ავტორი:

"სიახლეს ვერ გვთავაზობენ, გაუგებარ ფურცლებს აფრიალებენ - ფანტაზიაც არ ჰყოფნით" - ირაკლი კობახიძე არასამთავრობოების კვლევაზე

"სიახლეს ვერ გვთავაზობენ, გაუგებარ ფურცლებს აფრიალებენ - ფანტაზიაც არ ჰყოფნით" - ირაკლი კობახიძე არასამთავრობოების კვლევაზე

"ზუსტად იგივე მასალები "ნაცმოძრაობის” კუთვნილმა მედიამ დადო, თუ არ ვცდები 2 წლის წინ, ან შარშან, ან შარშან წინ, ანუ ამ კაცმა [სოსო გოგაშვილმა] ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა, იგივე რაღაც გაუგებარი დოკუმენტებია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების, "სამართლიანი არჩევნებისა“ და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას, რომელიც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა.

  • ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოქვეყნებული ფაილები არავითარ სიახლეს არ გვთავაზობს და ამას ერთადერთი ახსნა აქვს, "ქართული ოცნება“ არაფერს არ აფუჭებს.

"ვერავითარ სიახლეს ვერ გვთავაზობენ და ამას აქვს ერთადერთი ახსნა, ახსნა არის ის, რომ ჩვენ არაფერს არ ვაფუჭებთ, ამიტომ ვერ დებს ვერავინ ვერავითარ მამხილებელ მასალას, ვერავითარ კომპრომატს, ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ფრიალი ხდება "ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან, ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის ეგიდით, ეს არის და ეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, რადგან სინამდვილეში არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და სამართლიანად.

"წინა არჩევნების წინ რაღაც მსგავსი დოკუმენტები იქნა გავრცელებული "ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიების მიერ, ზუსტად იგივე და ახლაც იმავეს ატრიალებენ. ვიღაცამ რაღაც დოკუმენტები მოიგონა და ამას ატრიალებენ და ფანტაზიაც არ ყოფნით, რომ თუნდაც განსხვავებული დოკუმენტები შეადგინონ. სინამდვილეში არჩევნები ჩატარდა სათანადოდ, სამართლიანად და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ექნებოდათ საპირისპირო მტკიცებულებები, თუმცა იმიტომ არ აქვთ მტკიცებულებები, რომ არჩევნები სათანადოდო ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.