სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, სოსო გოგაშვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, კერძოდ სახის არესა და კიდურებზე.
როგორც ადვოკატმა ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გოგაშვილის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სამედიცინო შემოწმებაზე გადაყვანა გუშინ ვერ მოხერხდა, თუმცა დღეს შესაძლებელია გადაიყვანონ, ან თავად მივიდნენ ექსპერტები მასთან.
"დაზიანებები, რა თქმა უნდა, რეალურად აღენიშნება. სახის არეში საგრძნობლად შეიმჩნევა, რომ ლოყა აქვს შეშუპებული. ასევე, კიდურებზე აქვს დაზიანებები და ფეხებზე აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით. ფიზიკურად ორჯერ მიყენეს დაზიანებები . ერთხელ სახის არეში, ხოლო მეორედ წელის არეში, ფეხის დარტყმით.
როგორც გოგაშვილი აცხადებს, ცდილობდნენ მასზე უკან შებოჭილ ხელებზე მოეხდინათ დაფიქსირება იმ ცეცხლსასროლი იარაღებისა, რომლებიც შემდეგ მისი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს. გუშინ ვერ მოხერხდა მისი ექსპერტიზაზე გადაყვანა იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით მასთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება გვიან ღამით მოხდა მისი გადაყვანა ან დღეს არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს სამედიცინო შემოწმებაზე მისი გადაყვანა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ან ექსპერტები მოვიდნენ მასთან შემოწმების მიზნით“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელია "მიმდინარე საქმე".