ავტორი:

"სანქციების ფონზე შესაძლოა, ეს რუსეთის ინტერესებშიც შედიოდეს" - ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე საუბრობს და გახსნას 2024 წლისთვის აანონსებს

"სანქციების ფონზე შესაძლოა, ეს რუსეთის ინტერესებშიც შედიოდეს" - ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე საუბრობს და გახსნას 2024 წლისთვის აანონსებს

უკვე მერამდენედ, ოკუპირებულ აფხაზეთში აეროპორტის აღდგენის საკითხს განიხილავენ. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სანქციების ფონზე რუსეთს შეუძლია აფხაზეთის გამოყენება საქონლის იმპორტისთვის.

"სანქციების პირობებში, რუსეთს შეუძლია საქონლის იმპორტი აფხაზეთის პორტებით განახორციელოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, ჩვენი ტერიტორია და ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობები გამოიყენონ პარალელური იმპორტისთვის. ჩვენ ორი პორტი გვაქვს სხვა სახელმწიფოებთან გასასვლელად”, - ამბობს ბჟანია.

  • მისივე თქმით, პორტების გამოყენების კავალდაკვალ, ასევე საუბარია აეროპორტზეც, რომლის აღდგენის სამუშაოებისთვის საჭირო წინაპირობები უკვე იქმნება.

ადგილობრივი გამოცემის, Нужная газета-ს მთავარი რედაქტორის, იზიდა ჭანიას თქმით, ბჟანიას მიერ დაანონსებული აეროპორტის აღდგენა, შესაძლოა, რუსეთის ინტერესებშიც შედიოდეს, რადგან დასავლური სანქციები რუსეთს დიდ ზიანს აყენებს.

  • kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, რუსი ბლოგერი, კირილ ბაზილევსკი ირწმუნება, რომ "სოხუმის აეროპორტი კიდევაც რომ აღადგინონ, რაც უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მისი მუშაობის ხარჯებს აფხაზეთი დამოუკიდებლად ვერ დაფარავს."

"2021 წლის 23 ნოემბერს, რუსი მესაზღვრეების ნაწილმა სოხუმის აეროპორტის ტერიტორია შეამოწმა, რათა დაედგინათ, ომის შემდეგ ხომ არ იყო იქ საბრძოლო მასალები და ასაფეთქებელი ნივთიერებები. მაშინ აფხაზეთის ენერგეტიკის ყოფილი "მინისტრი" და "აფხაზეთის ავიახაზების" ხელმძღვანელის მოადგილე, ვიქტორ ხილჩევსკი აცხადებდა, რომ აეროპორტის რეკონსტრუქცია მისი მასშტაბიდან გამომდინარე, ასევე აფხაზეთის მოსახლეობის სიმცირის გათვალისწინებით, აზრს მოკლებული იყო. ასევე, რესპუბლიკაში ვერ იქნებოდა საკმარისი რაოდენობის სპეციალისტი, ტექნიკოსები, შესაბამისი ინფრასტრუქტურული მომსახურებისთვის", - წერს kavkaz-uzel.eu.

  • ასლან ბჟანია ტელეარხ "360-თან: ინტერვიუში ამბობს, რომ "აეროპორტის გახსნა 2024 წლის საზაფხულო სეზონისთვის იგეგმება და ამ პერიოდში დღე-ღამის განმავლობაში 5000, ზამთარში კი - 1000 მგზავრის მომსახურება იგეგმება. უკვე ნაპოვნია ინვესტორი, მიმდინარეობს სამუშაო სქემის შედგენა, ასევე, უკვე დაგეგმილია აფხაზეთის გაზიფიკაციის სამუშაოები და ეს ყველაფერი რუსული კაპიტალით, რუსული ინვესტიციით მოხდება."

უფრო ადრე, ბჟანიამ განცხადა, რომ "სოხუმის აეროპორტი აღდგენის შემთხვევაში, ის რუსული კოდით იმუშავებს."

ბჟანიას ოპტიმიზმს ირონიულად პასუხობს ბლოგერი ბაზილევსკი, რომელიც "აფხაზური პროექტების" კოორდინატორია და ამბობს, რომ სოხუმის აეროპორტს არ შეუძენია რაიმე დამტებითი მიმზიდველობა ინვესტორისთვის, ამიტომ ძნელია იმაზე საუბარი, რას ემყარება ბჟანიას ოპტიმიზმი. "ყველაფერი ამ წლის ბოლოს გაირკვევა. პრეზიდენტმა რეკონსტრუქციის პროექტთან ერთად, ინვესტორის ვინაობაც უნდა დააკონკრეტოს. მანამდე კი, ეს საქმე ბუნდოვანია და ხელისუფლების წარმომადეგენელთა განცხადებებიც ხმამაღალი მგონია", - ამბობს ბაზილევსკი.

კიდევ ერთი აფხაზი ბლოგერი, ლეო ჭანია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა ცდილობს, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, ეს ქვეყანა(რუსეთი) კიდევ უფრო შემოიყვანოს რეგიონში. "ბჟანიამ უკვე გადაკვეთა წითელი ხაზები, როდესაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები რუსეთს ჩააბარა, ფაქტობრივად, აჩუქა, ახლა აეროპორტის ჩუქების დრო დადგა. შემდეგი იქნება უძრავი ქონება, მიწები და ამ ყველაფერს იმით შეფუთავენ, რომ ქვეყანა უნდა განვითარდეს. კარგის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ არავინ ვაპროტესტებთ, რუსი ტურისტების მასპინძლობით ვართ დაკავებული, ფულს ვაგროვებთ, ერთი დღით მცხოვრებ საზოგადოებად გვაქციეს", - წერს ჭანია.

ცნობისთვის, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), რომელიც აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ განხორციელდება საერთაშორისო ფრენები, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.