ავტორი:

"გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობაზე ორჯერ მეტია" - ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობის შემცირებაზე საუბრობენ - როგორია სტატისტიკური მონაცემები

"გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობაზე ორჯერ მეტია" - ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობის შემცირებაზე საუბრობენ - როგორია სტატისტიკური მონაცემები

ოკუპირებული აფხაზეთში შობადობის შემცირებაზე საუბრობენ და ასევე ამბობენ, რომ ახალდაბადებულთა შორის აფხაზი ეთნოსის წილი ადრინდელთან შედარებით შემცირებულია. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტატისტიკა ასე გამოიყურება. 2022 წლის პირველ ნახევარში დაიბადა 341 აფხაზი, 70 სომეხი, 63 ქართველი, 40 რუსი და ხოლო დანარჩენი, სხვა ეროვნების.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, შობადობის შემცირების ტენდენცია წლებია გრძელდება. ადგილობრივი მედია წერს, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში 550 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წლებთან შედარებით, ნაკლებია. 2020 წლის პირველ ნახევარში 700 მდე ბავშვი დაიბადა, 2021 წელს კი - 611.

"ამის პარალელურად, აფხაზეთში, სტატისტიკურად, გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობაზე ორჯერ მეტია. თუ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ახალშობილთა რაოდენობა 550-მდეა, გარდაცვალებულთა რაოდენობა 1200-ს უახლოვდება.

2014 წელს აფხაზეთში გარდაცვლილზე 537-ით მეტი ადამიანი დაიბადა. 2019 წელს კი, ახალდაბადებულსა და გარდაცვლილს შორის სხვაობა სულ 34 ადამიანი იყო", - წერს გამოცემა.

რეგიონის მოსახლეობის ნაწილის თქმით, ეს ზუსტი მონაცემი არ არის, არის შემთხვევები, როდესაც მშობიარე ქალები, რომელთაც მატერიალურად შეძლებული ოჯახები ჰყავთ, სოჭში ან ადლერში მიდიან და შემდეგ ბრუნდებიან აფხაზეთში. შესაბამისად, ისინი "აფხაზეთის ჯანდაცვის აღრიცხვაზე არ იმყოფებიან."

ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები, აფხაზების შემთხვევაში ძალიან ცოტაა, რუსეთის კლინიკებში სამშობიაროდ ძირითადად თავად რუსები და სომხები მიდიან, რადგან ადგილობრივი მომსახურება არ აკმაყოფილებთ.

"მაინც მგონია, რომ შობადობა მეტია, უბრალოდ, ოჯახებს ფეხმძიმე ქალები რუსეთში მიჰყავთ, სხვადასხვა მიზეზის გამო, უკეთესი სამედიცინო მომსახურების გარდა, ისინი რუსეთისგან "დედის კაპიტალს", ერთგვარ ფულად დახმარებას იღებენ და შემდეგ ბრუნდებიან", - წერს ვიოლა შენგელია.

სხვების თქმით, შობადობის შემცირება, გასაკვირი სულაც არ არის, რადგან დღე არ გავა, აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე ადამიანი არ შეეწიროს.

"ვითარება იმდენად უკონტროლო გახდა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა სტატისტიკის წარმოება და გამოქვეყნება შეწყვიტეს. თუმცა, "შსს"-ს საიტზე თითქმის ყოველ დღე ვიგებთ, რომ ვიღაც სადღაც დაილეწა, გადავარდა, შემხვედრ მანქანას ან განათების ბოძს დაეჯახა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ვინც გადარჩა, ცხოვრებას ან აგრძელებს, ან ვერა. ერთბაშად ისეთი განვითარებული მედიცინა არ გვქონდეს, რომ სრულფასოვნად უმკურნალონ", - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"ავტოსაგზაო შემთხვევების კვალდაკვალ, არ გამოგვრჩეს ნარკო და ალკოდამოკიდებული ადამიანები. იმ გარდაცვლილთა სტატისტიკაში უმეტესობა ახალგაზრდაა, რომელიც "თეთრი სიკვდილის" მსხვერპლი გახდა, ანუ ზედოზირებას შეეწირა. ამ ბოლო ხანებში იმატა უშვილო წყვილებმაც, რისი საფუძველიც, ისევ და ისევ, არაჯანსაღი ცხოვრების წესია. მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებია არ არის, ინალ არძინბა კი, არასამთავრობოებს დასდევს, აგენტები არიანო. ძალიან ცუდ გზას ვადგავართ", - მიაჩნია სვეტალანა დბარს.