ავტორი:

"კელი დეგნანმა და ამერიკის საელჩომ შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც ჩამოსვლისთანავე ივანიშვილს სახლში ეახლა" - რატომ გახდა ევროპარლამენტიდან დეოლიგარქიზაციის განმარტება საჭირო?

"კელი დეგნანმა და ამერიკის საელჩომ შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც ჩამოსვლისთანავე ივანიშვილს სახლში ეახლა"  -  რატომ გახდა ევროპარლამენტიდან  დეოლიგარქიზაციის განმარტება საჭირო?
  • ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი და კელი დეგანანი, 2020 წელი

13 ივლისს, ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა კოლეგებს საქართველოს შესახებ ანგარიში წარუდგინა. ევროპარლამენტში გამართული უმწვავესი დებატების ბოლოს გადაწყდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა 2023 წლისთვის გადაიდო. როგორც ჩანს, ოფიციალური ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებისგან რეფორმების სიღრმისეულ განხილვას ელოდება და ამისათვის საკმარისი დრო მოგვცეს.

ევროკომისიის წარმომადგენელი მიხაილ რუპის განცხადებით, ქართულ პოლიტიკურ ელიტას რეფორმების გასატარებლად მეტი დრო უნდა მიეცეს, ამიტომ ევროკავშირი მათ არ დააჩქარებს.

"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ევროკავშირის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულებისთანავე საქართველოს კანდიდატის სტატუსიც მიენიჭება.

ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლიტიზირებისას საერთო მაგიდასთან დაჯდომისას, რათა სიღრმისეულად იმუშაონ რეფორმებზე. როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტეტები 2023 წლისთვის. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე“, - განაცხადა მიხაილ რუპმა.

დებატების მთავარი თემა ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. ოლიგარქიული რეჟიმი იყო. ევროპარლამენტარებმა "ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ და დამარცვლით უთხრეს, ვის გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ ქვეყნის დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს.

"ქართველი ხალხი ჩვენს მხარდამჭერას იმსახურებს და მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ მოვლენების განვითარება, როგორც ჩვენი კოლეგისგანაც გავიგეთ, შემაშფოთებელია. ვიტყოდი, რომ საქართველო ერთი პიროვნების ტყვეობაშია. და თუ "ქართული ოცნება" ვერ იგებს რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროპული კომისიის მიერ იყო ნახსენები, გაგებაში დავეხმარები - ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას. ეს სჭირდება საქართველოს, რათა ერთი ადამიანის ტყვეები არ იყვნენ", - განაცხადა ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიანემ.

ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე, ambebi.ge-სთან საქართველოს სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწევას ასე ხსნის:

"ობიექტურად რომ შევაფასოთ, სიტუაცია არის ასეთი: ისინი კარგად ხვდებიან იმას, რომ რეფორმები, რომლებიც ხელისუფლებამ 10 წელში ვერ გაატარა, 6 თვეში ვერ მოესწრება და მათი "არა“ იქნებოდა ძალიან მტკიცე. განა ის, რომ საქართველოსთვის "კის" მოცემის დიდი სურვილი აქვთ, არამედ უნდათ, რომ ეს შანსი და მათი შემდგომი პასუხი თუ ნეგატიური იქნება, იყოს ძალიან საფუძვლიანი, არგუმენტირებული და დალაგებული. მოგვიანებით თუკი მოგვცეს სტატუსი, ამ შემთხვევაში ეს სტატუსი იქნება ასევე საფუძვლიანი, რადგანაც საქართველო რიგი რეფორმების ამ პერიოდში გატარებას შეძლებს. 6 თვე მართლაც ძალიან პატარა დრო იყო, თითქმის უშანსოდ ვიყავით და აქედან გამომდინარე, ერთმა წელმა ლავირებისა და კონკრეტული მოქმედების უფრო დიდი საშუალება მოგვცა. ამასთანავე, ეს არის ერთგვარი რისკი იმიტომ, რომ თუ კი საქართველომ არ გადადგა სათანადო შემხვედრი ნაბიჯები, ჩვენ ასეთი შანსი შეიძლება ასი წელი აღარ მოგვეცეს.

