"სამყაროში სრულყოფილება არ არსებობს, მაგრამ ჩვენს პლანეტაზე ამასთან ყველაზე ახლოს ნაიკას კრისტალებია" - დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე გამაოგნებელი გამოქვაბული და მისი ისტორია

"სამყაროში სრულყოფილება არ არსებობს, მაგრამ ჩვენს პლანეტაზე ამასთან ყველაზე ახლოს ნაიკას კრისტალებია" - დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე გამაოგნებელი გამოქვაბული და მისი ისტორია

მექსიკაში, ნაიკას მახლობლად, მთის ქვემოთ, მაღაროელები, რომლებიც 2000 წელს ახალი მადნის საბადოებს ეძებდნენ, მოულოდნელ და გასაოცარ სანახაობას წააწყდნენ. მთელი მსოფლიო გაოგნებული იყო, როცა ნაიკას კრისტალების გამოქვაბულის პირველი ფოტოები გამოქვეყნდა. დღესაც კი, მღვიმის აღმოჩენიდან 22 წლის შემდეგ, ის კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილად რჩება დედამიწაზე.

  • რამ შეუწყო ხელი კრისტალების ზრდას?

კრისტალები სიერა დე ნაიკას მთაზე, მღვიმეში, 300 მეტრის სიღრმეზეა. გამოქვაბულის კედლებსა და ძირიდან ამოზრდილმა კრისტალებმა, სულ მცირე, ნახევარი მილიონი წლის განუწყვეტელი ზრდა გაიარეს. მეცნიერების ვარაუდით, სელენიტის კრისტალები ამ ზომამდე რომ გაზრდილიყო, 500 000-დან 900 000 წლამდე დრო უნდა ყოფილიყო საჭირო.

  • ცოტა რამ სელენტიზე

მინერალის ქიმიური ფორმულა: CaSO4*2H2O

სიმკვრივე: 2 – 2.5

ფერი: თეთრი, სტაფილოსფერი, ყავისფერი, ყვითელი.

სახელწოდება სელენიტი ბერძნულიდან მოდის და მთვარეს ნიშნავს. სელენიტი საკმაოდ რბილი მინერალია, ამიტომაც მისგან სამკაულს ხშირად არ ამზადებენ.

გამოქვაბული, სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია, სიგანეში კი - 10. ის ათობით ათასი წლის განმავლობაში მიწისქვეშა წყლებით იყო სავსე და მასში ტემპერატურა 60 გრადუსამდე აღწევდა, რაც კრისტალების ზრდას განაპირობებდა. სელენიტის კრისტალებიდან ბევრი სიგრძეში 4-6 მეტრამდეა, მათგან ყველაზე დიდი კი, 11 მეტრი სიგრძისა და 1 მეტრი სისქისაა. მათ საარსებოდ, მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებაა აუცილებელი, მისი კლების შემთხვევაში, მინერალი დაიშლება და თაბაშირად იქცევა.

გამოქვაბულის მომაკვდინებელი პირობები

2000 წელს, ნაიკას გამოქვაბულში, პირველად ფეხი მეცნიერმა კარლოს ლაზკანომ შედგა. ის დღემდე აღფრთოვანებით იხსენებს ამ დღეს:

"ეს გასაოცარი იყო! განცვიფრებული ვიყავი არა მხოლოდ კრისტალების ზომებით, არამედ არსებული გარემოს აგრესიულობით. ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევდა, ტენიანობა კი 100%-ს".

ამგვარი პირობების გამო, მეცნიერებმა 5 წუთზე მეტი დრო ვერ დაჰყვეს მღვიმეში: "ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ვკვდებოდით!"

  • ექსპედიცია კრისტალებით სავსე მღვიმეში - Naica Project

ამის შემდეგ, კარლოს ლაზკანომ და მისმა მეგობარმა მეცნიერმა გადაწყვიტეს, რომ იტალიის La Venta-ს ასოციაციის მკვლევარებისთვის მიემართათ, რომლებიც მიწისქვეშა ექსპედიციებს აწყობდნენ და ასე დაიწყო Naica Project. ექსპედიცია 12 -დღიანი კვლევისგან შედგებოდა. კვლევაში მონაწილე მინერალოგისტთაგან ერთ-ერთი იყო პაოლო ფორტი. როცა სთხოვეს, რომ მღვიმეში მიღებულ გამოცდილებაზე ესაუბრა, მან თქვა:

"ჩემი ახალგაზრდობის ყველაზე ველურ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ასეთი კრისტალების ნახვას. თეორიულად, სამყაროში სრულყოფილება არ არსებობს, მაგრამ ჩვენს პლანეტაზე სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოს ნაიკას კრისტალებია".

წყარო: mexiconewsdaily

მოამზადა: ანა სიბოშვილმა