ავტორი:

მასშტაბური სპეცოპერაცია ვარშავაში - პოლონელმა სამართალდამცავებმა 4 ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, "ლავასოღლიმ" კი თავს ამჯერადაც უშველა

მასშტაბური სპეცოპერაცია ვარშავაში - პოლონელმა სამართალდამცავებმა 4 ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, "ლავასოღლიმ" კი თავს ამჯერადაც უშველა
  • ფოტომონტაჟი: ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების შეკრება ვარშავაში, 2020 წელი და მინდია გორაძე

პოლონური მედიის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ვარშავაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროს 4 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. მომხდარის დეტალებს დაწვრილებით აღწერს საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმი", რომლის ცნობითაც, ვარშავაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების დიდი შეკრება მოეწყო, რომელზეც მინდია გორაძეს, იგივე "ლავასოღლის", მის თანამოაზრეს ვარლამ კუხიანიძეს, იგივე ვატიასა და ავთანდილ ტუღუშს, იგივე ავთო "სამტრედსკის" შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება იგეგმებოდა.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, "სხოდკაზე“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 35-მდე ე.წ. კანონიერი ქურდი ჩავიდა, რაც კრიმინალური ავტორიტეტების თავშეყრის უპრეცედენტო რაოდენობაა.

როგორც ცნობილია, პრობლემის მოგვარება კრიმინალური სამყაროს წევრებმა ვერ შეძლეს, რადგან მათი შეკრების დრო და ადგილი პოლონელი სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა.

სააგენტოს წყაროს ცნობით, პოლიციელებმა ზუსტად იცოდნენ, ვინ უნდა დაეკავებინათ, ისინი მინდია გორაძეს, იგივე "ლავასოღლის" ეძებდნენ. მან ახლობლების დახმარებით პოლიციელთა შტურმს თავი დააღწია.

პოლონეთის პოლიციამ 4 ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი რამაზ ჯინჭარაძე, ალეკო პავლიაშილი, სულხან თვალჭრელიძე და მამუკა კვიჟინაძე დააკავა, მათგან ორს - კვიჟინაძეს და თვალჭრელიძეს საქართველო წითელი ცირკულარით ეძებს.

სააგენტოს წყაროს ცნობითვე, კრიმინალური ავტორიტეტები ფიქრობენ, რომ სხოდკასთან დაკავშირებით პოლიციამ ინფორმაცია, სავარაუდოდ, ავთანდილ ტუღუშის გარემოცვიდან მიიღო.

როგორც ამბობენ, შეხვედრა ორ მხარეს შორის, დიდი ძალისხმევის შედეგად დაიგეგმა. ისინი ჯერ თარიღზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, შემდეგ კი ორივე მხარეს შეხვედრის ადგილის ვერსიები უნდა დაესახელებია და აქედან ყველაზე კარგი ადგილი შეერჩიათ. თუმცა, ავთოს მხარდამჭერებმა დაარღვიეს პირობა და ადგილი არ დაასახელეს.

საბოლოო ჯამში, ისინი შეიკრიბნენ, თუმცა მათ პოლიციელთა შტურმის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. როგორც ამბობენ, პოლიცია რომც არ მისულიყო, ისინი მაინც ვერ მორიგდებოდნენ, რადგან ავთო ტუღუშთან რამდენიმე მძიმე საკითხია გასარკვევი.

ჯერ ბუნდოვანია, ეს ამბავი როგორ გაგრძელდება, რადგან ავთო, რომელიც ჯერ გალახეს და შემდეგ "ქურდის“ სტატუსი ჩამოართვეს, ჯერ კიდევ ცდილობს საკუთარი ავტორიტეტის გაძლიერებას.

როგორც ცნობილია, ავთანდილ ტუღუშს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი, იგივე "ტარო" უჭერს მხარს, თუმცა მინდია გორაძისა და ვარლამ კუხიანიძის მფარველად კრიმინალური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ფიგურა შაქრო კალაშოვი სახელდება. ყველასთვის ცნობილია, რომ შაქრო კალაშოვი ღიად არ დგამს ნაბიჯებს და ფიქრობენ, რომ 63 წლის ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანისა და მისი გარემოცვის დისკრედიტაციის უკან, სწორედ შაქრო კალაშოვი დგას.

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმი" წერდა, რომ ტარიელ ონიანი ყველა მოწინააღმდეგეს დაჰპირდა, რომ ჯოჯოხეთს მოუწყობდა, ეს კი 40 წლის ბათუმელი კრიმინალური ავტორიტეტიდან დაიწყო.

40 წლის მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი ბათუმსკი", ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან "კანონიერ ქურდად" მიიჩნევა.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მინდია გორაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. იმავე წელს "ავტორიტეტი" იარაღის უკანონო შენახვისთვის თურქეთში დააკავეს.

2020 წელს გორაძე ექსტრადირებული იქნა ბელარუსში, სადაც იგი საქართველოს მოთხოვნით დააკავეს. თუმცა, მინდია გორაძემ სამართალდამცავებისგან თავის დაღწევა და უკრაინაში გაფრენა მოახერხა... ბოლო პერიოდში ის პოლონეთში იმყოფებოდა.

მოამზადა ნიკა გულუამ