ავტორი:

"შევარდნაძეს უყვარდა გადაკვრა. უკანასკნელ წუთამდე სიამოვნებით მიირთმევდა, ოღონდ, მხოლოდ კონიაკს" - ედუარდ შევარდნაძის და სანდრა რულოვსის პირადი ფოტოგრაფის მოგონებები

"შევარდნაძეს უყვარდა გადაკვრა. უკანასკნელ წუთამდე სიამოვნებით მიირთმევდა, ოღონდ, მხოლოდ კონიაკს" - ედუარდ შევარდნაძის და სანდრა რულოვსის პირადი ფოტოგრაფის მოგონებები

"ფოტოგრაფია ენით აუწერელი დაავადებაა“, რომელიც ბავშვობიდან შეეყარა, - "ზენიტს“ ვინ მაღირსებდა, მამისეული "ზორკით“ ვიღებდიო... მერე მამიდამ განვადებით შეიძინა მისთვის სანატრელი ფოტოაპარატი, ასე შეაბიჯა ფოტოგრაფიის სამყაროში, თავისი ადგილი იპოვა, დაიწყო და აღარ გაჩერებულა... მისთვის ხშირად უთქვამთ, რომ უნივერსალური ფოტოგრაფია, ვინაიდან პორტრეტსაც იღებს, პეიზაჟსაც, სპორტსაც, ჟანრულ და აბსტრაქტულ ფოტოებსაც, თუმცა თავად მკაცრი შემფასებელი და თვითკრიტიკულია, ამბობს, რომ მისი არც ერთი ფოტო არ მოსწონს და ყველა მათგანის უკან ავტორის უკმაყოფილება იმალება.

"ჩემთვის ფოტოგრაფია ყველაფერია. ცოტა ახალგაზრდა როცა ვიყავი, ფოტოაპარატთან ერთად ვიძინებდი, ის ჩემი ძილის წამალი იყო, "ნიკონების“ ძველი მოდელები მაქვს და იმით ვმუშაობ. რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია ხედვა და პროფესიონალიზმი, რომელიც სხვას არ აქვს, დანარჩენი მეორეხარისხოვანია“.

და ამ იშვიათი ხედვით, რომელიც "სხვას არ აქვს“, ათეული წლებია საოცარ კადრებს აღბეჭდავს და ჩვენამდე ლამაზ ამბებად მოაქვს. ყველა კადრს რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სახსოვარი ფოტოგრაფთან ერთად, რომელიც 1980 წელს მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტოგრაფს შორის დასახელდა. ამჟამად მე-18 წიგნ-ფოტოალბომზე მუშაობს, რომელსაც "მოგზაურობა აჭარაში“ დაარქვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი მის ცხოვრებაში მაინც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერსონალური ფოტოგრაფობა იყო, ვისთან თანამშრომლობის შესახებაც ფოტოჟურნალისტი სერგო ედიშერაშვილი ambebi.ge-სთან სიამოვნებით იხსენებს.

  • პირველი ნაბიჯები ფოტოსამყაროში

ფოტოგრაფიამ ბავშვობიდან გამიტაცა. მამისეული "ზორკით“ დავიწყე გადაღება. მე-9 კლასში, სკოლაში ჩამოვაყალიბე ფოტომოყვარულთა კლუბი - დირექტორმა აივნის ქვეშ გამოგვიყო ლაბორატორია და ფირებს იქ ვამჟღავნდებდი. ჩემი პირველი ფოტო გაზეთ "ნორჩ ლენინელში“ დაიბეჭდა. სოციალისტური შრომის გმირებთან იყო შეხვედრა და როგორც მოყვარული, ისე ვიღებდი ფოტოებს. გაზეთ “ნორჩი ლენინელიდან“ მოსული იყო კორესპოდენტი მზია კოჭლამაზიშვილი, მან მთხოვა, ფოტოკორესპოდენტი არ მახლავს, იქნებ ამ შეხვედრიდან ერთი ფოტო მოგვცეო. უარს ხომ არ ვეტყოდი და მეორე დღეს ავუტანე ჩემი ფოტოები. მესამე დღეს კი ვნახე გაზეთში მინაწერით - "ფოტო სერგო ედიშერაშვილის“. ეს იყო უდიდესი სიხარული, 100-მდე გაზეთი მაინც ვიყიდე და ვურიგებდი ნაცნობ-მეგობრებს.

ეს იყო ფოტოგრაფიით ჩემი გატაცების დასაბამი. მერე იმავე გაზეთმა მთხოვა და მეც დავიწყე თანამშრომლობა. შეძლებული ოჯახი არ გვქონდა, რაღაც დროის მერე, მამიდამ განვადებით მიყიდა "ზენიტი“, 67 მანეთი ღირდა. სკოლა როცა დავამთავრე, უკვე მოთხოვნადი ფოტოგრაფი ვიყავი.

