ავტორი:

"ბუბასთან ერთად ირა საზოგადოებაში არასოდეს ჩნდებოდა, უკიდეგანო თავისუფლებას აძლევდა" - ბუბა კიკაბიძეს 84 წელი შეუსრულდა: რას ჰყვებიან მისი მეგობრები და სად ხვდება იუბილეს?

"ბუბასთან ერთად ირა საზოგადოებაში არასოდეს ჩნდებოდა, უკიდეგანო თავისუფლებას აძლევდა" - ბუბა კიკაბიძეს 84 წელი შეუსრულდა: რას ჰყვებიან მისი მეგობრები და სად ხვდება იუბილეს?

ბუბა კიკაბიძეს დღეს 84 წელი შეუსრულდა... პროდიუსერის რატი აბზიანიძის თქმით, ლეგენდარული არტისტი თავის დაბადების დღეზე ბათუმში კონცერტს გამართავს, პანდემიური პაუზის შემდეგ... კონცერტი საქველმოქმედოა, შემოსული თანხით უკრაინის ომში დაზარალებულებს დაეხმარებიან...

ბუბა კიკაბიძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ნანი ბრეგვაძე საუბრობს:

- ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ბუბა იყოს ჯანმრთელი, მის ირგვლივ სიმშვიდე, სიწყნარე და სიყვარული იყოს, რომელიც მან თავისი ცხოვრების მანძილზე დაიმსახურა... მისი შემოქმედებითი გზა ზენიტში ასული იყო და ბუბას სახელი სულ დარჩება, მასზე რანაირადაც არ უნდა ილაპარაკონ. ვიცით, რომ არის სხვადასხვა აზრი... მთელი ცხოვრება, რაც ერთად ვიყავით და დღესაც ვართ, მისი ცუდი საქციელი არასოდეს შემიმჩნევია. სიკეთით სავსე ადამიანია და ცხოვრებაში ვისაც რამე დაჭირვებია, ბუბა კიკაბიძე ყოველთვის მის გვერდით იყო! დაწყებული თუნდაც ჩემგან...

- ერთხელ თქვენზე თქვა, ქალბატონი ნანი ჩემი დაც არის, ძმაც და ყველაფერიო...

- დიახ, ზუსტად ასეა! ძალიან დიდი სიახლოვე გვაქვს... ანსამბლ "ორერას" ყველა წევრი ჩემთან ძალიან ახლოს იყო, ჩვენ, ფაქტობრივად, ერთი ოჯახი ვიყავით, რადგან 15 წელი ერთად გავატარეთ და ეს ძალიან დიდი დროა... ანსამბლის წევრებს ერთმანეთში არასოდეს გვქონია უსიამოვნება! ბუბა თავისი ნიჭიერებით ყველასგან გამოირჩეოდა. სცენაზე რომ გამოვიდოდა, იმდენად დიდი შინაგანი ხიბლი ჰქონდა, სულ რომ არ ემღერა, აბსოლუტურად ყველა დატყვევებული იყო და დღესაც ასეა: ერთად სადაც უნდა წავიდეთ, მის ირგვლივ რაც ხდება, ამის აღწერა ძალიან ძნელია... ამას ძალით კი არ აკეთებს, თავისით მოდის ყველაფერი.

იღბალიც ძალიან ბევრს ნიშნავს. შეიძლება ნიჭიერიც იყო, კარგი შესახედავიც, მაგრამ ასე ყველაფერი ვერ მოგდევდეს... ხალხის სიყვარულს ძალიან დიდი დამსახურება უნდა! არაფერი არ უნდა შეგეშალოს, ხალხმა რომ შეგიძულოს... ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს ხალხს! ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და შენ თუ მე არ მიმიღე, რად მინდა ასეთი შემოქმედება ან ცხოვრება?! მართალია, შენი მეგობრები გყავს და შენი ოჯახი, მაგრამ რასაც აკეთებ, უნდა დაგიფასდეს! ხალხის სიყვარული თუ არ გაქვს, ყველაზე უბედური ადამიანი ხარ!

ბუბა კიკაბიძისნაირი ადამიანი ძალიან იშვიათია... სწორედ მისი ნიჭისა და ხიბლის გამო გადაიღეს ამდენ ფილმში. იგი მიიწვია უდიდესმა რეჟისორმა - გია დანელიამ და ბუბამ კინოში სერიოზული სათქმელი თქვა. რომელ საზოგადოებაშიც უნდა ვყოფილიყავით, ბუბა იყო ცენტრი! მისგან გამორიცხულია ამპარტავნობა, მე ეს და ეს ვარო... ნებიმიერ ადამიანს ისე ელაპარაკება, როგორც თანატოლს. არ ვიცი, მეტი რა უნდა ვთქვა, ბუბა იმდენად გამორჩეულია ჩემთვის... ბევრი მეგობარი მყავდა და მყავს, ჩემ გარშემო უკეთილშობილესი ადამიანები ყოველთვის იყვნენ. სხვანაირს, ალბათ, მე ვერ გავუძლებდი ან მე ვერ გამიძლებდნენ!

- წელს მისთვის სევდიანი იუბილეა, რადგან მეუღლე გარდაეცვალა...

- დიახ, მეუღლე დაკარგა, რომელიც ყველანაირად გამორჩეული იყო... როდესაც ბუბას გადაღებები ჰქონდა, მე და ბუბას მეუღლეს - ირას სულ ერთად გვიწევდა ყოფნა. იგი, მოგეხსენებათ, შესანიშნავი ბალერინა იყო... ბუბა ჯერ კიდევ დამწყები მომღერალი იყო, მაგრამ ირა შორსმხედველი ადამიანი იყო და წინასწარ განჭვრიტა, რამდენად ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანს დაუკავშირა ცხოვრება. მიხვდა, ბუბას სახით მის ცხოვრებაში რამდენად დიდი სიმდიდრე გამოჩნდა! მათ ერთად არაჩვეულებრივად იცხოვრეს...წაიკითხეთ სრულად