ავტორი:

ინდოეთის ისტორიაში მეორედ, ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდა: ვინ არის დრაუპადი მურმუ? - ქალი რთული პირადი ცხოვრებით და პედაგოგის განათლებით

ინდოეთის ისტორიაში მეორედ, ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდა: ვინ არის დრაუპადი მურმუ? -  ქალი რთული პირადი ცხოვრებით და პედაგოგის განათლებით

ინდოეთის პრეზიდენტად 64 წლის დრაუპადი მურმუ აირჩიეს. CNN-ის ცნობით, ორშაბათს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4500-ზე მეტმა დეპუტატმა, ხმების დათვლა კი ხუთშაბათს მოხდა. შედაგად, ინდოეთის ახალ პრეზიდენტად გამოცხადდა ნაციონალ-დემოკრატიული ალიანსის კანდიდატი, დრაუპადი მურმუ. ის იქნება მეორე ქალი ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა და ქვეყნის პირველი მეთაური, რომელიც მცირე ტომების წარმომადგენელია. ის სანტალების ტომის, მუნდის ეთნოსის უმსხვილეს ტომს წარმოადგენს, რომელიც ისტორიულად სოციალურად სუსტ ჯგუფს მიეკუთვნება.

მოქმედ პრეზიდენტს, რამა ნახტა კოვინდას პრეზიდენტობის ვადა 24 ივლისს იწურება. მურმუ კი ფიცს 25 ივლის დადებს. მურმუ 64 წლისაა. ის გახდება ინდოეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყნის მიერ 1947 წელს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიბადა. მან ხელოვნება ისწავლა უნივერსიტეტში და მასწავლებლად მუშაობდა, ვიდრე 20 წლის წინ პოლიტიკაში ჩაებმებოდა. ის იყო რეგიონული მთავრობის მრჩეველი, ასევე ერთ-ერთი შტატის პარლამენტის წევრი. 2015 წელს ის გახდა ჯარკხანდის შტატის პირველი ქალი გუბერნატორი.

როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, მას საკმაოდ მძიმე პირადი ცხოვრება ჰქონდა. პრეზიდენტი ქვრივია, მისი მეუღლე ჩიამ შარან მარმუ, რომელიც ბანკის თანამშრომელი იყო, 2014 წელს გარდაიცვალა. ქალს გარდაცვლილი ჰყავს ორი ვაჟი. მისი ქალიშვილი ითიშრე მარმუ, მამის მსგავსად, ბანკში მუშაობს.

ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად

ინდოეთში პრეზიდენტს უფრო ცერემონიული ფუნქცია აქვს, მაგრამ ამავე დროს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია. ამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს აქვს მინიჭებული ფართო აღმასრულებელი ძალაუფლება, მაგრამ პრეზიდენტი მთავარ როლს თამაშობს პოლიტიკური კრიზისის პირობებში. ის ასევე ამტკიცებს მთავრობის დადგენილებებს.