ავტორი:

"რამდენიმე სამართალდამცავმა ნერვები ვერ მოთოკა..." - სოსო გოგაშვილის შვილი მამის დაკავების მომენტს იხსენებს

"რამდენიმე სამართალდამცავმა ნერვები ვერ მოთოკა..." - სოსო გოგაშვილის შვილი მამის დაკავების მომენტს იხსენებს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც სოსო გოგაშვილი აპირებდა.

„დიპლომატიურ კორპუსს ყველაფერი აქვს, რასაც სოსო აანონსებდა, ევროკავშირისაც და ამერიკისას“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

მან სოსო გოგაშვილის დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რამდენიმე სამართალდამცავმა ნერვები ვერ მოთოკა".

"ყველა არ იყო აგრესიით გამორჩეული, ბევრი ვაჟკაცი ბიჭია, რამდენიმე იყო, ვინც ნერვები და თავი ვერ მოთოკა. როდესაც სახლში სპეცოპერაციით შედიხარ, მნიშვნელობა არ აქვს რა დავალება გაქვს, ელემენტარული უნდა იცოდე, რომ ღირსებაა მთავარი, როდესაც ხედავ, რომ ოჯახი ნერვიულობს, აღარ უნდა დაუმატო შენი ყვირილი და მუქარები“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ სოსო გოგაშვილის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"თქვენს არხებზეც იყო, საპარტიარქოს რომ უსმენდნენ...“,- განმარტავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

გარდა ამისა, მან საგამოძიებო მოქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, თბილისსა და კახეთში.

"საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კახეთშიც - სასტუმროშიც და სახლშიც. გადააატრიალეს სახლები, მამაჩემის პირადი მძღოლი ვინც არის, იმის სახლში მივიდნენ და ამოუყირავეს სახლი, არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს, წამლები დაალევინა, ისე ინერვიულეს. ფილმში მგონია თავი გუშინდელი დღის მერე",- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

ნახეთ ასევე: