ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკრაინელები კარგად აცნობიერებენ, რა ხდება და ხედავენ პანიკას რუსეთის არმიაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
"რუსეთის არმიამ, როგორც კი ჩვენი HIMARS გამოჩნდა, პანიკა დაიწყო. რატომ? თავდასხმის ქვეშაა ლოჯისტიკური ცენტრები და საბრძოლო მასალები, თავდასხმის ქვეშაა ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები. ეს ყველაფერი იწვევს რუსი ოკუპანტების პანიკას. ამ ყველაფერს გრძნობენ ადგილზე მყოფი ადამიანები. მათ ესმით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება“, - განმარტა პოდოლიაკმა.
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს თავისი ტერიტორია.
"მხოლოდ შეიარაღებული საშუალებებით. არავითარი დიპლომატია, არავითარი მინსკის ახალი ფორმატები არ დაგვეხმარება. ეს არის მთავარი და ეს უნდა გავიგოთ. უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ სამხედრო საშუალებებით დავამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციას არც ლეგალური, არც დეფაქტო, არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს ამ ტერიტორიებზე გავლენის მოსახდენად“, - ხაზგასმით აღნიშნა პოდოლიაკმა.