  • "ეს ენით აღუწერელი დაავადებაა“

ფოტოგრაფია ენით აღუწერელი დაავადებაა, ჟინს გიმძაფრებს. სულ ვათვალიერებდი სხვების ნამუშევრებს, მაინტერესებდა, როგორ იღებდნენ ფოტოებს სააკოვი და სხვები. სკოლა როცა დავამთავრე, ქალბატონმა ნარგიზა მგელაძემ მითხრა, სერგო, იქნებ ჩვენთან, "ახალგაზრდა კომუნისტში“ მოხვიდეო. იქ 1 წელი ვიმუშავე, მერე არმაზ სანებლიძემ წამიყვანა თავისთან (იმხანად "მოლოძიოჟ გრუზიის“ რედაქტორი და ჩემი ახლობელი იყო). ისე გავითქვი სახელი, რომ მოსკოვის ბიუროს სპეცკორი გავხდი - ძალიან დიდი სააგენტო იყო სსრკ-ში, რომლის გენერალური დირექტორი ქართველი კაცი, ილარიონ ხუციშვილი იყო. ძალიან მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები, ერთი წლით გადაადებინეს ჩემი ჯარში წაყვანა და ჩამაბარებინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. აუუ, რა ლექსებს ვწერდი, იცით? რატომ არ შევინახე... ახლა რომ მომკლა, ორ სიტყვას ვერ გადავაბამ. იმჟამად ძალიან რომანტიკული პიროვნება ვიყავი (იცინის). 3 კურსი გავიარე ქართველიშვილის სახელობის სახალხო სტუდიაში, მინდოდა მსახიობობა, რეჟისურაც მაინტერესებდა...

ჯარში წავედი, მერე აქედან რეკომენდაცია გამიწიეს და პირდაპირ ლომონოსოვში ჩავაბარე ფოტოჟურნალისტიკაზე.

  • როგორ გავხდი ედუარდ შევარდნაძის პირადი ფოტოგრაფი

ჯარის შემდეგ, ინსტიტუტიც რომ დავამთავრე და ჩამოვედი, მუშაობა გავაგრძელე "ახალი ამბების სააგენტოში“ (1976-77 წლებში). მერე "საქინფორმის“ დირექტორმა ვლადიმერ ჭიაურელმა მთხოვა, ჩემთან გადმოდი, ყველანაირ პირობას შეგიქმნიო. გადავედი და პირველად გამაყოლეს ედუარდ შევარდნაძეს ფოთში. მთელი ცეკა-ტეკა, დაცვა, სხვა სიტუაცია იყო და ისეთი შეშინებული ვიყავი... მათაც ძალიან მოეწონათ ჩემი ფოტოები. მაშინ არ არსებობდა პერსონალური ფოტოგრაფის სტატუსი, საქინფორმში დარეკეს, იქნებ სერგო ბატონ ედუარდს გამოაყოლოთ ხოლმე, თავისებურად იღებსო. იმ დღიდან დავიწყე შევარდნაძის გადაღება და მასთან შემოვრჩი ბოლომდე, ვიდრე 1985 წელს მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრად არ გადაიყვანეს. ამასობაში, მე და ბატონ ედუარდს ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მასთან რამდენჯერმე ოჯახშიც ვიყავი, გავიცანი ქალბატონი ნანული.

90-იანებში, როცა საქართველოში ჩამოვიდა, მან უკვე მოითხოვა, მინდა ჩემი ფოტოგრაფი მყავდესო (ყველას არ აღებინებდა ფოტოს) და ასე დამნიშნეს შევარდნაძის პირად ფოტოგრაფად. სიცოცხლის ბოლომდე ვემსახურე. ყველამ რომ უღალატა, მე თითქმის დღეგამოშვებით მასთან ვიყავი, კრწანისში. ათას რამეზე ვსაუბრობდით... 2000 წელს, რაღაც უთანხმოება მომიხდა კახა იმნაძესთან (შევარდნაძის პრესმდივანთან), განცხადება დავწერე და "საქინფორმიდან“ წავედი. ბატონმა ედუარდმა ისე იცოდა, თითქოს უკეთესი სამსახური ვიშოვე და ამიტომ გადავედი. მერე, უკვე კრწანისში რომ დავდიოდი, მითხრა, 1-2-ჯერ რომ მოგიკითხე, კახამ ასეთი პასუხი გამცა, სერგომ უკეთესი სამსახური იშოვაო. აღარ დამიწყია ჭორაობა და ახსნა, აზრი არ ჰქონდა.