დასავლეთის ჩანაფიქრი საქართველოსთვის არის მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობის ხელის გამოწვდა. დასავლეთს თუ საქართველოს მიმართ ინტერესი არ ექნება, მასზე უარი რომ თქვას, ამაზე მეტი გაუბედურება, არაფერი იქნება. უბრალო უარიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საქართველო პოლიტიკურ აპოკალიფსში აღმოჩნდეს. მისი განვლილი 30-წლიანი გზა, რომელსაც უმტკივნეულესი საგარეო პოლიტიკური გამოწვევები მოჰყვა, უბრალოდ, წყალში ჩაიყრება - საქართველომ რაც გააკეთა, რა ნაბიჯებიც გადადგა, რაშიც მონაწილეობა მიიღო, რა ალიანსებშიც გაწევრდა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება და ეს საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, დიდი დარტყმა იქნება. რაც შეეხება იმ ნარატივს, რომ დასავლეთს საქართველოში ფერადი რევოლუცია უნდა, ამას ვერც ევროკავშირში გადაწყვეტენ და ვერც ვერსად. რევოლუციას თუ ვინმე მოაწყობს, ეს იქნებიან საქართველოს მოქალაქეები. მათ თუ არ აქვთ რევოლუციური განწყობა, ის არც მოხდება. იმაზე საუბრები, რომ ვიღაცას ომი და რევოლუცია უნდა, ეს არის სასაცილო. რევოლუციებზე აპელირება ეს არის პოლიტიკური ტაქტიკა, თითქოს დასავლეთი მტერია, მას არევა უნდა, რაც არის ანტიდასავლური კი არა, მოკავშირის საწინააღმდეგო განცხადება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დაზარალება შეუძლია. ამით დასავლეთი არ დაზარალდება, არც იმით, რომ გამოვიდეს პრემიერი და წინდაუხედავად ანტიდასავლური განცხადებები აკეთოს, ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. საქართველოა დღეს ძალიან რთულ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევაში და არა დასავლეთი“.

ევროდეპუტატების მიერ დეოლიგარქიზაციის განმარტებას რაც შეეხება, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ "ოცნება“ თვისებრივად არის დაკავშირებული ერთ ადამიანთან, რომელიც მათთვის არის მესიის ტოლფასი და მათი მხრიდან ლოგიკური იქნება ევროპის მიმართ საკმაოდ ხისტი საპასუხო რეაგირება, ვინაიდან დღეს ხელისუფლება სახელმწიფოს და მისი მოქალაქის ინტერესიდან კი არ ამოდის, არამედ ამოდის ერთი პერსონის ინტერესიდან.

"ქვეყანას როდესაც ჰყავს ჩრდილოვანი მმართველი, გამოდის, რომ ხელისუფლება არის მისი. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ემსახურება და მიჰყვება უშუალოდ იმ ინტერესებს და დღის წესრიგს, რომელსაც მოქალაქეები ადგენენ. ჩრდილოვანი მმართველობის პირობებში, ხელისუფლება ემორჩილება არა მოქალაქეს და მისთვის კი არ ზრუნავს (ესაა ოლიგარქიის ტიპიური მახასიათებელი), არამედ მცირე ჯგუფს აქვს ძალაუფლება მთლიანად ხელში მოქცეული და ამ სახელმწიფო ძალაუფლებას თავისი ინტერესების შესაბამისად და სასარგებლოდ იყენებს. ასეთ დროს, გამოდის, ხალხია ყველაზე უარეს მდგომარეობაში. ამ მოცემულობაში, ევროკავშირიდან მაინც განმარტება რომ გახდა საჭირო, უცნაურია, ვინაიდან ყველამ ვიცოდით, ვინ არის ქვეყანაში ოლიგარქი. რაც შეეხება საპასუხო რეაქციას, თუ კი ჩვენ ჩავთვლით, რომ "ოცნება“ თვისებრივად არის დაკავშირებული ერთ ადამიანთან, რომელიც მათთვის არის მესიის ტოლფასი, ამ ლოგიკის პირობებში, მათი მხრიდან ლოგიკური იქნება ევროპის მიმართ საკმაოდ ხისტი დამოკიდებულება - შეიძლება მათი მხრიდან გაკიცხული იყოს ყველა პარტნიორი, ვინაიდან დღეს ხელისუფლება კი არ ამოდის სახელმწიფოს და მისი მოქალაქის ინტერესიდან, არამედ ამოდის ერთი პერსონის ინტერესიდან, რომელსაც დასავლეთიდან ეუბნებიან, რომ ეს ადამიანი ქვეყნის ხელისუფლებას მართავს, როგორც მარიონეტებს. თავისთავად, აქ ბიძინა ივანიშვილს კი არ ებრძვის დასავლეთი, არამედ ივანიშვილს, როგორც ჩრდილოვან მმართველს, რომელიც დღის წესრიგში თავის ინტერესებს სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა აყენებს. აქ ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ დასავლეთი "ოცნების“ და მისი მმართველის წინააღმდეგია. ის ამბობს, რომ თუ კი თქვენ გქვიათ ხელისუფლება, იყავით სახელმწიფოს ხელისუფლება და არა ერთი ადამიანის კომპანიის მენეჯერები. ეს არის მათი ლოგიკა და ხაზგასმა. ხელისუფლებას რამდენად კარგად აქვს ეს გათავისებული, ესაა ახლა დასაკვირვებელი და კარგად შესასწავლი".

