ავტორი:

"როცა ეს სახლი შევიძინეთ, ეზო ნაგავსაყრელს ჰგავდა" - აფხაზეთიდან დევნილი ნუნუ გოგოხიას მიერ გაშენებული ბაღი თბილისში, კორპუსის ეზოში, რომელსაც ამქვეყნიურ სამოთხეს უწოდებენ (ფოტოები)

"როცა ეს სახლი შევიძინეთ, ეზო ნაგავსაყრელს ჰგავდა" - აფხაზეთიდან დევნილი ნუნუ გოგოხიას მიერ გაშენებული ბაღი თბილისში, კორპუსის ეზოში, რომელსაც ამქვეყნიურ სამოთხეს უწოდებენ (ფოტოები)

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, ოთხსართულიანი კორპუსის ეზოში მშვენიერი ბაღია გაშენებული. ის გამვლელის ყურადღებას მუდმივად იქცევს, მისი ავტორი კი აფხაზეთიდან დევნილი, პროფესიით მედდა, ნუნუ გოგოხია გახლავთ.

დევნილობისას ნუნუ გოგოხიას პროფესიით აღარ უმუშავია. 83 წლის ქალბატონს ბაღი საოცრად მოვლილი აქვს. მას გალშიც ასეთივე ლამაზი ეზო-კარი ჰქონია და ამიტომაც გადაწყვიტა, თბილისში იმ გარემოში, სადაც დასახლდა "საკუთარი ეზოს მსგავსი“ ბაღი გაეშენებინა...

მისი დილა მცენარეების მოვლით იწყება, ადგილობრივები ამ ბაღს ამქვეყნიურ სამოთხეს ადარებენ. მართლაც ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ, ლამაზი მცენარეების ყურებით დატკბეთ, ნახოთ სხვადასხვა მეორადი მასალისგან დამზადებული ფიგურები - ცხოველები, ფრინველები და ა.შ. მოკლედ, როგორც მიხვდით, ჩვენს რესპონდენტს ძალიან უყვარს ბუნება, მცენარეები, მათზე ზრუნვა, ფერადი სამყარო, წესრიგი და სისუფთავე...

როგორც გვეუბნება, მის ბაღში, რომელიც დაახლოებით, 13 წელს ითვლის, დასასვენებლად და განსატვირთად უამრავი ადამიანი მიდის და იქაურობით ტკბება. ყველა ყვავილოვანი და დეკორატიული მცენარე საკუთარი სახსრებით აქვს შეძენილი, დარგული და გახარებული. რაც მთავარია, ამ საქმეს დიდი გულისყურით აკეთებს, სიყვარულს აქსოვს და უდიდეს ძალისხმევას დებს.

ნუნუ გოგოხია:

- მიწასთან და მცენარეებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. როცა ეს სახლი შევიძინეთ, ეზო ნაგავსაყრელს ჰგავდა, დიდი ძალისხმევა და შრომა დამჭირდა, რომ ეს ბაღი გამეშენებინა. თავიდან ბაღის ფორმირება დავიწყე, მომქონდა განოყიერებული და დამუშავებული მიწა, ვრგავდი ნერგებს, ყვავილებს. უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც შენ მიერ ჩარგული მცენარე შენს თვალწინ იზრდება, ყვავილდება, როდესაც შრომას გიწონებენ და გიფასებენ. ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს, დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ენერგიას მმატებს და კარგ ხასიათზე მაყენებს. მათი ცქერით თითქოს ცხოვრებაც მშვენიერდება.

