ავტორი:

სარესტორნო ბიზნესში სამუშაო ძალის დეფიციტის გამო, მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განიხილება - რესტორატორთა ასოციაცია

სარესტორნო ბიზნესში სამუშაო ძალის დეფიციტის გამო, მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განიხილება - რესტორატორთა ასოციაცია

სარესტორნო ბიზნესში კადრების დეფიციტია - ამის შესახებ, "დილის პალიტრის" სტუმარმა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოში სარესტორნო სფეროში მუშახელის მნიშვნელოვანი დეფიციტა, რაც მომსახურების ხარისხზე ნეგატიურად აისახება...

შოთა ბურჯანაძე:

"იმ რთული პერიოდის შემდეგ, როდესაც რესტორნები დაკეტილი იყო კოვიდრეგულაციების გამო, რის პრობლემაც ახლა მოხსნილია, გაჩნდა სხვა გამოწვევები. რეალურად ჩვენ ვართ იმ პრობლემის წინაშე, სადაც არ არსებობს კადრი. ადგილი, სადაც 5 ადამიანი უნდა მუშაობდეს, მუშაობს 3 და 10-ის მაგიერ ხუთი. ეს არ არის დროებითი პრობლემა... თუ ამას სწორად არ მიეხედა, კადრების მომზადების კუთხით, სკოლების შექმნის კუთხით, ორ წელიწადში ის, რაც გვაქვს, აღარ გვექნება და ტურისტი აღარ იქნება დაინტერესებული რომ ჩამოვიდეს.

ასოციაციაში გადავწყვიტეთ, რომ ჩამოსული ლტოლვილი უკრაინელები დავასაქმოთ ამ სფეროში. გარკვეულ ვაკანსიებს ვაწვდით, აქ გვაქვს ენობრივი ბარიერით, მაგრამ ისეთ სამსახურში, რომელსაც ენა არ სჭირდება, ვცდილობთ დავასაქმოთ. არ გაგიკვირდეთ და გეტყვით, რომ საუბარი გვქონდა უზბეკეთიდან ხალხის ჩამოყვანაზე, რათა ისინი დავასაქმოთ...

შავი ზღვისპირეთში ტურისტი უკვე იმატებს და წარმოდგენა არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს. საქართველოში ადამიანები, რომლებიც თავს არიდებდნენ აქ დასვენებას, უცხოეთში მიდიოდნენ, ბათუმი ჩამომსვლელ ტურისტს უმკლავდებოდა. დღეს ისეთი გაძვირებულია თურქეთისა და ევროპის ტურები, რომ ადგილობრივი ტურისტიც აქ ისვენებს და შესაბამისად რთული წარმოსადგენია იმ ინფრასტრუქტურითა და კადრებით, როგორ გაუმკლავდება ამ გამოწვევას.

ჩვენ რეალურად აღარ ვეძებთ პროფესიონალებს, ვეძებთ კადრებს, რომლებსაც უნდათ სწავლა. მიმტანი დღეს მინიმუმ ინგლისურს უნდა ფლობდეს და ის თვისებები გააჩნდეს, რაც სერვისისთვის მნიშვნელოვანია. ასეთი კადრების შექმნა კი საჭიროებს სწავლას..."