ავტორი:

500 ქალი ტექში - პროექტს უკრაინელი ქალები შემოუერთდნენ

500 ქალი ტექში - პროექტს უკრაინელი ქალები შემოუერთდნენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტში „500 ქალი ტექში“ და დასაქმების ფორუმში უკრაინიდან დევნილმა ქალებმაც მიიღეს მონაწილეობა. ომის გამო საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ქალები პროექტის ფარგლებში ციფრულ მარკეტინგსა და ციფრული პროდუქტის ტესტირებას სრული დაფინანსებით სწავლობენ. მათ მონაწილეობს მიიღეს დასაქმების ფორუმშიც, რომელიც პროექტის ნაწილია და ის BTU-მ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, ამ ეტაპზე 60-მდე უკრაინელი ბენეფიციარის გადამზადება მიმდინარეობს.

„პროექტის მიმდინარეობისას დაიწყო ომი და უკრაინელებს საქართველოში ჩამოსვლა მოუწიათ. სწორედ ამიტომ პროექტის მიმდინარეობს პროცესში გაეროს ინიციატივით დამატებითი ჯგუფი შევქმენით. ისინი არიან ქალები, რომელთაც სამშობლოში პროფესია და წარმატებული ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ ომის გამო საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის მიტოვება მოუწიათ. ახლა მიმდინარეობს მათი გადამზადება და დარწმუნებული ვარ, წარმატებითაც დასაქმდებიან. ისინი საქართველოში დროებით არიან, თუმცა ტექნოლოგიების ხიბლი სწორედ ის არის, რომ ცოდნას, რომელსაც მათ ვაძლევთ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოიყენებენ. პროექტის მეორე ეტაპზე უკრაინელი ბენეფიციარების რაოდენობაც გაიზრდება,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

უკრაინელი ბენეფიციარებისთვის პროექტში მონაწილეობა ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდა, რომ ომის პირობებში და სხვა ქვეყანაში დევნილად ყოფნის დროსაც კი შეძლონ და დასაქმდნენ, ეკონომიკურად გაძლიერდნენ. მათ შორის ერთ-ერთია ოლენა პიქსტიროვა, რომელიც აღნიშნავს, რომ პროექტი მათთვის ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა იყო.

„დღეს აქ ბევრი უკრაინელი ქალია, რომლებიც სამშობლოში მუშაობდნენ, ჰქონდათ საყვარელი საქმე, ოჯახი და მშვიდად ცხოვრობდნენ. ჩვენ ვგეგმავდით, მიზანს ვისახავდით და ამ მიზანს ვაღწევდით, თუმცა ერთ მომენტში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ყველაფერმა, რასაც ვგეგმავდით, 1 წუთში შეწყვიტა აზრი. ახლა ცხოვრება თავიდან უნდა დავიწყოთ. სახლიდან, ნათესავებისგან მოშორებით, დევნილად ყოფნა არ არის მარტივი. უმეტესობა ჩვენგანისთვის რთული აღმოჩნდა, მოგვეძებნა სამუშაო ადგილი იმ სფეროში, რომელშიც უკრაინაში ვსაქმიანობდით. ჩვენ არ ვითხოვთ მოწყალებასა და თანაგრძნობას, რადგან არ ვართ სუსტები. გვინდა ვიმუშაოთ და თავი ვიგრძნოთ საჭირო ადამიანებად. სწორედ ამიტომ BTU-ს კურსები გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ახალი ცხოვრების დასაწყებად. მოგვეცა საშუალება ჩვენთვის საინტერესო სფერო აგვერჩია და გვესწავლა. მეცადინეობას ატარებენ გამოცდილი მასწავლებლები, რომლებიც თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გვაძლევენ. მათ ხელჩაკიდებული მივყავართ იმ გზაზე, რომელიც საბოლოო მიზნამდე აუცილებლად მიგვიყვანს,“ - განაცხადა ოლენა პიქსტიროვამ.

დასაქმების ფორუმი, რომელშიც უკრაინელები მონაწილეობდნენ, პროექტის „500 ქალი ტექში“ ნაწილია და მასში მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი 50 კომპანია იღებდა. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ქალებს ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ვაკანსია და დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს.

პროექტი „500 ქალი ტექში“ ტექნოლოგიების სფეროში ქალების მეტ ჩართულობას ემსახურება. ის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.