ავტორი:

"მეუღლე რომ დამეღუპა ჩემი შვილი 12 წლისაც არ იყო... ურთულესი ეტაპი გავიარე" - მარინა კახიანი ოჯახსა და კარიერაზე: რა მსხვერპლი გაიღო მსახიობმა თავისი პროფესიისთვის?

"მეუღლე რომ დამეღუპა ჩემი შვილი 12 წლისაც არ იყო... ურთულესი ეტაპი გავიარე" - მარინა კახიანი ოჯახსა და კარიერაზე: რა მსხვერპლი გაიღო მსახიობმა თავისი პროფესიისთვის?

რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი ყველა თაობისთვის საყვარელი შემოქმედია. ქალბატონ მარინას თეატრზე უსასრულოდ შეუძლია საუბარი და როცა თავის როლებს იხსენებს, თვალებში უცნაური ნაპერწკლები უკრთის. საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვიუ მის საყვარელ საქმესა და ოჯახზე საუბრით დავიწყეთ.

- როდის მიხვდით, რომ მსახიობობა თქვენი ბედისწერა იყო და სცენის გარეშე ვერ გაძლებდით?

- როდის მივიღე გადაწყვეტილება, რომ თეატრი ჩემი ცხოვრება იყო? - უკვე აღარც მახსოვს - ალბათ, ღრმა ბავშვობაში. ალბათ ამის მიზეზი ის გახდა, რომ დედ-მამაც ხელოვანები იყვნენ. მამა - კომპოზიტორი და დირიჟორი, ხოლო დედა - მომღერალი. დედაჩემმა კარიერა ძალიან ადრე მიატოვა და მთელი ცხოვრება ოჯახს და მე შემომწირა. როგორც მისი კოლეგები და მეგობრები ამბობდნენ, ძალიან კარგი ხმა ჰქონია, დრამატული სოპრანო. ხმამაღლა არ ამბობდა, მაგრამ ალბათ, გულში მაინც დარდობდა, რომ სცენა მიატოვა: მახსოვს, უკვე 20-30 წელი იყო გასული, მაგრამ სიზმარში ხედავდა, რომ სპექტაკლი აქვს, გრიმს იკეთებს და სცენაზე გასვლას აგვიანებს... - ეს დედას სიცოცხლის ბოლომდე ესიზმრებოდა...

რასაკვირველია, მშობლებს თეატრშიც დავყავდი და კინოშიც. მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა მშობლებმა ფილმის სანახავად წამიყვანეს. ეს იყო ფილმი-ოპერა "პიკის ქალი", სადაც ზურაბ ანჯაფარიძე მღეროდა და იმ დროის საუკეთესო მომღერლები მონაწილეობდნენ. ეტყობა, ეს ჩემთვის ჯერ ძალიან ადრე იყო და ახლაც მახსოვს, როგორ დავიტანჯე, როგორ ვთხოვდი, რომ ბებიასთან ყოფნა მინდოდა. მხოლოდ 3 თუ 4 წლისა ვიქნებოდი, როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრში წამიყვანეს. "კონკია" გადიოდა და მაშინდელი შთაბეჭდილება კარგა ხანს გამყვა. როგორც ჩანს, ჩემზე იმდენად იმოქმედა ამ საოცარმა სამყარომ, რომ ავად გავხდი და ღამით სიცხე მომცა. ასე რომ, ძალიან ადრეულ ასაკში მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ცხოვრება სცენასთან - ამ საოცრებასთან დამეკავშირებინა.

- სცენაზე ყოფნასაც ადრეულ ასაკში შეეჩვიეთ?

- დიახ, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემიყვანეს, სადაც ფანტასტიკური გარემო დამხვდა. ჩვენ მომავალ ბალერინებად გვზრდიდნენ და ყოველდღიური, შემოქმედებითი ცხოვრება გვქონდა. საუკეთესო პედაგოგები გვყავდა, ბოლო წლებში კი ვახტანგ ჭაბუკიანი გვასწავლიდა - ეს საოცარი ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო განუმეორებელ მოცეკვავედ და ნოვატორად აღიარებს. ბედის მადლიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები შემხვდნენ ცხოვრების გზაზე! როდესაც სულ პატარა ასაკში ბალეტს ვახტანგ ჭაბუკიანი გასწავლის, ეს ბედნიერებაა. მან რამდენიმე ბავშვი აგვიყვანა და სულ პატარა გოგოს ჟიზელის როლი მომანდო, მერე კი, გამოსაშვებ საღამოზე, ლაურენსია ვიცეკვე. ადრე ამაზე ლაპარაკი მერიდებოდა, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა: 15 წლისა ვიყავი, როცა ვახტანგ ჭაბუკიანმა სპეციალურად ჩემთვის დადგა კლასიკური ესპანური ვარიაცია, რომელიც გამოსაშვებ საღამოზე შევასრულე. ჩემზე დიდ იმედს ამყარებდა, მაგრამ ეს იმედები გავუცრუე.