გიორგი კობერიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეს სახელმწიფო ლიდერის განცხადებას არ ჰგავს და, სამწუხაროდ, ღარიბაშვილს გათავისებული აქვს, რომ ის არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არამედ ერთი მოქალაქის - ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მენეჯერია.

"ეს არის კარგი მოწაფის მხრიდან მასწავლებლის დაცვის მცდელობა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასე ხდება, რადგან პრემიერ-მინისტრი უნდა იცავდეს სახელმწიფოს და არა ერთ ადამიანს, რომელიც მისი პარტიის ლიდერია. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ღარიბაშვილს ბოლომდე გათავისებული არ აქვს, რომ ის პრემიერ-მინისტრია, მას გათავისებული აქვს, რომ ის საქართველოს ერთი მოქალაქის - ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მენეჯერია. ეს ქვეყნისთვის არაფერს ცვლის, ეს საქვეყნო წერილი არ არის, ამაშია მთელი უბედურება. ადამიანები, რომლებიც რაღაცას ქმნიან, შრომობენ (ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი), ისინი სახელმწიფოსათვის აკეთებენ ამას, მაგრამ როდესაც ქვეყნის პრემიერი რაღაც განცხადებას აკეთებს, რომელიც მისი და კონკრეტული ადამიანების ოჯახების ინტერესებს ემსახურება, ეს არის კლანური და ოლიგარქიული სისტემის მახასიათებელი, სადაც სახელმწიფოზე წინ დგას კლანი, ოჯახი და ვიწრო ინტერესები. ეს სახელმწიფო ლიდერის განცხადებას, სამწუხაროდ, არ წააგავს.“

რაც შეეხება საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აგორებულ კამპანიას, რომელმაც სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ორკესტრირებული ხასიათი მიიღო, ამას პოლიტოლოგი სამარცხვინოს, ანტისახელმწიფოებრივს და ქვეყნისთვის დამაზიანებელს უწოდებს.

"კელი დეგნანმა და ამერიკის საელჩომ შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც ჩამოსვლისთანავე ივანიშვილს სახლში ეახლა. თავიდანვე რომ მას მკაცრი, ნათელი და ხისტი პოზიცია დაეჭირა, კარგი იქნებოდა. ძალიან საეჭვოა და კითხვა მიჩნდება - ამერიკელებმა ახლა აღმოაჩინეს, რომ საქართველოში ოლიგარქიაა, აქამდე არ იყო, თუ ოლიგარქთან საერთო ენას გამონახავდნენ? ვერ გამონახავენ იმიტომ, რომ ოლიგარქია არ დგას დასავლურ ფასეულობებზე. ეს არ არის 80-იანი წლების ცივი ომის პერიოდი, როდესაც დიქტატორებთან მიმართებით ამერიკაში გამოთქმაც არსებობდა - "დიახ, ვიცით, რომ ისინი არიან ნაბიჭვრები, მაგრამ ისინი არიან ჩვენი ნაბიჭვრებიო". ეს იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი კურსი, იცოდნენ, რომ კონკრეტული დიქტატორები იყვნენ ასეთები, მაგრამ თავიანთი ასეთები იყვნენ. დღეს ეს პოლიტიკა აღარ არსებობს, დღეს სხვანაირად არის განაწილებული მსოფლიო და, შესაბამისად, ოლიგარქთან საერთო ენის მოძიების მცდელობა იყო მცდარი, რაც ახლა ამერიკის საელჩოს ასე ხისტად უბრუნდება ოლიგარქის მსახურთა მხრიდან, რაც გასაკვირი არ არის, ვინაიდან ეს ადამიანები მოქმედებენ არა საკუთარი, არამედ ოლიგარქის ინტერესებიდან. ის, რომ ოლიგარქმა საკუთარი ინტერესების შეთავსება და თანხვედრა მოახდინოს დასავლეთთან - ამერიკასთან და ევროპასთან, არის წარმოუდგენლად რთული, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. რაც შეეხება ელჩის მიმართ აგორებულ კამპანიას, არის სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი. შენს ქვეყანაში საკუთარი პარტნიორი სახელმწიფოს უმაღლეს დიპლომატს რომ ასე ეპყრობი და მოქმედებ, ეს არის სახელმწიფოსთვის დამაზარალებელი და ამით შენ დღეს და ხვალ კი არა, გრძელვადიანად კარგავ წარმატებული და შემდგარი სახელმწიფოს იმიჯს“, - ამბობს კობერიძე.

ნანა ფიცხელაური