  • "მას ძალიან უყვარდა ჟურნალისტები..."

ბატონი ედუარდი ძალიან კარგი მოსაუბრე და მსმენელიც იყო. ჩვენ პოლიტიკაზე არასდროს გვილაპარაკია, უფრო ცხოვრებისეულ თემებზე, ან პერსონალიებზე ვლაპარაკობდით. პენსიაზე როცა იყო, 1-2-ჯერ გერმანიაში წავედით ერთად, მისი წიგნი გამოვიდა და პრეზენტაცია გაიმართა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ის სრულიად მენდობოდა. ოფიციალურ გადაღებებზე როცა ვიყავით, მისი პრეზიდენტობის დროს, 100 გამწკრივებული ჟურნალისტი რომ იღებდა, იმ ჯგუფში მპოულობდა და ვგრძნობდი, მზერას პირდაპირ მე რომ მისწორებდა.

სერგეის მეძახდა და საღამოობით მეტყოდა ხოლმე - სერგეი, დაიღალე? ასეც რომ ყოფილიყო, ვუარობდი, რა თქმა უნდა. ალბათ მოგშივდაო, დაამატებდა. ის ძალიან ყურადღებიანი იყო და ვერც ვერაფერს გამოაპარებდი. შევარდნაძეს ძალიან უყვარდა ჟურნალისტები, გინდ კრიტიკული ყოფილიყო, გინდ - მაამებლური. უთქვამს ჩემთვის, სიამოვნებით ვუყურებ "დარდუბალას“, სულ არ ვბრაზდებიო. ძალიან მოსწონდა მისი თოჯინა.

  • "ჩვენ ჟესტების ენით ვსაუბრობდით"

როგორც ობიექტი, სულ არ ყოფილა პრეტენზიული. როცა იცოდა, ფოტოგრაფები უღებდნენ, არასდროს ისეთ მოძრაობას არ გააკეთებდა, ცუდად გამოსულიყო, გამომუშავებული ჰქონდა, დიდი გამოცდილება მიიღო. თავს რომ ოდნავ დახრიდა, ვიცოდი, გადაღება უნდა დამესრულებინა, ჟესტების ენაზე ვსაუბრობდით.

ფოტოგრაფი რაც მეტ ფოტოს გადაიღებ, ამოსარჩევად უკეთესია. მაგალითად, კრწანისში სტუმრები როცა მოდიოდნენ და ვუღებდი, ამომხედავდა და უკვე ვიცოდი, საკმარისი იყო. ორივეს შემუშავებული გვქონდა.

საოცარი იუმორი ჰქონდა, მე მაინც ყოველთვის ვიცავდი სუბორდინაციას, ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, მე კი ერთი ჩვეულებრივი ფოტოგრაფი ვიყავი. დღევანდელი ფოტოგრაფები პრეზიდენტებთან სახლშიც დადიან და აგარაკებზეც, ერთად ქეიფობენ... მაშინ ასე არ იყო და ჩემთვის დიდი რამე იყო, სახლში რომ მიმიპატიჟებდნენ. ერთხელ, კრწანისში ედუარდის მთელი ოჯახი შეიკრიბა, გადავიღე ფოტოები და როცა დაიშალნენ, სამნი დავრჩით - მე, შევარდნაძე და მისი მეუღლე. მერე ვბჭობდით, რამდენი დავბეჭდოთ, ვის საჩუქრად რომელი ფოტო გავუმზადოთ და ა.შ. კარგიო, მითხრა, სანამ სურათებზე გადავალთ, ეს კონიაკი გადაჰკარი, ნუ გეშინია, "იქიდან“ არის მოტანილი, "სპეცზაკაზიაო“.

თვითონაც უყვარდა გადაკვრა. უკანასკნელ წუთამდე სიამოვნებით მიირთმევდა, ოღონდ, მხოლოდ კონიაკს, სხვა სასმელს არ იკარებდა. მას თავისი კონიაკი ჰქონდა, რომელზეც შეჩვეული იყო. დიდებული და უბრალო კაცი იყო. ზოგი "თეთრ მელას“, ზოგი რას ეძახდა, ამ დროს, ოჯახში, მეგობრებში, უშუალო, ძალიან მეგობრული იყო და მასთან კამპანიას არაფერი სჯობდა. ხშირად მოდიოდა მასთან ჯანუკი, რეზო ამაშუკელი, არმაზ სანებლიძე და სხვები. მისი სამეგობრო ერთად რომ შეიკრიბებოდა, მერე უნდა გენახათ ლხენა.

