ავტორი:

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთს, კახა ბაკაშვილს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შესაბამისად, ბაკაშვილმა სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბაკაშვილის ადვოკატი, ლაშა სტურუა განმარტავს, ბაკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

"აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც ის პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მისი პიროვნების, მისი პოლიციაში 23-წლიანი უმწიკვლო მუშაობის გათვალისწინებით, მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რაც დაამტკიცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა“, - განაცხადა სტურუამ.

მისივე თქმით, პატიმრობიდან გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორი ამ ეტაპზე, სამსახურში დაბრუნებას არ გეგმავს.

"ვიდრე პირობითი მსჯავრი არ მოეხსნება, სტატუსი არ აღუდგება, როცა ნასამართლობა გაუქარწყლდება, თავად ორგანოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუკი, ბაკაშვილი მათ მიმართავს და ამის სურვილი ექნება. მე რამდენადაც ვიცი, მას ამ ეტაპზე, ორგანოებში დაბრუნების დიდი სურვილი არ აქვს, თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა სტურუამ.

ცნობისთვის, 23 იანვარს, მეტროსადგურ "ისანში“ არასრულწლოვანთან მიმართებაში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პატრულ-ინსპექტორი - კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე დააკავეს. ბაკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, მისი მეწყვილე პატრულ-ინსპექტორის მიერ შშმ პირის ცემის მომენტში ის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტში არ ჩარეულა და ძალადობის შეჩერება არ უცდია.

რაც შეეხება ნუკრი ბაქრაძეს, მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.