ავტორი:

"გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი... როცა სისტემის მამხილებელი გახდა, ახლა იქცა დამნაშავედ" - რომან გოცირიძე

"გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი... როცა სისტემის მამხილებელი გახდა, ახლა იქცა დამნაშავედ" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი პოლიტპატიმარია, რადგან ის მას შემდეგ დააკავეს, რაც ხელისუფლების მხილება გადაწყვიტა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი. სანამ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო, ჰქონდა ხელშეუხებლობის გარანტია, როცა სისტემის მამხილებელი გახდა, იქცა დამნაშავედ. ესაა ქვეყანაში შერჩევითი სამართლის მოქმედების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. მოსამართლეც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც მმართველი პარტია დაავალებს.

ეს უკვე პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. სწორედ ამის დანგრევისკენ მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იმ 12 რეკომენდაციით. ნათელია, თუ რატომ არ აპირებენ ამ ვალდებულებების შესრულებას. ეს რომ მოხდეს, ძალაუფლება ეცლებათ ხელიდან, რომელიც ძალადობაზე არის დაფუძნებელი. სწორედ ასეთი ძალადობის მსხვერპლი ვიხილეთ ახლა გოგაშვილის სახით." - წერს გოცირიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი დაკავებულია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ გოგაშვილის სახლში სპეცრაზმელის ფორმაში ჩაცმული პირები შევიდნენ და ის დააკავეს. "სპეცოპერაცია მომიწყო გრიგოლ ლილუაშვილმა, ვაიმე, დედა, რას აკეთებენ... ბავშვი ისტერიკაში ჩამივარდა", - ისმის ვიდეოში ქალის ხმა.

გოგაშვილი წერდა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.