  • ერთადერთი ფოტო, როგორც მტკიცებულება

მე მაინც დისტანციას ვიჭერდი, მორიდებული ვიყავი. ახლა პრეზიდენტებთან სელფებს რომ იღებენ, ამდენი წელი ვმუშაობდი მასთან და ერთადერთი ერთობლივი ფოტო მაქვს - პენსიაზე ახალი გასული იყო, კრწანისში მოსაცდელი ჰქონდა, ე.წ. ბესედკა და თვითონ მთხოვა, მოდი, ერთად გადავიღოთ ფოტოო, გვერდით დამისვა და გადავიღეთ, თორემ ვინ დამიჯერებდა, ამ კაცთან რომ ვმუშაობდი და ახლოს ვიყავი? მიყვარს ეს ფოტო და თუ დაბეჭდავთ, გამიხარდება.

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ვნახე. ხშირად დავდიოდი მასთან, უკვე ვეღარც მეტყველებდა, მაინც ჩვენებურად გვაგებინებდა ყველაფერს. ძალიან უშუალო იყო და პენსიაზე როცა გავიდა, უფრო გაიხსნა. როცა იქ მისი სამეგობრო იკრიბებოდა, მიდიოდა შაყირი, იუმორი... პატრიარქი მასთან ბოლომდე, ყველა დაბადების დღეს და საეკლესიო დღესასწაულებზე დადიოდა და ულოცავდა, მასთან ძალიან ახლოს იყო.

შევარდნაძეს ჩემი გადაღებული ყველაფერი მოსწონდა. კომუნისტების დროს გაზრდილი ფოტოგრაფი ხომ იცით, ცოტა სხვანაირად იქცევა - ჩემს ფოტოებს პირველ ცენზურას მე ვადებდი, მერე უკვე დამუშავებული და გაკრიალებული მიმქონდა მასთან. სულ მის გვერდზე რომ ვიყავი, ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასება ეს იყო. პრეზიდენტი ყველასთან ახლოს ვერ იქნება. 1975-დან 85 წლამდე და მერე 91-დან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მასთან ვიდექი.

  • "ყველა ფოტოს უკან არის ჩემი უკმაყოფილება"

ამის შემდეგ ვიყავი სანდრა რულოვსის ფოტოგრაფიც. მასთან 1 წელი ვიმუშავე. არ ვიცი, ვისი რეკომენდაციით, მაგრამ თვითონ დამიძახეს. მერე, მიშასთან მომივიდა უთანხმოება და წამოვედი, ეს დიდი ისტორიაა, არ მინდა ამაზე საუბარი.

სანდრა რულოვსი

17 წიგნი მაქვს გამოცემული საქართველოზე, წიგნი კი არა, უფრო სწორად, ფოტოალბომებია თანდართული ტექსტებით. ჩემი ლოგო ავიღე - "მოგზაურობა საქართველოში“ და ამ ლოგოთი ვამზადებ მე-18 წიგნს "მოგზაურობა აჭარაში“. სიმართლე თუ გინდათ, ჩემი ნამუშევრები არ მომწონს, სულ იმის განცდა მრჩება, უკეთესის გადაღება შემეძლო. საერთოდ ძალიან მიყვარს შავ-თეთრი ფოტო, კლასიკური ფორმაა ფოტოგრაფიის, ფერადი ფოტო მატყუარაა - ხალხსაც ატყუებს და შენც. მეუბნებიან, უნივერსალური ფოტოგრაფი ხარო, ვინაიდან პორტრეტსაც ვიღებ, პეიზაჟსაც, სპორტსაც, ჟანრულ ფოტოგრაფიასა და ფოტოჟურნალისტიკაშიც ვარ, აბსტრაქტულ ფოტოგრაფიასაც ვაკეთებ და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ საყვარელ ჟანრს და ფოტოს ვერ დავასახელებ. გულახდილად გეუბნებით, ჩემი არც ერთი ფოტო არ მომწონს, ყველა ფოტოს უკან არის ჩემი უკმაყოფილება, ხალხს კი მოსწონს...

ჟიული შარტავა, აფხაზეთის ომის დროს

  • მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფის ასეულში

იყო ასეთი ფოტოგრაფი - სიმონ კილაძე, უმაგრესი ფოტოხელოვანი, 80-იან წლებში გარდაიცვალა. მან დამაყენა ფეხზე, ჩამოვაყალიბეთ ფოტოკლუბი "თბილისი“, სადაც გაერთიანებული იყო ბევრი ფოტოგრაფი. ფოტოგრაფიული ცხოვრება ჩქეფდა, ისე კი არა, დღეს რომ ყველა ჩაკეტილია. ჩემი შვილი ახლა ამერიკაშია, ისიც იღებს, ხოლო შვილიშვილი ჩემზე უკეთესი ფოტოგრაფია, ისიც ამერიკაშია და სწავლობს დიზაინის და ფოტოხელოვნების სასწავლებელში, მან გააგრძელა ჩემი გზა.

