ავტორი:

"მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო..." - კარლ ჰარცელის ქართული მისია: პრობლემები, დიდი მხარდაჭერა და ჩვენებურად ამღერებული შვედი დიპლომატი

"მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო..." - კარლ ჰარცელის ქართული მისია: პრობლემები, დიდი მხარდაჭერა და ჩვენებურად ამღერებული შვედი დიპლომატი

კარლ ჰარცელი საქართველოს ემშვიდობება. 4-წლიანი მისიის შემდეგ შვედი დიპლომატი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობას ტოვებს.

"დადგა ის დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით. დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის..." - განაცხადა მან გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, წინ არაერთი ბრძოლაა...

"გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში.

თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის“, - ამბობს კარლ ჰარცელმი გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.

  • ბიოგრაფია მოკლედ

კარლ ჰარცელი 1967 წლის 4 მაისს, სტოკჰოლმში დაიბადა .1992 წელს იყო აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის სტოკჰოლმის ინსტიტუტის მკვლევარი. 1993-1996 წლებში მუშაობდა შვედეთის შეიარაღებული ძალების შტაბში. 1996 წელს მუშაობდა შვედეთის თავდაცვის სამინისტროში, უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში. 1997-1999 წლებში მუშაობდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში. 1999-2005 წლებში იყო ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის/ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ხავიერ სოლანას კაბინეტის ევროკავშირის პოლიტიკის განყოფილების წევრი. 2005-2011 წლებში იყო საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში წარმომადგენლის მოადგილე, შვედეთის მუდმივი წარმომადგენლობა ევროკავშირში. 2011-2012 წლებში იყო ვაიომინგის უნივერსიტეტის საპატიო მოწვეული პროფესორი. 2012-2013 წლებში იყო საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის კაბინეტის წევრი. 2013-2014 წლებში ჰარცელი იყო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი. 2014-2018 წლებში იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის უფროსი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2018 წლიდან იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი.

  • მისია საქართველოში

შეიძლება ითქვას, რომ კარლ ჰარცელისთვის ბოლო 4 წელიწადი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა კორონავირუსული პანდემია და პოლიტიკური კრიზისი საქართველოში - მის საქმიანობას ნამდვილად არ აადვილებდა. აღსანიშნია, რომ სწორედ მისი დიდი ძალისხმევის შედეგიც იყო ის მასშტაბური დახმარება ევროკავშირიდან, რომელიც საქართველომ პანდემიასთან გასამკლავებლად მიიღო.

ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად მოხერხდა 2 მილიარდ ლარზე მეტის მობილიზება. ეს მოიცავდა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის უშუალო მხარდაჭერას, რომელსაც ევროკავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს 2 მილიონ ერთეულზე მეტი სამედიცინო აღჭურვილობის მიღებაში დაეხმარა.

გარდა ამისა, ევროკავშირის დახმარებით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოების განახლებისთვის გამოყო დაფინანსება. საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინები COVAX-ის საშუალებით, რომლის უდიდეს მხარდამჭერსაც ევროკავშირი წარმოადგენდა. ეს მხარდაჭერა გაცილებით უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე მხოლოდ სამედიცინო სფერო. პანდემიით გამოწვეული სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, ევროკავშირმა პირდაპირი ფინანსური დახმარება გაუწია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დახმარებას ისახავდა მიზნად. ევროკავშირის მიერ დაფინანსდა ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა ისინი დახმარებოდნენ ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიცაა: ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებზეც COVID-19-ით გამოწვეულმა ვითარებამ განსაკუთრებით იმოქმედა.

ევროკავშირმა ასევე დამატებითი დაფინანსება გამოყო კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამებისთვის, რათა ხელი შეეწყო ბიზნესისთვის პანდემიის კრიზისის დაძლევაში.

კარლ ჰარცელი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში. სწორედ მისი და ევროპელი დიპლომატების საშუალებით გახდა შესაძლებელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა, რის შემდეგაც პარლამენტი მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად ამუშავდა.

გარდა ამისა, ის მუდმივად ცდილობდა საქართველოს პოპულარიზაციას. იყო აქტიური მხარდამჭერი კამპანიისა #spendyoursummeringeorgia ("გაატარე ზაფხული საქართველოში"), რომელიც 2019 წელს, რუსეთის მიერ საქართველოში ავიარეისების გაუქმების შემდეგ დაიწყო. მოკლედ, შვედი დიპლომატისთვის ჩვენც გვაქვს მადლობა სათქმელი.

  • ამღერებული დიპლომატი

კარლ ჰარცელმა ქართველების გული ყველაზე მეტად სიმღერით მოიგო. მან, მეუღლესთან მეტე ჰარცელთან და მუსიკოს ზაზა ხუციშვილთან ერთად, ჯერ იაკობ ბობოხიძის "ფიფქებით" მიულოცა საქართველოს 2021 წელი, შემდგომ კი გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლები" გიორგი უშიკიშვილთან ერთად იმღერა. გარდა ამისა, მუსიკოსმა ზაზა ხუციშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩაწერა სიმღერა "სადღაც ჰორიზონტზე“ . კომპოზიციის პრემიერა შედგა "პირველი არხის“ გადაცემაში "აკუსტიკა“, სადაც ჰარცელი დასარტყამ ინტუმენტთან ვიხილეთ.

  • ვინ შეცვლის კარლ ჰარცელს?

8 ივნისსს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა.

პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატს ხელმძღვანელობდა. მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.