ავტორი:

"ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც ინსინიეს ჩაანაცვლებს" - ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი დებიუტი "ნაპოლიში": რას წერს იტალიური მედია და რას ამბობს სპალეტი "კვარას" შესახებ

"ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც ინსინიეს ჩაანაცვლებს" - ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი დებიუტი "ნაპოლიში": რას წერს იტალიური მედია და რას ამბობს სპალეტი "კვარას" შესახებ

მსოფლიოს საფეხბურთო ტოპ ლიგებში ოფიციალური თამაშები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა გუნდები ჩემპიონატებისთვის აქტიურად ემზადებიან და ამ დროისთვის წინასატურნირო ამხანაგური მატჩები მიმდინარეობს.

ქართველების ყურადღება კი ცხადია, ყველაზე მეტად იტალიისკენ და "ნაპოლის" თამაშებისკენაა მიმართული, რომელსაც წელს ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა.

  • 14 ივლისს ნაპოლიმ ამხანაგური შეხვედრა გამართა "ანუნიასთან“, სადაც კვარაცხელიას დებიუტი შედგა. ხვიჩა მოედანზე ძირითად გუნდთან ერთად გამოვიდა და მატჩის პირველი ტაიმი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე გამორჩეული სწორედ ის იყო. კვარაცხელიამ სადებიუტო მატჩშივე ერთი საგოლე გადაცემა და ორი გოლი მიითვალა.

საბოლოოდ მატჩი "ნაპოლის" სასარგებლოდ ანგარიშით 10-0 დასრულდა.

იტალიურმა სპორტულმა გამოცემებმა ქართველი ფეხბურთელის მიმართ ქება არ დაიშურეს და პრესა მის შესახებ სტატიებს დადებით კონტექსტში წერს.

"რამდენიმე დღის წინ სპალეტი ამბობდა, რომ კვარა არ იყო იდეალურ ფიზიკურ ფორმაში, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა ფანებს აჩვენა, რა შეუძლია“, - წერს იტალიური გამოცემა napolicalciolive.

  • ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი მედიასთან შეაფასა "ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ. მან ხვიჩა შეაქო და თქვა, რომ ქართველ ფეხბურთელს ინსინიეს ჩანაცვლება შეუძლია.

"კვარაცხელიას შეუძლია როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ თამაში, ასევე შეუძლია შეტევის დასრულება. ის დიდებული ფეხბურთელია და ვფიქრობთ, მან უნდა ჩაანაცვლოს ინსინიე", - თქვა სპალეტიმ.

ცნობისთვის, ნეაპოლური გუნდის ვარსკვლავი და მთავარი იმედი, ლორენცო ინსინიე MLS-ში ითამაშებს, ის ტორონტოში გადავიდა. ინსინიეს წასვლის შემდეგ კი ლუჩიანო სპალეტი ფსონს კვარაცხელიაზე დებს და მის შემცვლელად ქართველ ფეხბურთელს მოიაზრებს.