1980 წელს მსოფლიოს საუკეთესო 100 ფოტოგრაფს შორის დამასახელეს. მონაწილეობა მივიღე კონკურსში - "1 დღე საბჭოთა კავშირის ცხოვრებიდან“. მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტოგრაფი შევიყარეთ ერთად (სსრკ-დან ვიყავით მე და 2 რუსი ფოტოგრაფი), გაგვანაწილეს და მე ციმბირი შემხვდა, იქ ვიღებდი. ომსკში გავიცანი ელცინი, ჩავედი, დამახვედრეს ვერტმფრენი, ყველაფერი კრემლის დონეზე იყო ორგანიზებული. მსოფლიოს 100-მა ფოტოგრაფმა ერთ დღეს გადაიღო ყველაფერი და ჩაიტანა მოსკოვში. გამოიცა უზარმაზარი, ძალიან ძვირფასი წიგნი. მერე მიწვევდნენ და ვაშუქებდი ოლიმპიადებს, სპარტაკიადას... სხვათა შორის, სპორტს კარგად ვიღებდი...

ამჟამად ჩემი თავის პირადი ფოტოგრაფი ვარ. რაღა დროსია, არც არავის ვჭირდები, ისეთი დროა, გაგჭყლეტენ ბაღლინჯოსავით. მირჩევნია, ჩემთვის წყნარად ვიმუშაო.

1993-დან 2000 წლამდე ვიყავი "საქინფორმის“ ფოტოქრონიკის მთავარი რედაქტორი, ამასობაში როიტერის სააგენტოშიც ვიმუშავე, ტასს-შიც. ჩემს ცხოვრებაში არაფერი ჩამიწყია, ვინმე თუ შემომთავაზებდა, ავწონ-დავწონიდი და მერე ან თანხმობას ვეტყოდი, ან - უარს. არც ფოტოგამოფენებზე გამიგზავნია ჩემი ფოტოები, ცხოვრებაში არც პერსონალური გამოფენა მომიწყვია. 100 წელი ვიცხოვრო და მერე არქივიც აქ არის და თუ მოუნდებათ, გააკეთებენ სერგო ედიშერაშვილის გამოფენას, ან რაღაც წიგნს გამოსცემენ, მე ამისთვის ნამდვილად არ მცალია. ვინ მოთვლის, რამდენი ფოტო გადამიღია, 1-2-ჯერ საერთოდ გამინადგურდა არქივი. "საქინფორმში“ როცა ვმუშაობდი, წყალი ჩამოვიდა და 1969-დან 1976 წლამდე რაც კი მქონდა გადაღებული, ათასობით ნეგატივი გადავყარე, წარმოგიდგენიათ, რამდენი იქნებოდა?

  • "შანსი არ იყო ფოტოაპარატის გარეშე დამეძინა“

ჩემთვის ფოტოხელოვნება ყველაფერია. ცოტა ახალგაზრდა როცა ვიყავი, ის ჩემი ძილის წამალი იყო, შანსი არ იყო ისე დამეძინა, ხელში ფოტოაპარატი არ მჭეროდა. ხომაა ზოგიერთი, წიგნთან ერთად იძინებს, მე - ფოტოაპარატთან. "ნიკონების“ ძველი მოდელები მაქვს და იმით ვმუშაობ. ცნობილი ფოტოგრაფების ნათქვამია, მომეცით ვედრო ნახვრეტით და მე თქვენ გაგიკეთებთ ნორმალურ ფოტოს. მთავარია ხედვა და პროფესიონალიზმი, თორემ აპარატს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. როცა ჩემი აპარატით გავდივარ და ახალგაზრდებს ვუყურებ, ისეთი აპარატები ავქთ, ახალგაზრდობაში რომ არც დამსიზმრებია, ცოტა მრცხვენია, მაგრამ თან არ მრცხვენია. თავართქილაძის უნივერსიტეტში ვასწავლი ფოტოჟურნალისტიკას და ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ამას ვეუბნები, არასდროს გამოეკიდოთ ფოტოაპარატის ღირებულებას და ბრენდს, მთავარია, თქვენში ისეთი ხედვა შეიმუშაოთ, რომელიც სხვას არ აქვს და ვერ ნახულობს. ესაა მთავარი ფოტოგრაფისთვის, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.