ნუნუ გოგოხიას რძალი, ხათუნა ფაჩულია:

- ამ დასახლებაში რომ მოვხვდით, თავიდანვე აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში. ხელი რომ მიჰყო ეზოს გალამაზებას, ჩემი მეუღლეც ეხმარებოდა. აქაურობის გასაფორმებლად და სხვადასხვა დეკორაციის შესაქმნელად ქვებს და სხვადასხვა მასალას ეზიდებოდნენ. როგორც შეეძლოთ, მუშაობდნენ, დეკორაციებს აკეთებდნენ. დასაწყისში მეზობლები ცოტა უკმაყოფილოები იყვნენ. მერე, რომ ნახეს, რა კეთდებოდა, მოეწონათ... აქაურობის ასე მოწყობა აფხაზეთში დატოვებული მისი უმშვენიერესი ეზოს სიყვარულითა და მონატრებით გადაწყვიტა. ეს გალამაზებული და გაცოცხლებული გარემო, კია კარგი, მაგრამ ცხადია, იმ ეზოსგან ბევრად განსხვავდება. თუმცა ეცადა, მასთან მიმსგავსებული მაინც ყოფილიყო.

მისივე თქმით, ოჯახს გალში დიდი კერძო ორსართულიანი სახლი ჰქონდა აუზით, ფაცხით, მარნით და ულამაზესი ბაღით, სადაც არაერთი დეკორაცია იყო შექმნილი...

"აქ რომ დავსახლდით, ეს ტერიტორია მოუვლელი იყო, უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, ამის ასე ყურება არ შეეძლო და საქმეს მაშინვე შეუდგა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწა ოჯახის საკუთრება არაა და კორპუსს ეკუთვნის,“ - აღნიშნავს ხათუნა ფაჩულია.

- როგორც ჩანს, ქალბატონ ნუნუს უყვარს და გამოსდის კიდეც სხვადასხვა ნივთისგან ამა თუ იმ დეკორაციის შექმნა...

- კი, ასევე შეღებვა, ნივთების მორთვა, ქვებით გაფორმება. ამაში ჩემი მეუღლეც ხელს უწყობდა, ხან საიდან მოჰქონდა ქვები და ხან - საიდან. აქაც თუ რაიმეს სარემონტო სამუშაოების გამო თხრიდნენ ხოლმე, რაღაცებს პოულობდა, მერე რეცხავდა და ბაღში აწყობდნენ. მოკლედ, ბაღი ასე ერთმანეთზე შეკოწიწებით გაშენდა და დამშვენდა. მერე გასაფორმებლად სხვადასხვა ნივთი მეზობლებსაც მოჰქონდათ, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ ის კეთდებოდა. მოკლედ, ეს ადგილი აეწყო, გამდიდრდა და დამშვენდა.

- ახლაც ყოველდღიურად შრომობთ, ხომ აქ?

ნუნუ გოგოხია:

- კი, მთელი დღე ბაღში ვარ. რომ თენდება, სახლიდან ბაღში გავდივარ, ვათვალიერებ, - წესრიგია თუ არა, რაიმე ხომ არ წაიქცა, გაფუჭდა, ყველაფერი თავის ადგილზეა თუ არა და როგორ არის. მერე ვიწყებ დაგვას, ვასუფთავებ, მიწაზე ასანთის ღერსაც არ ვაჭაჭანებ. ცხოველები ცოტას კი მაბრაზებენ, - რაღაცებს აფუჭებენ. ეს იმიტომ, რომ ბაღი შემოღობილი არ არის.

- მოკლედ, აქ სხვადასხვა დასახელების მცენარეა, კვიპაროსები, სხვადასხვანაირი ტუია, ზოგი ერთწლიანი, ზოგი მრავალწლიანი და მარადმწვანეც.

ხათუნა ფაჩულია:

- ეს ბაღი მისთვის ბევრს ნიშნავს, - მთელი ცხოვრებაა. იმიტომ, რომ ამით იწყება მისი დილა, ამით მთავრდება საღამოც. დღის ბოლოს ბაღს თვალს ერთხელ კიდევ მოავლებს და მერე დასაძინებლად მიდის.

