ავტორი:

"ავარიამ დაანგრია ჩემი ცხოვრება - რეანიმაციიდან გამოწერის შემდეგ მიმატოვეს შეყვარებულმა და მეგობარმა..." - წამებში შეცვლილი ცხოვრება და გოგონა, რომელსაც დახმარება ესაჭიროება

"ავარიამ დაანგრია ჩემი ცხოვრება - რეანიმაციიდან გამოწერის შემდეგ მიმატოვეს შეყვარებულმა და მეგობარმა..." - წამებში შეცვლილი ცხოვრება და გოგონა, რომელსაც დახმარება ესაჭიროება

სიცოცხლით სავსე გოგონა მარიამ ტატანაშვილი 2021 წელს მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ავარიაში მოყვა. მრავალმხრივი ტრავმის გამო, მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მოხდა სასწაული და მარიამი გადარჩა. უკვე 11 ოპერაცია ჩაუტარდა და კიდევ რამდენიმეა საჭირო, რომ გოგონამ ოცნება აიხდინოს: "რაც ყველაზე მეტად მინდა, არის ის, რომ გავიგო, რატომ მიმატოვა შეყვარებულმა და რას ფიქრობს ჩემზე. მინდა დავუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას, ისევ შევძლო ხატვა, ფოტოების გადაღება, ცურვა, ცეკვა და მეგობრებთან ერთად გართობა. აქამდე ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა, ახლა კი გალიაში გამოკეტილ ჩიტს დავემსგავსე, რომელსაც გულით სწადია ისევ იფრინოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია... მეგობრებო, თქვენი იმედი მაქვს და მადლობას გიხდით ყველას მხარში დგომისთვის...

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, დავამთავრე 31-ე სკოლა. ვიდრე ავარიაში მოვყვებოდით, ვცხოვრობდი ჩვეულებრივი გოგოს ცხოვრებით, არც მდიდარი ვყოფილვარ, არც ღარიბი, მაგრამ თითქოს არც არაფერი მაკლდა. ბევრი მიზანი მქონდა დასახული და ოცნებების ასასრულებლად შეძლებისდაგვარად ვიბრძოდი. 2 წელი ვსწავლობდი ფოტოგრაფიას და ძალიან მინდა, პროფესიონალი ფოტოგრაფი გავხდე. მომწონს ფოტომოდელობაც. ასევე, 4 წელი ვცეკვავდი "ერისიონში", 7 თვე დავდიოდი სამეჯლისოზე და 7 თვე - სამოდელო სტუდიაში, 9 თვე - ჰიპ-ჰოპზეც. მოკლედ, ძალიან მიყვარდა და მიყვარს ხელოვნება. ხშირად, როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, ვხატავდი ან ფოტოებს ვიღებდი, ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპია იყო, მაგრამ ამ ავარიამ სრულიად შემიზღუდა ცხოვრება, ვეღარც ვხატავ, ვეღარც ფოტოებს ვიღებ და ვერაფერს ვაკეთებ, რისი კეთებაც სულით და გულით მიყვარს...

- ახლა რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?

- ჩემი ოცნებაა, ისევ დავინახო სამყარო და ადამიანები იმ ფერებში, როგორშიც ვხედავდი... ავარიაში მოვყევი 2021 წლის 15 იანვარს. იმ დღემ დაანგრია ჩემი ცხოვრება. ამ ტრაგედიის დროს შეყვარებულიც ჩემთან ერთად იყო, რომელმაც რეანიმაციიდან გამოწერის შემდეგ, მალევე მიმატოვა. საჭესთან ჩემი დიდი ხნის მეგობარი იჯდა, რომელმაც ერთხელაც არ მომიკითხა. მისი მშობლები საავადმყოფოს კართან იქამდე იდგნენ, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ არ მოვკვდებოდი და მათი შვილი ციხეში არ წავიდოდა... ავარიის მომენტები სიზმარივით მახსოვს.

- როგორც ვიცი, უკვე რამდენიმე ოპერაცია ჩაგიტარდა...

