრის ხარჯზე სეისმური ენერგია თავისუფლდება. ასე რომ, პირიქით უკეთესია ერთი დიდი მიწისძვრა რომ არ ხდება...

ახლა გახშირებული მიწისძვრები იმიტომ გვგონია, ჩვენი ცენტრი განვითარდა და მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდება ყოველი მომხდარი მიწისძვრის შესახებ... ხელოვნური ჩარევებიო და ამ თემაზე რომ ვინმემ სერიოზულად საუბარი დაიწყოს, გავბრაზდები კიდეც... ეს არის პროცესი, რომლის ჩარევაც, მართვაც ადამიანს არ შეუძლია და არ შეეძლება უახლოესი მილიონი წლის განმავლობაში!

არც სოფელ სამებაში გახშირებული მიწისძვრები გაგვიკვირდებოდა გეოგრაფია რომ უკეთესად გვესწავლა თავის დროზე და უკეთესი გეოგრაფიის სახელმძღვანელო რომ გვქონოდა...

- კიდევ სად არის სეისმურად განსაკუთრებულად აქტიური ადგილები?

- რაჭაშიც, კახეთშიც და საერთოდ საქართველოში წერტილი არ არის, სადაც მიწისძვრა არ მომხდარა..

- თბილისიც აქტიურია?

- თბილისს არ ახასიათებს ხშირი მიწისძვრები, მაგრამ სამაგიეროდ შესაძლებელია დიდი მიწისძვრა მოხდეს... ამიტომაც ვსაუბრობ სულ გახშირებულ მშენებლობებზე, რომლებიც დიდ მიწისძვრას ვერ გაუძლებენ და ყურადღებას არავინ მაქცევს. ახლაც ამ წუთას მიწისძვრა მოხდა, რომელიც დღეს შედარებით მაღალი სიმძლავრის მეშვიდე მიწისძვრაა...