- რატომ?

- მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ ბალეტისთვის თავი დამენებებინა და თეატრალურში ჩამებარებინა. მაშინ ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი უკვე გოგი ალექსიძე იყო. ამ თეატრში სულ რამდენიმე თვე ვიმუშავე. კარგი პარტიები მანდო - ისეთი, რომლის შესრულებას წლების გამოცდილება სჭირდება. ყველამ დიდი სიყვარულით მიმიღო და როცა გადაწყვეტილება მივიღე, რომ ცხოვრება დრამატული თეატრისთვის დამეკავშირებინა, ყველა გაოცებული დარჩა. მშობლებიც კი გაოგნებულები იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ჩემი მომავალი უკვე გარკვეული იყო და ასეთ "სიურპრიზს" არ ელოდნენ. სხვათა შორის, ბალეტი არ ყოფილა ჩემი ერთადერთი გატაცება: მიყვარდა ლიტერატურა და სულ ვკითხულობდი. წიგნები ისე ძალიან მიყვარდა, რომ საბანში ფარანს ვმალავდი და მის შუქზე ვკითხულობდი, რომ დედას და მამას არ დაენახათ. მართალია, ლექსების სწავლა მეზარებოდა და დედა წიგნით დამდევდა, მაგრამ მხატვრული ნაწარმოებები ჩემი დიდი გატაცება იყო.

მარინა კახიანი შვილთან და რძალთან ერთად

- ცნობილია, რომ ოჯახი დიდი სიყვარულით შექმენით. ხომ არ შეუშლია ამას ხელი თქვენი კარიერისთვის?

- დიახ, ოჯახი ძალიან ადრე შევქმენი, როცა ჯერ კიდევ მეოთხე კურსზე ვიყავი. ჩემი მეუღლე, გია მატარაძე ჩემზე საკმაოდ უფროსი იყო და უკვე თავისი ოჯახი ჰქონდა. ჩვენმა ქორწინებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, სხვების აზრს ნაკლებ ყურადღებას აქცევ, შემდეგში კი თავს იმართლებ, რომ ეს შენი ბედისწერა იყო, რომ ასე უნდა მომხდარიყო. გია კინორეჟისორი, ყოფილი მსახიობი გახლდათ და ჩემი საქმიანობის გამო საყვედური არასდროს გამოუთქვამს. ჩვენი ქორწინება 12 წელიწადს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით, სტუმრადაც კი ერთად დავდიოდით. მხოლოდ მაშინ ვშორდებოდით, როცა მე გასტროლზე მივდიოდი და ეს საკამათო არასოდეს გამხდარა. ის ზომიერად ეჭვიანი იყო. ამას ვუგებდი, რადგან მე ალბათ, ძველი ყაიდის ქალი ვარ და მომწონს, როცა მამაკაცი ცოტათი ეჭვიანობს.

- ერთადერთი ვაჟის დედა ხართ. ამბობენ, ბიჭის აღზრდა რთულიაო, თქვენთვისაც რთული იყო?

- რა თქმა უნდა, თანაც, ჩემი შვილი ურთულეს პერიოდში - 1990-იან წლებში გაიზარდა. ჩემი მეუღლე რომ დაიღუპა, ვათა ჯერ 12 წლისაც არ იყო. ერთი წლით ადრე მამაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ უკვე გია... მოკლედ, ეს ურთულესი ეტაპი გახლდათ ჩემს ცხოვრებაში! ძალიან ბევრ რამეზე უნდა მეფიქრა: 12 წლის ბიჭი გარეთ რომ არ გამეშვა, ესეც არ ივარგებდა - კაცი ხომ უნდა გაზრდილიყო? ყოველთვის მძიმე არჩევანის წინაშე ვიყავი - სად და როდის უნდა გამეშვა და როდის ამეკრძალა - როდის დამედო მშობლის "ვეტო" სადმე წასვლაზე. დედაჩემს ეშინოდა და მეგობრებთან წასვლასაც უკრძალავდა, მე მაინც ვუშვებდი და ეს დიდი სტრესი იყო. ალბათ, ყველაფერმა ერთად იმოქმედა: გენეტიკამ, მისმა ხასიათმა და ბუნებამ, მე და დედაჩემმაც დიდი ძალისხმევა გამოვიჩინეთ და დღეს ის ძალიან კარგი ადამიანია. მეამაყება, როცა მეუბნებიან, რა კარგი შვილი გაგიზრდიაო...წაიკითხეთ სრულად