ავტორი:

"აფხაზეთს ფულიანი რუსები შემოესივნენ... ამჯერად ბიჭვინთა-მუსერას აგარაკების კომპლექსი სურთ" - ანქვაბის ე.წ. მთავრობა რუსეთისთვის უძრავი ქონების გადაცემაზე მუშაობს: რას ამბობენ ადგილობრივები?

"აფხაზეთს ფულიანი რუსები შემოესივნენ... ამჯერად ბიჭვინთა-მუსერას აგარაკების კომპლექსი სურთ" - ანქვაბის ე.წ. მთავრობა რუსეთისთვის უძრავი ქონების გადაცემაზე მუშაობს: რას ამბობენ ადგილობრივები?

ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის თემაზე რუსეთი აქტიურად მუშაობს. ამჯერად განხილვის თემაა ბიჭვინთა-მუსერას სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი. აფხაზური მედიის ცნობით, რუსული მხარე ცდილობს, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობისგან საკუთრებაში მიიღოს 186 ჰა-ზე გაშენებული აგარაკები.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, აფხაზეთის "პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის" წარმომადგენლები ე.წ. პარლამენტს მოუწოდებენ, რომ მათმა ხელმძღვანელობამ რუსეთთან გაფორმებული რატიფიცირების შეთანხმებაზე იმუშაოს, რაც ბიჭვინთაში არსებული საზღვაო აკვატორიის ნაწილისა და სანაპირო ზოლის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას გულისხმობს.

გამოცემის ცნობით, "პარლამენტის" გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობდა ადგილობრივი სახალხო დამცველი და ბიჭვინთის ხელმძღვანელობა, ასევე, ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, რომლის თქმითაც, შეთანხმება სრულიად არის მორგებული აფხაზეთის ინტერესებს.

"შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა და რუსეთის ფედერაციისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას, ასევე საზღვაო აკვატორიის მონაკვეთისა და მასთან არსებული სანაპიროების დაინტერესებული მხარისთვის იჯარით გადაცემას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებაშივე არის მითითებული ბიჭვინთის 8, 9 და 10 ნომრის მქონე სახელმწიფო აგარაკები და "კაგებეს" მე-9 სამხედრო ქალაქის ცნობილი საცხოვრებელი ობიექტი" - წერს ekhokavkaza.com.

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის მიყიდვის თუ გადაცემის საკითხს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ადგილობრივებში. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევენ, რომ მსგავსი შენობა-ნაგებობები დროთა განმავლობაში უპატრონობისგან ინგრევა და გამოუსადეგარი ხდება, ამიტომ თუ ის ქვეყნის ბიუჯეტში მოგებას შეიტანს და ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილები გაჩნდება, ჯობია დროულად მიყიდონ რუსებს...

"აფხაზეთი იმხელა ქვეყანა არ არის, რომ 186 ჰა მიწის ნაკვეთი ასე უბრალოდ მისცე ვიღაცას. რას აკეთებს ეს ჩვენი ხელისუფლება, ვერ გავიგე... ყველამ ვიცით, აფხაზეთს ფულიანი რუსები შემოესივნენ, ასე თუ ისე, თუ მათთვის სასურველ მოგებას ვერ მიიღებენ, თანხა სულ დაკონსერვებული მაინც არ ექნებათ... მე ველოდები, რომ დიდი რუსული ფულის შემოსვლის კვალდაკვალ, ცუდი პროცესები დაიწყება, პირდაპირ ვიტყვი, ეს იქნება აფხაზეთის მიწის რუსეთისთვის მიყიდვის ან პირდაპირ გადაცემის პროცესი" - წერს ირაკლი სუხუმსკი.

ადგილობრივების თქმით, ბიჭვინთის გაყიდვის საკითხი "სომხური ლობის" ინიციატივა იყო და გაიმარჯვეს კიდეც". აფხაზურ მედიას, ე.წ. პარლამენტის სხდომის ერთ-ერთი წარმომადგენელი უყვება, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ე.წ. დეპუტატებმა ალხას ბარციცმა, ლევონ გალუსტიანმა, ახრა ფაჩულიამ და თემურ შერგელიამ.

"ყველამ ხომ ვიცით, რომ გალუსტიანის კლანმა და გავლენებმა გაიმარჯვა?.. ასეთი უსუსურობის განცდა არასდროს მქონია. გაგრა მთლიანად გაყიდულია, სოხუმში უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ ყიდულობენ რუსები სანაპირო ზოლს, იქ შესვლა ფასიანია. ახლა კი, 200 ჰა-მდე მიწას ვჩუქნით და ყველაფერი ამით არ დასრულდება - მთავარია, პრეცედენტი შეიქმნას და მერე დანარჩენს ერთიანად მიყიდიან" - მიაჩნია სოხუმელ ვერა ლოგუას.