ავტორი:

"არ ვიცი, ამ წერილებს ღარიბაშვილი თავისი ინიციატივით აქვეყნებს, თუ ბიძინას კარნახით, მაგრამ... ეს კი არ უარყოფს, მხოლოდ ადასტურებს ოლიგარქიას" - რა შედეგს მოიტანს ღარიბაშვილის წერილები?

"არ ვიცი, ამ წერილებს ღარიბაშვილი თავისი ინიციატივით აქვეყნებს, თუ ბიძინას კარნახით, მაგრამ... ეს კი არ უარყოფს, მხოლოდ ადასტურებს ოლიგარქიას" - რა შედეგს მოიტანს ღარიბაშვილის წერილები?

უზბეკეთში გამგზავრებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ სკანდალური წერილი მისწერა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. წერილში პრემიერმა პირდაპირ მოითხოვა, რომ ევროკომისია გაემიჯნოს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს და თქვას, რომ ის ივანიშვილს არ შეეხება, რომ ის ოლიგარქი არ არის. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ არის ჩანაწერი გაკეთებული, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა და არაფორმალური მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი. ღარიბაშვილი წერილში ამბობს, რომ ივანიშვილს არ აქვს დესტრუქციული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე, მედიაზე, სასამართლოზე და ა.შ. შესაბამისად, ის ამბობს, რომ რეზოლუციაში მოყვანილი ფაქტები ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, სიყალბეა. ღარიბაშვილი ევროკომისიის წარმომადგენლებს პირდაპირ ეუბნება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ოპოზიცია იყენებს ქვეყანაში დესტრუქციის შემოსატანად და მას ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც ერთი ფაქტი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ კავშირებზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რუსეთის ფედერაციასთან კავშირზე.

აღსანიშნია, რომ პრემიერის ვრცელი წერილის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ქებას და დაცვას ეთმობა.

ღარიბაშვილი წუხს იმაზე, რომ რეზოლუცია შვეიცარულ ბანკთან ივანიშვილის ურთიერთობას ართულებს. როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, ეს წერილი პირიქით, ქვეყანაში არაფორმალური მმართვლეობის არსებობას ამტკიცებს და მისი ძირითადი მიზანი სწორედ ივანიშვილისთვის სასამართლო დავაში დახმარებაა. მისივე თქმით, გასარკვევია, ეს წერილი პრემიერის იდეა იყო, თუ - ივანიშვილის.

გია ხუხაშვილი:

"აბსურდის თეატრი გრძელდება. არ ვიცი და რთული სათქმელია, ამ წერილებს ღარიბაშვილი თავისი ინიციატივით აქვეყნებს, თუ ბიძინას კარნახით, მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, წარმოუდგენელი რაღაცაა და თვითონ მიზანსაც არ ემსახურება, რასაც თითქოს ეს წერილი ისახავს. მიზანი რა არის? ბიძინას დავა აქვს "სვის კრედიტთან“ (Credit Suisse), ბანკმა იმის მიზეზად, თუ რატომ არ ემსახურება ივანიშვილს, მოიყვანა ევროპარლამენტის რეზოლუცია და ახლა ღარიბაშვილი მიმართავს ევროკომისიას, რომ მათ თქვან, რომ არ ეთანხმებიან ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას. ჯერ რომელი გიჟი აღმასრულებელი ხელისუფალი იტყვის ასე ღიად პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, არა, მე ამას არ ვაღიარებო? ეს, თავისთავად, სისულელეა, არასოდეს მოხდება, ამას ევროკომისია არასოდეს გააკეთებს, მაგრამ რაც მთავარია, ამით დასტურდება ზუსტად ის, რის წინააღმდეგაც თითქოს ეს წერილია მიმართული. როდესაც პრემიერი ჩართულია კერძო დავაში, კერძო პირის ინტერესების საჯარო ლობირებაში, ეს კი არ უარყოფს, მხოლოდ ადასტურებს ოლიგარქიას, ეს ნაბიჯი არის ივანიშვილისთვის უფრო მეტი ზიანის მომტანი, ვიდრე - სიკეთის. ღარიბაშვილს სულ ფეხებზე ჰკიდია ბიძინა თუ დაზიანდა და შედეგი მისი საწინააღმდეგო თუ იქნა, მას ეს ნაკლებად აინტერესებს, მისთვის მთავარია, ბიძინას ასეთი ფორმით დაუმტკიცოს ერთგულება. ეს წერილი ღარიბაშვილის მხრიდან დაზიანებაა, თუ ბიძინას მხრიდან თვითდაზიანება, არ ვიცი - შეიძლება ბიძინა მას თავად ეუბნება, მოდი, რაღაცა დაწერე, მიშველეო.