- დიახ, უკვე გავიკეთე 11 ოპერაცია და კიდევ რამდენიმეა ჩასატარებელი... მქონდა ყბა-სახის მრავლობითი მოტეხილობა, ჩემივე ძვლები თვალებში მქონდა შერჭობილი. ცალი თვალი საერთოდ აღარ მაქვს. მხოლოდ დიდ სინათლეებს ვხედავ. ფილტვები დათრომბილი მქონდა. დავკარგე მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი და მარჯვენა ფეხის ხუთივე თითი, ასევე მივიღე მარცხენა ფეხის წვივის სამივე ძვლის მოტეხილობა... მოკლედ, ექიმებს ჩემი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, თუმცა, ღმერთის წყალობით, გადავრჩი...

ავარიაში რომ მოვყევი, 18 წლის ვიყავი და ჩემს მეცხრამეტე დაბადების დღეს რეანიმაციაში, მძინარე მდგომარეობაში შევხვდი... როდესაც გავიღვიძე, მიამბეს, რომ ჩემს დაბადების დღეზე, ოჯახის წევრები ტორტითა და ბუშტებით მოსულან საავადმყოფოსთან...

რეანიმაციაში ყოფნის რაღაც მომენტები მახსოვს. ხელები საწოლის სახელურებზე ბინტით დაბმული მქონდა, რადგან ვცდილობდი, მილები, რაც სხეულზე მქონდა დამაგრებული, როგორმე მომეგლიჯა. ვერ ვიაზრებდი, სად ვიყავი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ხშირად ვტიროდი. მეგონა, რომ იმ მომენტში შემეძლო ლაპარაკი და ვცდილობდი მეთხოვა ხელების ახსნა, რათა შინ გავეშვით...

ჩემთან რეანიმაციაში ხშირად მოდიოდა ბებია, რომელიც მელაპარაკებოდა, მამხნევებდა და ცრემლებს მწმენდდა. აი, დედას რეანიმაციაში მოსვლის მომენტები არ მახსოვს. მახსოვს ასევე რეანიმატოლოგის ხმა, რომელიც მეუბნებოდა: "მარიამ, გაიღვიძე. აბა, ცოტა ხნით გამოფხიზლდი და მერე ისევ დაგაძინებთ". როდესაც სრულიად გამომაფხიზლეს, გონს მოვედი და დავიწყე ნორმალური აზროვნება, მაშინაც ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი. იმისდა მიუხედავად, რომ ვერაფერს ვხედავდი, მაინც ვცდილობდი დამეწერა რაც მაინტერესებდა და ამაში ექიმები მეხმარებოდნენ. მაშინ ლაპარაკი არ შემეძლო იმის გამო, რომ ტრაქეაში მილი მქონდა ჩადგმული. პირველი ის ვიკითხე, სად ვარ-მეთქი? - არაფერი გახსოვს, რა მოხდაო? დავწერე - "არა". შემდეგ მითხრეს, რომ ავარიაში მოვყევი, როცა დაბადების დღიდან მოვდიოდი. დავსვი კითხვა: "როდის მოვყევი ავარიაში?" და როდესაც მითხრეს დრო, - წითელი მუსტანგით მოვყევი ავარიაში-მეთქი? როცა გავიაზრე, რაც მოხდა, ისტერიკული ტირილი ამიტყდა და ამის შემდეგ პირველი კითხვა იყო: "როგორ არიან დანარჩენები?" ეს ამბავი პირველმა ვინც გამაგებინა, იყო ერთ-ერთი ექთანი რუსკა, რომელსაც ძალიან მივეჯაჭვე, სულ მას ვკითხულობდი და ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. სხვა ექთანებთან და ექიმებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს...წაიკითხეთ სრულად

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლით:

#GE12TB7113845068100026 - თიბისი ბანკი, მიმღები შორენა ზიზიაშვილი

#GE62BG0000000162441132 საქართველო მიმღები მარიამ ტატანაშვილი

GE87CD0360000025881699 კრედო ბანკი მიმღები შორენა ზიზიაშვილი