თუ წერილთან დაკავშირებით კითხვები გაქვს, შემიძლია თუ არა წერილის დაწერა, შეგიძლია ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიხედო და ჩემი ბიოგრაფია გაგცემს პასუხს , - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტის კითხვას, „თავად წერს თუ არა წერილებს, რომელიც მისი სახელით ქვეყნდება“.
ყაველაშვილის თქმით, მის ბიოგრაფიას თუ გადახედავენ, ნახავენ, რომ წერილები დაწერილი აქვს, თუმცა, სხვა სფეროსთან - სპორტთან დაკავშირებით.
"რაც შეეხება წერილს, ის მე დავწერე, არ მგონია, რომ მხატვრულ, განსაკუთრებულ რამეს საჭიროებდეს იქ მოყვანილი ფაქტები და იმ წერილის შექმნა. თუ ჩემი წერილი გაინტერესებთ, ჩემს ბიოგრაფიას გადახედეთ, რა წერილები მაქვს დაწერილი, სფერო სხვაა - ფეხბურთზეა, მაგრამ პოლიტიკაზეც არის საუბარი. თუ წერილთან დაკავშირებით კითხვები გაქვს, შემიძლია თუ არა წერილის დაწერა, შეგიძლია ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიხედო და ჩემი ბიოგრაფია გაგცემს პასუხს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ის აცხადებდა, რომ ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.