ავტორი:

"ჩხიკვაძეს ამის გაკეთება "ოცნებამ" დაავალა... მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვები" - რა შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში მოსამართლის განცხადებას?

"ჩხიკვაძეს ამის გაკეთება "ოცნებამ" დაავალა... მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვები" - რა შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში მოსამართლის განცხადებას?

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელიც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე იყო, განცხადება გაავრცელა, სადაც ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი სასამართლოზე წეზოლაში დაადანაშაულა.

ამასთან მოსამართლემ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ "სასამართლოზე ზეწოლისაგან თავი შეიკავონ".

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ მოსამართლის წერილის შემდეგ აუცილებელია, რომ აშშ-ს საელჩომ განმარტებები გააკეთოს. პირველი, ვინც ჩხიკვაძის ინფორმაციას გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იყო. როგორც აღნიშნავს, მიესალმება მოსამართლეების მხრიდან ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.

თეა წულუკიანი: "სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან. ამიტომაც, მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას. ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის……".

"ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი: "ჩვენი ოპონენტებისგან ყველაზე უხერხულია, როცა, თითქოს, ისინი გულშემატკივრები არიან დასავლური არჩევანისა და ღირებულებების, მაგრამ საკუთარი ხელისუფლების დროს ყველაზე მეტად გააძლიერეს რუსეთი მთლიანად რეგიონში და მხარი დაუჭირეს რუსეთის გაწევრიანებას სავაჭრო ზონაში, მათ ისეთ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, სადაც ომი ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს.

ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი დაახლოება "ქართული ოცნების" დამსახურებაა და ჩვენი ხელისუფლების პირობებშია მიღებული. ჩვენი ოპონენტები მთელი თავისი საქმიანობის ფარგლებში ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოში დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ევროპულ განვითარებას.

აშშ ჩვენი მთავარი პარტნიორია და მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ წლიდან წლამდე ვითარდებოდეს, არამედ მუდმივად. ამის დასტურია ის, რომ საქართველოს მიმართ ორპარტიული აქტი დაინიცირდა, რაც არის მნიშვნელოვანი და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას. ამ ორმხრივ თანამშრომლობას ხელს ვერაფერი შეუშლის და უფრო მაღალი თანამშრომლობის სტანდარტზე ვიქნებით".

"ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი: "რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოსთხოვოს, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა.

ასევე მოვისმინეთ ევროპარლამენტარ გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს. საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. შესაბამისად, ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი სცეს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ჰქვია".

განსხვავებული პოზიცია აქვთ საკითხისადმი ოპოზიციის წარმომადგენლებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე თვლის, რომ მოსამართლეს წერილის დაწერა "ქართულმა ოცნებამ" დაავალა.

მისივე თქმით, ინფორმაციის მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა და მათ მოსამართლეს სრულიად ლეგალურად მიმართეს, რადგან აშშ-ში სწორედ საელჩოს პროგრამით უნდა წასულიყო.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა აღიარა, რომ ის სანქცირებულია - ეს ვაი მოსამართლე სანქცირებულთა სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და უფრო სხვანაირად ვიტყოდი: - ის არის პირველი ყვავი, რომელსაც აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც.

მოსამართლის განცხადება პოლიტიკური განცხადებაა, რომლის გაკეთებაც მას "ქართულმა ოცნებამ" დაავალა. მთავარი განცხადების შინაარსია: - ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის არის სანქცირებული. როგორც იქნა, აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მას აშშ-ს ვიზა გააუქმეს - არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის სანქცია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია: "„პარლამენტის სამი დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვებას და მათი მხრიდან ანტიდასავლური განცხადებების კეთებას დაემატა საკრებულოები, სადაც ანალოგიური განცხადებები გააკეთეს. ვინაიდან, სასამართლოც ამ ხელისუფლების ნაწილია, ახლა იგივე პროცესი სასამართლოში გრძელდება - იქაც გამოჩნდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ესენი აშშ-ში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ არ უნდა ამყოფო, მაგრამ ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, როგორიც ვართ და ისეთი სასამართლო გვაქვს, რაც გვაქვს.

ამ მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ აშშ-ს ელჩი თუ საელჩოს წარმომადგენელი შოკში ჩავარდნენ და მის აზრზე მოყვანას ცდილობდნენ. ჩემი აზრით, ეს მეგობარი ქვეყნისგან მადლობას იმსახურებს, მაგრამ ვინაიდან, არაფერი გვესმის, მოსამართლეებიც შესაბამისი გვყავს და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც აკეთებენ".