გამგებელი იყო მოსული, აქაურობა დაათვალიერა და გამგებელს დედამ სთხოვა, რომ ეს ბაღი კიდევ გაზრდილიყო და კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ბოლომდე გაელამაზებინათ, რადგანაც თვითონ ამდენს ვერ მოერეოდა. სტუმრებმა ნახელავი მოუწონეს, მოუსმინეს და უთხრეს, - შენი ბაღის ხათრით, ბოლომდე გავაგრძელებთო, ძალიან გაუხარდა, მაგრამ მეზობლებმა უარი თქვეს, - მანქანები სად წავიყვანოთ და გავაჩეროთო?! გული დასწყდა.

- ხშირად ზედა სართულების ფანჯრებიდან ნაგვის გადმოგდება იციან, სიგარეტის ნამწვავებსაც ისვრიან ხოლმე...

- ეს თავიდან უფრო იყო, მაგრამ ახლა ყველა მიხვდა, რაშიც არის საქმე და ამას არავინ აღარ აკეთებს, სისუფთავეს იცავენ. ხედავენ, რომ ადამიანი ამაზე ასე ზრუნავს და აქაურობა ასეთი ლამაზია. ჯერ მარტო იმდენი მცენარეა დარგული და ისეთი სუფთა ჰაერია, აქ სკამზე რომ ჩამოჯდები, ამას მაშინვე გრძნობ. ამიტომ, ყველა თავს არიდებს იმას, რომ აქ რამე გააფუჭოს და დააზიანოს. ცდილობენ, რაღაცნაირად ბაღის გამშვენიერებაში მონაწილეობა მიიღონ.

გამგეობამ ჩამოსაჯდომი ადგილებიც დადგა, სკამები და განათება გვაქვს. ახლა აუზივით, თუ ჩანჩქერივით წერტილის შექმნას ვცდილობთ, ოღონდ, ეს ყველაფერი ჯერ დასრულებული არ გვაქვს.

- ქალბატონო ნუნუ, ამ ბაღთან დაკავშირებით თქვენი ჩანაფიქრები ბოლომდეა განხორციელებული, თუ აქაურობის მეტად განსავითარებლად კიდევ ფიქრობთ რამეს?

- მინდა, რომ ირგვლივ, ყველას ასეთი გარემო ჰქონდეს. მომბაძონ და კიდევ უკეთესები შექმნან. ამას რა სჯობია, თუ მთელი ქუჩა ასეთი მოვლილი იქნება?! ვიღაცებმა უკვე მომბაძეს კიდეც და როგორც შეძლეს, მიხედეს გარკვეულ ტერიტორიას, ზოგი მოდის, ბაღს სურათებს უღებს, რჩევას მეკითხება, მეც არავის ვზარდები, ვაკვალიანებ, ნერგებსაც ვაძლევ. მთელი სკოლა მოდიოდა აქ და ათვალიერებდნენ.

ერთმა ქალბატონმა, იზო გურგენიძემ, რომელიც ქართულის მასწავლებელია, წიგნი მომიტანა, აქ ადამიანებს შთაბეჭდილებები ჩააწერინეთო. იმ წიგნში ადამიანები ბაღის შესახებ საკუთარ აზრს წერდნენ, ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ის თავის ადგილას აღარ იდო, ვიღაცას წაეღო. არადა, ისეთი თბილი ჩანაწერები იყო.

მინდა, ყველას ვურჩიო, ძალისხმევა და ენერგია არ დაიშურონ, დარგონ და მოეფერონ მცენარეებს, ყვავილებს, ხეებს და ისინი საპასუხოდ აუცილებლად დააჯილდოებენ თავისი სილამაზით და უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებენ. სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, კორპუსში, თუ კერძო ბინაში, ყველამ მოინდომოს და რაღაც წვლილი შეიტანოს ქალაქის გამწვანებაში. თუნდაც პატარა ნერგი ჩავრგოთ და მას მივხედოთ... ასე ცხოვრება უკეთესი იქნება.