ვიღაცა პანიკაშია, ვიღაცა მხიარულადაა, ვიღაც გასაქცევად ემზადება... ეს არ არის მნიშვნელოვანი, ფაქტია, რომ როცა ამ ყველაფერს სახელმწიფო ინტერესის პრიზმაში უყურებ, კატასტროფული შთაბეჭდილება გრჩება, ესაა პრობლემა. რეზოლუციის ჩანაწერი სიყალბეაო, წერს პრემიერ-მინისტრი და მოითხოვს ამის უარყოფას - ხომ წარმოგიდგენიათ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რატომღაც ეს რომ გააკეთოს, ეს ხომ სიგიჟეა?! როგორ შეიძლება დაუშვა ის, რომ შეიძლება კომისიამ დაწეროს, აუჰ, ეს როგორ შეგვეშალა, ტყუილია ყველაფერიო.“

გიორგი კობერიძე, GIPA-ს პროფესორი მიიჩნევს, რომ პრემიერი თავის მართლების რეჟიმშია გადასული, რაც არადამაჯერებელი და არასერიოზულია. მისივე თქმით, წერილი ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში არის ჩრდილოვანი პოლიტიკური მმართველობა, რა დროსაც ქვეყნის ხელისუფლება იმაზე უფრო მეტად რეაგირებს და მეტად ცდილობს, საქართველოში კონკრეტული პირის სანქცირება არ მოხდეს, ვიდრე იმაზე, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი დაჩქარებული წესით იყოს მიღებული.

"მინდა შევეხო პრემიერ-მინისტრის წერილის ფორმას, არა მარტო შინაარსს. ფორმები არის არასწორი და როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საზოგადოების გარკვეულწილად აბუჩად აგდება იმიტომ, რომ ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ქედმაღლური ჟესტი, როცა ცდილობ დაარწმუნო შენს სიმართლეში მაშინ, როდესაც ფაქტებით მხარდაჭერა არ გაგაჩნია. შესაბამისად, პირადად ჩემი გადასახედიდან, ეს არის კომუნიკაციის არასწორი მეთოდი და, ვფიქრობ, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები ამ მიმართულებით მაინც და მაინც წინ არ არის წაწეული. პრემიერ-მინისტრის ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს. თავის მართლების პოზიცია არასდროს არის კარგი და დამაჯერებელი. ეს არის ჩემი მთავარი არგუმენტი, რომელიც ამ შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია გამოვთქვა. ევროკომისიის პრეზიდენტი ამ ფორმას ნაკლებად მიიღებს. ამით მტკიცდება ის, რომ თავის მართლების პოზიციაში ვართ ყველა ფორმაში და ყველაფერი გვინდა გადავაბრალოთ სხვას - გვინდა ვთქვათ, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის კრემლის ზეგავლენების ბრალი, ის გვირევს რაღაცეებს, თორემ, აბა, ივანიშვილი როგორ არის კრემლთან კავშირში? ანუ ეს არის ერთგვარი ხაზგასმა იმისა, რომ ივანიშვილი არაფერ შუაშია, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ანუ მთლიანად თავის მართლების პოზიციაა და არადამაჯერებელია. მასში ხაზგასმულია, რომ თითქოს ევროკავშირს ინფორმაცია არ აქვს, არა და, პირიქითაა... ევროკავშირისთვის ბევრი რამის ახსნას უნდა ვცდილობდეთ... ასეთი მენტორული ურთიერთობა, რომ მათ კარგად არ ესმით, სინამდვილეში აქ რა ხდება, არასწორია და არასერიოზული.

ის, რომ ხაზგასმულია, წინა ხელისუფლების დროს ასეთი უბედურება ტრიალებდა და არადემოკრატიული რეჟიმი იყო, ჩვენ დემოკრატიულები ვართ და ა.შ. ეს არის ის სტანდარტული მესიჯბოქსი, რომელიც ხელისუფლებას ისედაც აქვს. ეს არის არა მარტო თავის მართლება, არამედ დაფარული ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცით, თქვენ სრული ინფორმაცია არ გაქვთ და ვერც გექნებათ - დაახლოებით ესაა წერილის მოკლე შინაარსი. ჯამში, პრემიერის წერილი ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში არის ჩრდილოვანი პოლიტიკური მმართველობა, რა დროსაც ქვეყნის ხელისუფლება იმაზე უფრო მეტად რეაგირებს და მეტად ცდილობს, საქართველოში კონკრეტული პირის სანქცირება არ მოხდეს, ვიდრე იმაზე, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი დაჩქარებული წესით იყოს მიღებული. ეს არის სამწუხარო და ეს არის პრობლემა“, - გვეუბნება გიორგი კობერიძე.

იხილეთ ასევე: